Belive

,,კვარა კიგანის კვალდაკვალ?'' - Onze Mundial ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში კვარაცხელიას შანსებს აფასებს

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგულმა გამოცემამ, Onze Mundial-მა, ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის დასახელების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა და მისი შანსები შეაფასა:

,,ისტორიული სეზონის შემდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებით დაგვირგვინდა, პარი სენ ჟერმენმა რამდენიმე მეფე აკურთხა. მათ შორის ევროტურნირზე ერთმა ადამიანმა განსაკუთრებით გაიბრწყინა - ხვიჩა კვარაცხელიამ თავის კარიერაში ახალ საფეხურს მიაღწია.

ევროტურნირზე ქართველი გარემარბი შეუჩერებელი იყო. პლეი-ოფში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა და სწორედ მან მოიპოვა ფინალში თერთმეტმეტრიანი. მისმა ფენომენალურმა თამაშმა კოლეგების პატივისცემა დაიმსახურა. ტონი კროოსი ხმამაღლა აცხადებს: „კვარა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო და ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდის საუკეთესო მოთამაშეა.''

მიუხედავად ამისა, მის წინაშე მთავარი დაბრკოლება დგას: საქართველოს არყოფნა მსოფლიო ჩემპიონატზე. ინდივიდუალურ დონეზე აღიარება მუნდიალის წელს ისე, რომ მასში მონაწილეობაც კი არ მიგიღია? ეს სრულიად წარმოუდგენლად ჩანს, განსაკუთრებით ლამინ იამალის ტრიუმფისა და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში კილიან მბაპეს ფანტასტიკური თამაშის ფონზე.

მაგრამ ისტორიას ყველაფერი ახსოვს. 1978 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა, კევინ კიგანმა უმაღლესი ჯილდო ჰამბურგთან ერთად ჩატარებული დიდებული სეზონის წყალობით მოიპოვა. თითქმის 50 წლის შემდეგ, გამეორდება თუ არა იგივე?

26 ოქტომბრამდე ყველაფერი კვლავ შესაძლებელია და კონკურენცია იმაზე დაძაბული იქნება, ვიდრე ოდესმე. ხმის მიცემისას, სანამ კვარას სახელს სიის სათავეში ჩაწერს, ზოგიერთი ჟურნალისტი არქივებს აუცილებლად გადაფურცლავს.

ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად გვევლინება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია, მისმა ევროპულმა შედეგებმა და პარიზულ ტრიუმფში შეტანილმა წვლილმა, შესაძლოა, მას საშუალება მისცეს, კევინ კიგანის მიღწევა გაიმეოროს.'' - წერს Onze Mondial

ოქროს ბურთის წლევანდელი, რიგით 70-ე საიუბილეო ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

სხვა სტატიები