Belive

"პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს შევხვდი" - ბერძენი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

Oneman-ის ბერძენი ჟურნალისტი - აკის კაცუდასი, ნეაპოლში იმყოფებოდა, რათა სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის უკანასკნელ მატჩს დასწრებოდა.

დაუდევრობის შედეგად, ბერძენმა ჟურნალისტმა ათენის პირდაპირ რეისზე აეროპორტში მისვლა დააგვიანა, რის გამოც იძულებული გახდა, რომ სამშობლოში სტამბოლის გავლით დაბრუნებულიყო.

ბერძენი ჟურნალისტის უნებლიე შეცდომა დაუვიწყარ მოგონებად იქცა, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, "პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად იმგზავრა". აეროპორტში მისული კაცუდასი ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა, რომელიც ოჯახთან ერთად იმავე რეისით მგზავრობდა.



"კონტროლისა და შემოწმების გავლის შემდეგ, სტამბოლისკენ მიმავალი რეისის გასასვლელთან მივედი. უბრალოდ ვიჯექი და ტელეფონით ვერთობოდი, როდესაც რამდენიმე მეტრის დაშორებით კაპიუოშნსა და მზის სათვალეებში ახალგაზრდა შევნიშნე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ჰგავდა.

მალევე მივხვდი, რომ ის უბრალოდ კი არ ჰგავს კვარაცხელიას - არამედ, ნამდვილად ქართველი ფეხბურთელია. გამბედაობა მოვიკრიბე და სამახსოვრო ფოტოს გადაღება ვთხოვე. არ მადარდებდა უარს მეტყოდა თუ არა.

ჩასხდომის დრო მოახლოვდა. ის მისი ოჯახის წევრებთან ერთად დაჯდა. ინტერვიუს თხოვნით მამამისს მივმართე. როდესაც გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი გაეცინა. კვარაცხელიას მიუბრუნდა და ქართულად დაელაპარაკა, შემდეგ კი ზრდილობიანად ამიხსნა, რომ კვარაცხელიას ჩემთან დალაპარაკება არ შეეძლო, რადგან ინტერვიუს გამო, "ნაპოლისგან" პრობლემა შეექმნება.

თვითმფრინავში ჩასხდომამდე ბოლო მცდელობას მივმართე: იცი, ეს ინტერვიუ არ არის, მაგრამ ნება მომეცი გკითხო: გახსოვს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართული მატჩი? გაიღიმა და მიპასუხა, რომ ახსოვს. შენ ბრწყინვალედ ითამაშე - მე დავამატე.

თვითმფრინავში ავედით და ის უფრო დამშვიდებული ჩანდა. კაპიუშონი მოიშორა, მზის სათვალეც მოიხსნა და სამახსოვრო ფოტოს გადაღებაზე უარი არავის უთხრა. მსურველთა შორის მისი თანამემამულეებიც იყვნენ, რომლებიც "ნაპოლის" უკანასკნელ საშინაო მატჩს, კვარაცხელიას გამო ესწრებოდნენ.

მამამისს თვალები აუცრემლიანდა. თვითმფრინავი აფრინდა და ვხვდები, რომ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეისზე ვიმყოფები. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ჩემთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მგზავრობს. 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ, სტამბოლში ჩავფრინდით. ჩანთიდან დროშა ამოვიღე, რომელიც ნეაპოლის ცენტრში შევიძინე და კვარაცხელიას ავტოგრაფი ვთხოვე, რაზეც უყოყმანოდ დამთანხმდა. შემდეგ კამერა ამოვიღე, რათა მისთვის ფოტო გადამეღო. ამის შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. კვარაცხელია ოჯახის წევრებთან ერთად საქართელოში გაემგზავრა, მე - ათენში. პატარა ამბავი არაა, დააგვიანო რეისზე და შემდეგ იმგზავრო პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად", - აკის კაცუდასი.

View this post on Instagram

A post shared by Akis Katsoudas (@akeskatsoudas)

შეგახსენებთ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა. “პარტენოპეის” წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც სერია A-ს სადებიუტო სეზონში 12 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები