ლუის ენრიკე: „მართალია, პენალტების სპეციალისტი გვაკლია“
ლუის ენრიკემ აღიარა, რომ პარი სენ-ჟერმენს პენალტების შესრულების პრობლემა აქვს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ სტრასბურგთან ლიგა 1-ის მატჩის შემდეგ ისაუბრა, რომელშიც უსმან დემბელემ თერთმეტმეტრიანი კვლავ ვერ გამოიყენა. პსჟ-მ შეხვედრა 3:1 მოიგო, ხვალ კი პარიზული გუნდი ბარსელონას დაუპირისპირდება.
„ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელსაც პენალტის კარგად შესრულება შეუძლია, თუმცა ერთი კონკრეტული მოთამაშე გვაკლია. მიუხედავად ამისა, ვიტინიას, უსმანსა და სხვებს თერთმეტმეტრიანის შესრულება შეუძლიათ“ - ლუის ენრიკე
ფერან ტორესის მიერ გაფუჭებულ პენალტს რამდენიმე დღეში დემბელეს შეცდომა მოჰყვა სტრასბურგთან შეხვედრაში. ჩემპიონთა ლიგაზე ესპანელის დარტყმა ჯანლუიჯი დონარუმამ მოიგერია, შეხვედრა კი პარიზული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
პენალტი ვერ გამოიყენა დეზირე დუემაც ლე მანთან მატჩში, რომელიც პსჟ-მ 3:1 მოიგო. იმავე შეხვედრაში ლუკას ბერალდუმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, თუმცა გაცუდებული დარტყმების რაოდენობა კვლავ იზრდება.
ამ ჩამონათვალში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მაისურით ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში პენალტი ვერ გაიტანა. შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
პსჟ-ს ამ მხრივ წარმატებული გამოცდილებაც აქვს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, არსენალთან პენალტების სერიაში, გონსალუ რამუშმა, დეზირე დუემ, აშრაფ ჰაკიმიმ და ლუკას ბერალდუმ თავიანთი დარტყმები ზუსტად შეასრულეს და პარიზულ კლუბს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარნენ.