Belive

Goal.com | მარადონა ამაყია! დიდება კვარას, ოსიმენსა და სპალეტის!

1 წლის წინ ფეხბურთი
12 წთ

ბოლო 33 წელიწადის განმავლობაში პირველად, პარტენოპეი იტალიის ჩემპიონი გახდა - ამ შედეგს, სეზონის დასაწყისში, ვერავინ ივარაუდებდა.

ტურინში დასრულებული მატჩის შემდეგ 10 წუთი იყო გასული, როდესაც ჯაკომო რასპადორი ემოციებს ჯერ კიდევ ვერ მალავდა. ერთი ადამიანი იმ მასშტაბის მნიშვნელობას ვერ ატარებს, რაც დამატებით დროში, "იუვენტუსის" კარში გატანილმა მისმა გოლმა შექმნა. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, მეტოქის კარში დაუშვებლად გადაგზავნა - გოლი, რომელმაც არამარტო მისი 6-თვიანი უგოლო სერია დაასრულა, არამედ "ნაპოლის" სერია A-ს ტიტული თითქმის გაუნაღდა. "რთული პერიოდი იყო, ტრავმები მქონდა, თუმცა ყველა ძალიან მეხმარებოდა, მათ სიყვარული დამანახეს", - თქვა ემოციურმა ფეხბურთელმა.

პარალელურად, მის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოს, ამგვარ სიურეალიზმში თავის შეკავება უჭირდა. 6 წლის წინ, იტალიის მესამე დივიზიონში ასპარეზობდა, ახლა კი ასე ახლოს იყო შანსთან, რომ გამხდარიყო პირველი ფეხბურთელი დიდი დიეგო მარადონას შემდეგ, რომელიც სკუდეტოს დაეუფლებოდა.

"უცნაური შეგრძნებაა. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, რომ ამ საოცარი მოგზაურობის ყველა მომენტით ისიამოვნოს", - აღნიშნა კაპიტანმა DAZN-თან საუბრისას.

ფეხბურთელები ნეაპოლში თვითმფრინავით დაბრუნდნენ. მღეროდნენ და ცეკვავდნენ. კაპოდიჩინოს აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი დახვდათ, რომლებიც გუნდის ავტობუსს უკან "ვესპას" სკუტერებით ამოუდგნენ და ფეხბურთელები დანიშნულების ადგილამდე მიაცილეს.

გუნდის ვარსკვლავი, ვიქტორ ოსიმენი, ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა. "ეს სიგიჟეა, სიგიჟე!" ეს იყო წმინდა, ბუნებრივი, ადამიანური სიგიჟე. თუმცა მომხდარი მოულოდნელი არ ყოფილა.

ნეაპოლში წვეულება დიდი ხნით ადრე დაიგეგმა. ტიტულისთვის ბრძოლაში, "ნაპოლიმ" თავისი კონკურენტები დიდი ხნით ადრე მოიშორა. გზად იყო "სალერნიტანასთან" მატჩი, როდესაც, გამარჯვების შემთხვევაში, გუნდს საკუთარი გულშემატკივარის თვალწინ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეეძლო, თუმცა ზეიმი ერთი კვირით გადაიდო.

"იუვენტუსთან" მატჩის მოგების შემდეგ, ოსიმენმა Twitter-ზე ასეთი რამ დაწერა: "ძვირფასო ნეაპოლელებო, ამ დღეს დიდხანს ელოდით. ახლა თქვენი დროა..."

თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა: მატჩის მიწურულს, "სალერნიტანას" ფორვარდმა, ბულაიე დიამ, მერეტის კარი ძლიერი დარტყმით აიღო და "დიეგო არმანდო მარადონაზე" შეკრებილი პუბლიკა დაადუმა.

ოსიმენი გაწბილებული ჩანდა, თუმცა გადადებული ზეიმი სიმბოლიზმს ატარებდა: რთულ გზას სწორედ ასეთი რამ შეეფერებოდა.

"არც იცით, რა გამოტოვეთ!"

ხუთშაბათს, ზუსტად 22:37-ზე, წვეულება ოფიციალურად დაიწყო. ოსიმენის მიერ გატანილი გოლით "ნაპოლიმ" ჩემპიონობა გაინაღდა. "დაჩია არენაზე" შეკრებილმა ნეაპოლელებმა მოცისფრო-მოლურჯო კვამლი გაუშვეს. ამ სიგიჟეს ოსიმენის ცნობილი ნიღაბიც კი შეეწირა.

