ლუჩიანო მოჯი: "კვარაცხელია 100 მილიონზე მეტი ღირს"
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მმართველმა, ლუჩიანო მოჯიმ "ნაპოლისა" და "იუვეს" დაპირისპირების შემდეგ ნეაპოლური კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობისა და ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ფეხბურთელებისთვის კონკრეტული ფინანსური ღირებულებების მინიჭება არასდროს არის სამართლიანი, რადგან ის შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე დასახელებული ფასია. ჩემი აზრით, კვარაცხელია იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე 100 მილიონია. თუ ლუკაკუს სანაცვლოდ 100 მილიონი მიიღეს, რომელმაც ბურთის ჩაჭრაც კი არ იცის, მაშინ ასეთი ტექნიკური ფეხბურთელების უნარ-ჩვევები გაცილებით მეტად უნდა ფასობდეს.
პარასკევს, მატჩის შემდეგ, მე აურელიანო დე ლაურენტისს შეტყობინება გავუგზავნე იმის გამო, რომ გამარჯვება მიმელოცა, თუმცა ამაზე მეტად იმის გამო, რომ მეთქვა, თუ რა ძლიერად მართავს ის კლუბს ამ ისტორიულ მომენტში", - თქვა ლუჩიანო მოჯიმ.
ხვიჩა კვარაცხელიამ წინა ტურში, რომელიც სერია A-ს მიმდინარე სეზონში რიგით მე-18 იყო, ტურინის “იუვენტუსთან” – 5:1 მოგებულ შეხვედრაში გოლისა და ორი საგოლე პასის ავტორი გახდა.
რაც შეეხება, თავად “ნაპოლის” იტალიის სერია A-ში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “მილანთან” 9-ქულიანი უპირატესობით, ერთპიროვნულად ლიდერობს.