მეტოქეობა, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
ფეხბურთის ისტორიაში ბევრი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტის გახსენება შეიძლება. მაგრამ მესისა და რონალდუს დაპირისპირება ის მოვლენაა, რომლის მსგავსი არც წარსულში გვინახავს და რთული წარმოსადგენია, მომავალში გამეორდეს. მოთამაშეები, რომლებიც ორი ათწლეულის განმავლობაში დომინირებდნენ და საფეხბურთო მწვერვალზე ერთმანეთის პარალელურად თანაარსებობდნენ.
კრიშტიანუსა და ლეოს პირველი გადაკვეთა 2008 წლის 23 აპრილით თარიღდება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს ბარსელონა და მანჩესტერ იუნაიტედი შეხვდნენ. ის ნახევარფინალი "წითელმა ეშმაკებმა", ორი მატჩის ჯამში, პოლ სქოულზის ერთადერთი, ულამაზესი გოლის წყალობით მოიგეს. ამას მოსდევს 2009 წლის 27 მაისი და "ოლიმპიკოზე" გამართული ფინალი, სადაც გამარჯვება, უკვე მესის დარჩა. ლეომ, ამ ფინალში, თაური დარტყმით, შთამბეჭდავი გოლიც გაიტანა.
ამის შემდეგ რონალდუ მადრიდის რეალის წევრი ხდება და პლანეტის ორი საუკეთესო ფეხბურთელი ერთმანეთს უკვე მოსისხლე მეტოქე გუნდების მაისურებით ეპაექრებიან. არგენტინელმა და პორტუგალიელმა ლეგენდებმა, ერთმანეთის წინაღმდეგ, 30 "ელ კლასიკო" ითამაშეს. მესიმ 14-ჯერ მოიგო, რონალდუმ 8-ჯერ. ხოლო 8 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამ დაპირისპირებებში, ლეომ 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა, რონმალდუმ კი, 18 გოლსა და ერთ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. ყველაზე სახასიათო "ელ კლასიკოები" 2017 წლის 23 აპრილსა და 13 აგვისტოს გაიმართა. ერთში ბარსელონამ "ბერნაბეუზე", ხოლო რეალმა "კამპ ნოუზე" მოიგო. ორივე შემთხვევაში, მესიმ და რონალდუმ, გატანილი გოლების შემდეგ, მაისურები რეალის ქომაგებისა და ბარსელონას გულშემატკივრების წინ საკმაოდ პროვოკაციულად და ერთგვარი ნიშნის მოგებითაც აღმართა.
საინტერესოა აგრეთვე იმ ფეხბურთელების პოზიციაც, რომლებსაც მესისთან და რონალდუსთან ერთად უთამაშიათ.
The biggest debate in modern football... who's the GOAT: Cristiano Ronaldo or Lionel Messi? 🤔 pic.twitter.com/pXL7VCdcmW
— BBC Sport (@BBCSport) June 5, 2026
თქვენ თუ იმის მტკიცებულება გჭირდებათ, რას ნიშნავს მათთვის ერთმანეთის დამარცხება, შეგიძლიათ ამ კადრებს უყუროთ. - გილიე ბალაგე
ორი ასეთი ფეხბურთელი, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთის მთავარი კონკურენტები იყვნენ. ყოველწლიურად ოქროს ბურთს ეცილებოდნენ ერთმანეთს და უამრავი გოლი გაჰქონდათ. არამგონია, მსგავსი რამ კიდევ ვნახოთ. ორივემ შეცვალა ფეხბურთი. - ანხელ დი მარია
ისინი განსაკუთრებულები არიან და სრულიად განსხვავდებიან ყველა დანარჩენისგან. მათ პერიოდში ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობდა, მაგრამ ერთსა და იმავე დონეზე თითქმის 20 წელი ითამაშო? - ეს არანორმალურია. - დეკო
მესი და რონალდუ კარიერაში სარეკორდო, მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. თავის ნაკრებში ორივე ბომბარდირია. მესის 198 თამაშში 116 გოლი და 61 საგოლე გადაცემა (რეკორდი) აქვს შესრულებული. კრიშტიანუმ კი 227 შეხვედრაში 143 გოლი გაიტანა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია, სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით. მესის მუნდიალზე 26 მატჩში 13 გოლი და 8 ასისტი აქვს. ჯამში, 21 საგოლე მოქმედება, რითაც პელეს გაასწრო (12 გოლი, 8 საგოლე გადაცემა).
ლეო ახლოსაა მიროსლავ კლოზეს რეკორდის მოხსნასთანაც, რომელსაც მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი - 16 გოლი აქვს გატანილი. ამ რეკორდის მოხსნასთან ახლოსა კილიან მბაპეც (12 გოლი). რაც შეეხება რონალდუს, მან მუნდიალზე 22 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, მაგრამ ვერც ერთი პლეი-ოფში. მესი და რონალდუ, აგრეთვე, ერთადერთი ფეხბურთელები არიან ისტორიაში, რომლებსაც კარიერაში 900 + გოლი აქვთ გატანილი. მესი (910), რონალდუ (973),
მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ დაიწყება. მსოფლიო ფეხბურთის ორი ლეგენდა კი ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე, დიდი ალბათობით, უკანასკნელად იასპარეზებს.