Belive

"ისტორიული დღის მოლოდინში" - ბერძენი ჟურნალისტის მოგზაურობა კვარაცხელიას სამშობლოში

11 თვის წინ ფეხბურთი
14 წთ

2024 წლის მარტში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უპრინციპულეს მატჩს გამართავს. ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველო ლუქსემბურგს უმასპინძლებს და მეტოქის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, უმნიშვნელოვანეს ფინალში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუხვდება.

თბილისში ყველა იმედოვნებს, რომ „ჯვაროსნები“ ლუქსემბურგს დაამარცხებენ და ევრო 2024-ზე საასპარეზოდ, უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.

პრინციპულ მატჩებამდე, საქართველოს ბერძენი ჟურნალისტი - აკის კაცუდასი ესტუმრა. დიახ, ის ბერძენი ჟურნალისტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ათენის პირდაპირ რეისზე აეროპორტში მისვლა დააგვიანა, რის გამოც იძულებული გახდა, რომ სამშობლოში სტამბოლის გავლით დაბრუნებულიყო. სწორედ ამ ვითარების შედეგად, აკისი ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა და ამ დაუვიწყარი მოგზაურობის შესახებ, აკისმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

აკისისა და ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრის შესახებ, ვრცელ სტატიას შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე გაეცნოთ.

ქართველ ვარსკვლავთან შეხვედრით ინსპირირებულმა ბერძენმა ჟურნალისტმა, თბილისში ჩამოსვლა და კვარაცხელიასა და საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვება გადაწყვიტა. შთაბეჭდილება კი საკმაოდ საინტერესო სტატიაში გაგვიზიარა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

საქართველო ისტორიული დღის მოლოდინშია

თბილისში ყველა იმედოვნებს, რომ საქართველო ლუქსემბურგს დაამარცხებს და ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ. დღემდე, არასდროს გვქონია იმის ფუფუნება, რომ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირზე გვეთამაშა. ვფიქრობ, ამ თაობას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს“ - აღნიშნავს, დიტო დოლიძე საქართველოს წამყვანი სპორტული მედია საშუალების belive-ს ხელმძღვანელი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობასთან 1 ნაბიჯი აშორებს. 2020 წლის 12 ნოემბერს, იმ დროს, როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძოდა, ერთა-ლიგის ფინალში, საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე წარიმართა, რაც საქართველოსთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა და საბოლოოდ „ჯვაროსნების“ მარცხით დასრულდა.

დღეისთვის, საქართველო რადიკალურად განსხვავებულ ვითარებაში იმყოფება. ეროვნული ნაკრები რიგ კომპონენტებში მკვეთრად გაძლიერდა და ლიდერის - ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით, საქართველო ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა.

უდიდეს პრობლემას ის გარემოება წარმოადგენს, რომ „ნაპოლის“ ვარსკვლავი ნახევარფინალში ვერ ითამაშებს, რადგან ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია აქვს. ეს ყველაფერი კი UEFA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე მოხდა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამორჩათ.

„ესპანეთთან გამართულ მატჩში, კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო. ტაბლოზე ამონათდა, რომ მიღებული ბარათის გამო, კვარა მომდევნო მატჩს გამოტოვებდა. მიუხედავად ამისა, არავინ ფიქრობდა, რომ კვარაცხელია ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებდა. თავდაპირველად, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კვარა ნახევარფინალში ითამაშებდა. როდესაც დადასტურდა, რომ კვარაცხელია მატჩს გამოტოვებდა, ბოდიში მოიხადეს, მაგრამ მომხდარს აღარაფერი შეცვლიდა“, - აღნიშნავს დიტო.

ლიდერი კვარაცხელია და „დინამო თბილისის“ ისტორია

„ის ჩვენი გუნდის ნახევარია. მთელი ჩვენი იმედები მასზეა დამყარებული. მის გარეშე ყველაფერი სხვაგვარადაა. ერთადერთი სასიხარულო ისაა, რომ ორივე მატჩს - ნახევარფინალსაც და ფინალსაც, თბილისში გავმართავთ“.

