Belive

ხავიერ ტებასი: "ჯერ მხოლოდ სექტემბერია და უკვე იმის მტკიცებას იწყებენ, რომ ჩემპიონატი ჩაწყობილია"

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდულ დერბიში ატლეტიკოს მიერ რეალის დამარცხებას (2:1) და არბიტრ მიგელ ანხელ ორტის არიასის სკანდალურ მსაჯობას საფეხბურთო სამყაროში ვნებათაღელვა არ ცხრება.

მატჩის დასრულებიდან 48 საათის შემდეგ, „სამეფო კლუბისა“ და პირადად ჟოზე მოურინიოს მხრიდან წამოსულ მწვავე პროტესტს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებული ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მკაცრად გააკრიტიკა.

„როცა ნეგრეირას საქმე არ არის, მსაჯს აბრალებენ; როცა მსაჯი არ არის - იმას, რომ ის საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი არ გახლავთ. ყველა კლუბის მატჩი შეიძლება გაუძღვეს როგორც საერთაშორისო, ისე არასაერთაშორისო მსაჯი. არავის აქვს უფლება, მსაჯები მოთხოვნის მიხედვით შეარჩიოს.

- ხავიერ ტებასი

ტებასმა ხაზი გაუსვა, რომ რეალი ჩემპიონატისთვის უმნიშვნელოვანესი გუნდი და ბრენდია, თუმცა კლუბის მხრიდან გაჟღერებული პოზიცია, თითქოს ლა ლიგა მათ გარეშე არაფერს წარმოადგენს, სხვა კლუბების, მათი ქომაგებისა და ისტორიისადმი უპატივცემულობაა, რადგან ტურნირი კერძო საკუთრება არ არის.

ტებასის შეფასებით, „რეალის“ მხრიდან მსაჯობაზე ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ თვალის ახვევაა, რათა სეზონის სტარტზე გუნდის თამაშში არსებული აშკარა ხარვეზები გადაიფაროს.

„იმის მტკიცება, რომ მსაჯები რეალის წინააღმდეგ არიან განწყობილნი - სხვა გალაქტიკაში ცხოვრებას ნიშნავს. ეს ნარატივი გამოიყენება როგორც ალიბი იმ ნაკლოვანებების დასაფარად, რომლებიც სეზონის პირველ შეხვედრებში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. შეთქმულების თეორიებზე მითითება ბევრად მარტივია, ვიდრე იმის ახსნა, თუ რა ხდება რეალურად მოედანზე“, - აღნიშნა ლა ლიგის პრეზიდენტმა

წერილის ბოლოს ხავიერ ტებასმა მადრიდელებს მოუწოდა, რეალობას თვალი გაუსწორონ.

„მოიხსენით თვალებიდან ვარდისფერი სათვალე! ჯერ მხოლოდ სექტემბერია და უკვე იმის მტკიცებას იწყებენ, რომ ჩემპიონატი ჩაწყობილია. საღად მოაზროვნე არცერთ ადამიანს ეს ძველი და გაცვეთილი გამართლებები აღარ სჯერა“. - ხავიერ ტებასი

შეგახსენებთ, რომ მადრიდულ დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ რეალი სატურნირო ცხრილში ლიდერ ბარსელონას უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

ლა ლიგის პრეზიდენტსა და სამეფო კლუბს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, ახლა კი მთავარი კითხვა ის არის, მოახერხებს თუ არა ჟოზე მორინიოს გუნდი სათამაშო კრიზისიდან თავის დაღწევას და მოედანზე პასუხის გაცემას, თუ საჩემპიონო რბოლაში ლიდერთან დისტანცია კიდევ უფრო გაზრდება.

სხვა სტატიები