კვარაცხელია: ,,არ მგონია, არსებობდეს ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის სკამიდან დაწყება უნდა''
16 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჩელსისთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,შესანიშნავი მატჩი გამოვიდა... ვეცადეთ, ბოლომდე გვეთამაშა და დიდებული სამუშაო შევასრულეთ. ჩელსისთან სამბურთიანი სხვაობით გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, არაფერი დასრულებულა და ასე უნდა გავაგრძელოთ. დღეს ბედნიერები ვართ, მაგრამ ხვლიდან მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
ვფიქრობ, გუნდურად ძალიან კარგად ვითამაშეთ. მაშინაც კი, როცა ანგარიში 3:2, 4:2 იყო, კვლავ გოლის გატანა გვსურდა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე.
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ზედმეტი თვითკმაყოფილება? ვიცით, რომ ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. უბრალოდ, მომდევნო მატჩისთვის 100%-ით უნდა მოვემზადოთ და ვეცადოთ, ლონდონშიც გავიმარჯვოთ. ვნახოთ, რა მოხდება.'' - ხვიჩა კვარაცხელია
კვარაცხელიასთან მოკლე ინტერვიუ ლეგენდარულმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმაც ჩაწერა:
შმეიხელი - პირველ რიგში, შენ მხოლოდ 30 წუთი დაგჭირდა იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყავი. 30 წუთი... 90 წუთის თამაში აღარ გჭირდება. თუმცა, თავიდან იმედგაცრუებული ჩანდი, რადგან თამაში ძირითად შემადგენლობაში არ დაიწყე, ეს კამერებმა დააფიქსირა. შემდეგ კი გამოხვედი და საუკეთესო იყავი. როგორი გრძნობაა?
კვარაცხელია - დიახ, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის სათადარიგოთა სკამიდან დაწყება უნდა. თუმცა, ვიცით, რომ შეტევაში ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, შესაბამისად, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. კონცენტრირებული ვიყავი, მნიშვნელობა არ აქვს, 10 წუთს ვითამაშებ თუ 90-ს, მინდა, რომ ყოველთვის 100% გავიღო. დღევანდელი მოგება ჩემი კი არა, მთელი გუნდის დამსახურებაა. საპასუხო მატჩის წინ, ჩელსი 3-ბურთიანი სხვაობით დავამარცხეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. -
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ჩელსის უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 მარტს (სამშაბათს ღამით), ლონდონში გაიმართება.