თბილისში სეირნობისას პრაქტიკულად ყველგან შეგხვდება ახალგაზრდა ვარსკვლავის გამოსახულება, რომელმაც საფეხბურთო უნარებისა და ნიჭის გამოვლენისს შედეგად, სრულიად მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მთელს ქალაქში შეხვდებით პოსტერებს, დროშებს, მაისურებსა და კედლებზე წარწერასაც კი - მთელ ქალაქში კვარაცხელიას ვხედავთ.

ისტორია, თუ როგორ დატოვა კვარაცხელიამ საქართველო და გახდა მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენი, ძალიან საინტერესოა. კვარაცხელიას ცხოვრების შესახებ, უფრო მეტის გასაგებად „დინამო თბილისის“ აკადემიას ვესტუმრეთ - ადგილს სადაც, კვარას საფეხბურთო კარიერა დაიწყო.

„დინამო თბილისი“ ქვეყნის წამყვანი საფეხბურთო კლუბია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონის 19 ტიტული მოიპოვა. კლუბი ასევე დაეუფლა 13 თასსა და 9 სუპერ თასს.

შესაძლოა დაახლოებით 20 წელია გასული მას შემდეგ, რაც გუნდმა ევროსარბიელზე იასპარეზა (2004/05 წლების ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი), მაგრამ გასული საუკუნის მიწურულს, „დინამო თბილისი“ უძლიერესი გუნდი იყო. 1981 წელს, გუნდმა თასების მფლობელთა თასის მოგება შეძლო. სიმბოლურია, რომ ტრიუმფისკენ მათი მსვლელობა „კასტორიას“ დამარცხებით დაიწყო - გუნდის, რომელიც რამდენიმე თვით ადრე, საბერძნეთის თასის გამარჯვებული გახდა.

გამარჯვების შედეგად, თბილისის ქუჩებში ატეხილი აჟიოტაჟი, საფესტივალო განწყობა და მხიარულება, ასევე ის დიდებული დახვედრა, რომელიც „დინამოს“ ფეხბურთელებს მოუწყვეს თითოეული ქართველის მოგონებებშია. ახალგაზრდებმა ამ ტრიუმფის შესახებ თავიანთი მშობლების მონაყოლიდან იციან.

„დინამო“ იმ დროის საფეხბურთო გიგანტი გახლდათ და ყველას უკვირდა, ქართული კლუბის ასეთი წარმატება. კლუბმა შეძლო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, რომელშიც სრულიად საბჭოთა კავშირის წამყვანი კლუბები ასპარეზობდნენ ორჯერ მოიგო, რაც უდიდეს სირთულეს უკავშირდებოდა. მამა ხშირად მიყვება იმ გასაოცარი მატჩების შესახებ. იხსენებს, რომ ხშირად სტადიონზე 100.000-ზე მეტი გულშემატკივარიც კი მიდიოდა. ფეხბურთი იმ დროისთვის გართობის ყველაზე დიდ საშუალებას წარმოადგენდა“

იმ დროის გამორჩეული ფეხბურთელები იყვნენ ალექსანდრე ჩივაძე, რომელიც 1980 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, დავით ყიფიანი - რომელზეც საუბრობდნენ, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახლდათ, მაგრამ საბჭოთა რეჟიმმა მას წასვლის უფლება არ მისცა და ახალგაზრდა ვიტალი დარასელია.

ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო, რომ სრულად გამოევლინა თავისი ფენომენალური საფეხბურთო უნარები, რადგან ახალგაზრდულ ასაკში, სულ რაღაც 25 წლის, ავტოავარიაში დაიღუპა. სიმბოლურია, რომ მას ისეთი ქარიზმა ჰქონდა, როგორიც კვარას და ბევრი ქართველი ამ ორ დიდებულ ფეხბურთელს ერთმანეთს ადარებს.

მოედანზე, სადაც „ნაპოლის“ ვარსკვლავი პირველ ნაბიჯებს დგამდა

მრავალი წელი გავიდა და თბილისში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ უცვლელია - „დინამო თბილისი“ კვლავ ტალანტების მთავარი სამჭედლოა. გუნდის ბაზა ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ეს არის უდიდესი ტერიტორია, რომელიც საფეხბურთო მოედნებს უკავია და რომელიც სავსეა სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელებით. რა თქმა უნდა, მსგავს რამეს ქვეყნის ყველა სტადიონზე ვერ ნახავთ, რადგან მათი უმრავლესობა ზამთრის პერიოდში დაკეტილია.

