ლუის სუარესმა და ლეო მესიმ ურუგვაიში კლუბი დააარსეს
ბარსელონას ყოფილმა და ინტერ მაიამის ამჟამინდელმა ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ურუგვაიში პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დააარსა. სუარესმა აღნიშნული ამბავი თავის სოციალურ ქსელში გამოაცხადა, მისი თქმით, ამ პროექტს ლეო მესისთან ერთად გაუძღვება.
ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განმარტა, რომ გუნდს, რომელიც ადრე დეპორტივო LS სახელით იყო ცნობილი, ახლა დეპორტივო LSM დაერქმევა და პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს ურუგვაის მეოთხე დივიზიონში დაიწყებს.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა როლი ექნება მესის პროექტში, თუმცა ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ ის პარტნიორი იქნება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალვარო რეკობა, ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და ინტერ მილანის ყოფილი ფეხბურთელი, გუნდის მწვრთნელი იქნება.