პარალელურად, ვეზუვის ჩრდილქვეშ მდებარე ნეაპოლი ვულკანივით ამოიფრქვა. ანდრეა კარნევალეს შეფასებით, ქალაქში ზეიმი დღეების, კვირების განმავლობაში გაგრძელდება.

"ვიცი, რომ ქალაქში დაუჯერებელი რამ მოხდება. პირადად მე, ეს 2-ჯერ გამოვცადე", - ამბობს "ნაპოლის ყოფილი ფორვარდი Goal-თან საუბრისას. "1987 და 1990 წლებთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს, თუმცა უნდა ვთქვა - პირველი სკუტედო რაღაც განსაკუთრებული იყო."

ნამდვილად, 1987-ში, ნეაპოლი ქაოსმა მოიცვა. ქუჩები სავსე იყო ადამიანებით, რომლებსაც თავზე მარადონას ვარცხნილობის მსგავსი პარიკი ეხურათ. ავტომობილით ვერსად გაივლიდი. ავტობუსების სახურავებზე ამძვრალი ხალხი ცეკვავდა და პრინციპულ მეტოქეს, ტურინის "იუვენტუსს", პანაშვიდს უტარებდა.

როდესაც ყველაფერი დასრულდა, ვიღაცამ პოჯორეალეს სასაფლაოზე მიაწერა: "არც კი იცით, რა გამოტოვეთ!" მეორე დილით, იქვე მინაწერი გამოჩნდა: "ვინ გითხრათ, რომ გამოვტოვეთ"?

იმ დღეების გახსენებისას, კარნევალეს თვალები უნათდება. "ვგრძნობ, რომ ნეაპოლის ისტორიის ნაწილი ვარ", - ამბობს "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად "უდინეზეს" სკაუტების ხელმძღვანელი. არც ცდება. 1986-87 წლების სეზონში, კარნევალემ გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი ითამაშა - დასკვნით ეტაპზე, გოლი ზედიზედ 8 შეხვედრაში გაიტანა.

"ახლაც კი, 30 წლის შემდეგ, როდესაც ნეაპოლში ჩავდივარ და ინტერვიუს ვიძლევი, ყოველთვის პატივისცემას ვგრძნობ. მათთვის, დღემდე ერთ-ერთ გმირად ვითვლები.

"ნაპოლი" დღემდე მიყვარს. ვაღმერთებ კლუბს, მაგრამ ასევე ამ ქალაქში მაცხოვრებელ ხალხს. ისინი სკუდეტოს იმდენადვე იმსახურებდნენ, რამდენადაც სპალეტის გუნდი.

ეს არის ყველაზე გულუხვი ხალხი. ამ ქალაქში ყავაც კი არ მიყიდია! თუკი "ნაპოლისთან" ერთად რაიმეს მოიგებ, შენ ამ ქალაქის გულში სამუდამოდ დარჩები".

"მარადონა ფეხბურთის ღმერთი იყო"

ცალსახად, 1987 წლის ტრიუმფი ყოველთვის უნიკალურ, თითქმის მითიურ სტატუსს ატარებდა და ეს არასოდეს დაკარგავს. "ნაპოლისთვის" პირველი სკუდეტო იყო, მაგრამ არსებობდა კიდევ უფრო დიდი მიზეზიც: მარადონა.

"უნიკალური იყო, ნამდვილი ფეხბურთის ღმერთი. ყოველთვის ყველაზე დიდი ფეხბურთელი იქნება ფეხბურთის ისტორიაში. არავინაა მისი მსგავსი. მინახავს პელეს, კრუიფის, პლატინის, მესის თამაში - ყველა მათგანი გამორჩეულია, მაგრამ მარადონა სხვა დონეზე იდგა.

ის იყო საოცარი ადამიანი. მასთან პრივილეგირებული ურთიერთობა მქონდა - ერთ ოთახში ვცხოვრობდით, ცოლებთან ერთად გასართობად ერთად დავდიოდით.

ძალიან მაგარი ბიჭი იყო, გულუხვი. ყველაფერს მოგცემდა. მეგობრებისთვის ყველაფერს აკეთებდა, არავის ჰგავდა, ყველას უყვარდა", - იხსენებს კარნევალე.