ამირანი, რომელიც სპორტული ჟურნალისტიკის პარალელურად, ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩების კომენტატორიცაა განმარტავს, რომ ქვეყანამ განსხვავებული სისტემა დანერგა და ადგილობრივი ჩემპიონატის კალენდარი, ევროპული ჩემპიონატების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავდება.

ქვეყნის ჩემპიონატი სრულდება დეკემბერში და ახალი სეზონი იწყება მარტში. ამას 2 ძირითადი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ზოგიერთი გუნდი თამაშობს მოედანზე, სადაც ზამთრის ცივ და სუსხიან თვეებში, გაზონის მოვლა ურთულესია და მოედანი არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. მეორე და უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, რათა გუნდები ზაფხულში კარგ სათამაშო ფორმაში იყვნენ და ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპს, კარგ ფორმაში შეხვდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს გარანტირებულ წარმატებას, რადგან უკანასკნელად ქართულმა კლუბმა ევროტურნირების ძირითად ეტაპზე, 20 წლის წინ იასპარეზა.

წლევანდელი დეკემბერი უჩვეულოდ თბილია. აკადემიის საფეხბურთო მოედნები ახალგაზრდა მოთამაშეებითაა სავსე. ეს ბავშვები საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობენ, რომელიც ამომავალი ვარსკვლავებისა და ტალანტების აღმოსაჩენად იმართება.

სურათი ბერძნულ რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა. ფანტასტიკური ამინდი, მშობლები შვილების თამაშს უყურებენ - ზოგჯერ არბიტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - ბავშვები კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაიმარჯვონ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანისთვის ხვიჩა კვარაცხელია ინსპირაციის წყაროა.

ამ ყველაფერს აკადემიის ხელმძღვანელი და მთავარი სკაუტიც აანალიზებენ, რომელთაცც პირველად აღმოაჩინეს კვარაცხელია და მასში უდიდესი პოტენციალი დაინახეს: „2-3 წლის წინ, აქაურობისთვის რომ შეგეხედათ, დაინახავდით ბავშვებს, რომლებსაც მესისა და რონალდუს მაისურები ეცვათ. ახლა ყველას კვარაცხელიას მაისური აცვია. ბავშვებს სურთ, რომ კვარას მსგავსები გახდნენ“.

ერთ-ერთი განსაკუთრებული რამ, რაც კვარაცხელიას გამოარჩევს, დრიბლინგია. „კვარაცხელიას ეს ყველაფერი ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა. ერთადერთი რამ, რაც ჩვენ გავაკეთეთ არის ის, რომ მას სრული თავისუფლება მივეცით და ფრთები არ შევუკვეცეთ“.

„ჩვენ სისტემატურად არ მოვუწოდებდით, რომ პასი გაეკეთებინა. როდესაც გუნდში ასეთი მოთამაშე გყავს, მას თავისუფლება უნდა მისცე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დრიბლინგი არ იყო წარმატებული, განმეორებით მცდელობის უფლებას ვაძლევდით.

მას ადრეული ასაკიდანვე გამოარჩევდა ფეხბურთისადმი უდიდესი ლტოლვა. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ის სავარჯიშოდ დილის 6 საათზე მოდიოდა. ვარჯიშის შემდეგ სკოლაში მიდიოდა, შემდეგ ისევ ფეხბურთს თამაშობდა და მხოლოდ ამის შემდეგ, ბრუნდებოდა სახლში და მეცადინეობდა. ის იყო უსაზღვროდ შრომისმოყვარე და კეთილი ბავშვი.

ხვიჩა კვარაცხელიას მარტივი ბავშვობა არ ჰქონია. ხვიჩას მამა ბადრი ასევე თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ არა საქართველოს ნაკრებში - არამედ აზერბაიჯანში. ბადრი კვარაცხელია „დინამოდან“ აზერბაიჯანში წავიდა, სადაც ადგილობრივი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრებში დაიწყო თამაში. კვარაცხელიას უმცროსი ძმა, რომელიც 15 წლისაა, ასევე ფეხბურთელია - აქტიურად ვარჯიშობს და იმედოვნებს, რომ ძმის მსგავსად, დიდი საფეხბურთო კარიერა ექნება. ქვეყანაში ყველას სჯერა და სურს, რომ მომავალში ძმები ერთად იხილოს საფეხბურთო მოედანზე.

