იტალიის ერთ-ერთი წამყვანი სპორტული გამოცემა corrieredellosport-ი საქართველოს ნაკრების ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო ტრანსფერის დეტალების შესახებ წერს.
იტალიური წყაროს მეშვეობით ირკვევა, რომ მხარეებს შორის ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და სატრანსფერო ფასიც ცნობილია. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელის დამატება ნეაპოლიტანურ კლუბს 8 მილიონი ევრო დაუჯდება.
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინის" დატოვების შემდეგ "დინამო ბათუმის" მაისურით ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, "თელავის" წინააღმდეგ (1:0) მეორე ტაიმი სრულად ითამაშა, აჭარულ კლუბს კი უდიდესი ალბათობით ზაფხულის შემდეგ დატოვებს. კვარაცხელიამ შესაძლოა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მაისურით საერთაშორისო სარბიელზეც იასპარეზოს.