Belive

კვარაცხელია პსჟ-ს შეკრებაზე თავიდანვე იქნება - სხვებს შვებულება ახლა დაეწყოთ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელების დაბრუნებას ეტაპობრივად გეგმავს, თუმცა მოსალოდნელია, რომ 2026/2027 წლების სეზონის პირველ ორ ოფიციალურ მატჩში, პარიზელებს მრავალი წამყვანი მოთამაშე დააკლდებათ.

ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული ფანტასტიკური დუბლისა და ლიგა 1-ის მე-14 ტიტულის შემდეგ, პსჟ ტრიუმფის გაგრძელებას შეეცდება, თუმცა როდესაც 27 ივლისს ლუის ენრიკე გუნდს ვარჯიშზე შეკრებს, მის განკარგულებაში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი იქნება. როგორც Le Parisien იტყობინება, წინასასეზონო სამედიცინო შემოწმებას მხოლოდ ის მოთამაშეები გაივლიან, რომლებსაც 2026 წლის მუნდიალზე არ უთამაშიათ.

მართალია, პირველ ვარჯიშებზე ხვიჩა კვარაცხელია, ლუკას შევალიე, დრო ფერნანდესი, ლუკას ბერალდო, სენი მაიულუ და მატვეი საფონოვი გამოცხადდებიან, თუმცა ძირითადი გუნდიდან მხოლოდ ესაა. მუნდიალის მონაწილეები შვებულებიდან მოგვიანებით დაბრუნდებიან და ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრებს გამოტოვებენ.

შემოკლებული არდადეგებიც კი არ მისცემთ ფეხბურთელებს შანსს, რომ მოედანს 8-9 აგვისტომდე დაუბრუნდნენ. შესაბამისად, გამოცემის ცნობით, ის 7 ფეხბურთელი, რომლებმაც მუნდიალზე ბოლო უქმეებამდე იასპარეზეს, მზად ვერ იქნებიან 12 აგვისტოს ასტონ ვილასთან უეფას სუპერთასის მატჩისთვის და ვერც 16 აგვისტოს ლანსთან გასამართი საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრისთვის.

სხვა სტატიები