აკადემიის დირექტორისა და სკაუტის ოთახში, რომელმაც კვარაცხელია აღმოაჩინა რამდენიმე საინტერესო ფოტოა. მათ ასევე აღმოაჩინეს გიორგი ჩაკვეტაძე, კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი ტალანტი. ჩაკვეტაძე ამჟამად „უოტფორდის“ მაისურით ასპარეზობს.

ქვეყანას უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია, ახალგაზრდული ნაკრების წარმატებული ასპარეზობა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ურთულესი ჯგუფიდან გასვლა შეძლო, ¼-ფინალში კი ისრაელთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. ყველა მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა და სრული ანშლაგით ჩაიარა.

„საქართველო ყოველთვის იყო დიდებული ფეხბურთელების სამშობლო. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ტალანტების უმრავლესობა სათამაშოდ რუსეთში მიდიოდა, რადგან რუსული კლუბებისგან სარფიან კონტრაქტებს იღებდნენ, მაგრამ მათი მომავალი ინგრეოდა, რადგან რუსეთის ჩემპიონატში სათანადოდ განვითარების პერსპექტივა არ ეძლეოდათ. გვყავდნენ ფეხბურთელები, რომელთაც კვარაცხელიას მსგავსად, დიდებული მომავალი ელოდათ და შემოთავაზება პრემიერ ლიგის კლუბებისგანაც კი ჰქონდათ, მაგრამ რუსეთში დარჩნენ. უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ვითარება შეიცვალა“.

შესაძლოა „ნაპოლის“ ვარსკვლავის კარიერაც ამგვარად გაგრძელებულიყო, მაგრამ უკრაინაში დაწყებულმა ომმა ყველაფერი შეცვალა. UEFA-მ მოთამაშეებს შესაძლებლობა მისცა რუსეთი დაეტოვებინათ. კვარაცხელიამ რამდენიმე თვით „დინამო ბათუმის“ მაისური მოირგო, რომელიც ქართული ფეხბურთის მზარდი გრანდია.

თავის მხრივ „ნაპოლიმ“ სწრაფად და აგრესიულად იმოქმედა და კვარაცხელიას ტრანსფერი განახორციელა. შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელებმა ევროპის წამყვან გრანდებს დაასწრეს. ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა უკვე ისტორიაა. დღეს უამრავი ქართველი ისე გულშემატკივრობს იტალიურ კლუბს, როგორც საკუთარს.

ქართველები ყოველთვის უყურებენ კვარაცხელიას თამაშს და გულშემატკივრობენ. ფანკლუბიც კი შექმნეს. ტურისტული ორგანიზაციები კი „ნაპოლის“ მატჩებზე დასასწრებ ტურებს აორგანიზებენ. ქართველებს უნდათ, რომ მათ ვარსკვლავს უყურონ და სტადიონიდან გაამხნევონ.

კანდიდატის სტატუსი და ისტორიული დღის მოლოდინი

„ქართველები ამაყი ხალხი ვართ. ფეხბურთი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ჩვენი თავი გავაცნოთ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ რთული გზა გაიარა - იყო სამოქალაქო დაპირისპირება, ომი რუსეთთან, უშუქობა და ძალიან რთული წლები“, - აღნიშნავს ლევანი.

თანდათან ყველაფერი შეიცვალა და საქართველომ წარსული უკან ჩამოიტოვა. დღეს, ქვეყანაში ყველა მხოლოდ ევროკავშირში გაერთიანებას ელოდება. ჩვენი მოგზაურობაც ისტორიულ დღეს დაემთხვა - დღეს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. ამ მოვლენის აღსანიშნავად, თბილისის ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა.

ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში კიდევ უფრო დიდი ზეიმი და დღესასწაული გაიმართება. ამისთვის ნახევარფინალში ლუქსემბურგის დამარცხებაა აუცილებელი - ფინალში კი საბერძნეთისა და ყაზახეთის შორის გამარჯვებულის დამარცხება!

სხვა სტატიები