რთულია ზუსტად შეაფასო, თუ რა მასშტაბზეა გასული მარადონას პოპულარობა ნეაპოლში. რელიგიურობით გამორჩეულ ქალაქში ფეხით მოსეირნე ტურისტი შეიძლება წააწყდეს ხატს, სადაც ღვთისმშობლის ნაცვლად, მარადონაა გამოსახული.

პირველი კლასით არასოდეს მიფრენია"

ლუჩანო სპალეტის გზა სკუდეტოსკენ უამრავ ქარტეხილს შეიცავდა. "ემპოლი" სერია С-დან სერია A-ში გადაიყვანა, "უდინეზე" ჩემპიონთა ლიგაზე ათამაშა და თავდამსხმელის გარეშე მოთამაშე "რომათი" სერ ალექს ფერგიუსონზე დიდი გავლენა მოახდინა.

"სტადიო ოლიმპიკოზე" სკუდეტო ვერ აღმართა. უტიტულოდ დაასრულა კარიერა "ინტერშიც". საერთო ჯამში, სარეკორდო, 553 მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ სერია A-ს მწვერვალზე ასულიყო. ის არის ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი, რომელსაც ოდესმე სერია A მოუგია (64).

"პირველი კლასით არასოდეს მიფრენია. გამყოლ მანქანებს მივყვებოდი ხოლმე", - თქვა სპალეტიმ ხატოვნად. "სკუდეტომ ამინაზღაურა ყველა ის თავგანწირვა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩემს საქმეში ჩამიდია".

სპალეტი "ნაპოლისთვის" იდეალური მწვრთნელი იყო. კლუბისთვის, რომელსაც უკანასკნელ წლებში არაერთი ფინანსური პრობლემა ჰქონია, მათ შორის 2004 წლის გაბანკროტება. აურელიო დე ლაურენტისმა გუნდი აღადგინა, თუმცა არჩევანი თავიდანვე სპალეტიზე არ შეუჩერებია.

თავდაპირველად, დე ლაურენტისი მასიმილიანო ალეგრის დაუკავშირდა. მიზეზი მარტივი იყო: ალეგრიმ იცის გამარჯვება, თუმცა სათამაშო სტილის თვალსაზრისით, "ნაპოლისთვის" ეს კატასტროფა იქნებოდა.

სპალეტი ამბობს, რომ "მარადონაზე" შეკრებილი პუბლიკის წინაშე თავს ვალდებულად თვლის, რომ გუნდს სანახაობრივი ფეხბურთი ათამაშოს. იმასაც აღიარებს, რომ 2015-18 წლების მაურიციო სარის "ნაპოლის" თამაშებით მოხიბლული იყო. "ყოველთვის, როდესაც ამისი შანსი მეძლეოდა, სარის "ნაპოლის" ვუყურებდი და ამ გუნდის თამაშით ვტკბებოდი", - აღნიშნა მან.

რეალურად, სპალეტიმ მაქსიმალური შეძლო: იპოვა გამარჯვების ფორმულა და გუნდს შემტევითი, სანახაობრივი ფეხბურთი ათამაშა.

ახალი "ნაპოლის" დაბადება

სეზონის სტარტზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით, გუნდი დატოვეს ყოფილმა კაპიტანმა, ლორენცო ინსინიემ; ყველა დროის ბომბარდირმა, დრის მერტენსმა; თავდასხმელმა, არკადიუშ მილიკმა; მეკარემ, დავიდ ოსპინამ და მცველმა, ფაუზი გულამმა. ფაბიან რუი თავისკენ გადაიბირა "პარი სენ-ჟერმენმა", ყველაზე მტკივნეული კი კაპიტნის, კალიდუ კულიბალის "ჩელსიში" ტრანსფერი გახლდათ.

ამას სპალეტის ვერ დააბრალებდით. ღიად აცხადებდა, რომ ამდენი ლიდერის წასვლა გუნდზე ნეგატიურად აისახებოდა და რომ კულიბალის შეცვლა განსაკუთრებით რთული იქნებოდა. სპალეტი სენეგალელს არამარტო როგორც ფეხბურთელს, არამედ ასევე როგორც ადამიანს, ისე აფასებდა.

სეზონის დასაწყისში, Il Roma-სთან საუბრისას, სპალეტიმ ასეთი რამ თქვა: "ახალი ნაპოლი იბადება. მართალია, რომ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ნაპოლიში სათამაშოდ ამდენივე კარგი ფეხბურთელი მოვიდა".

უცნობებიდან ვარსკვლავებამდე

ცნობილი სახეები უცხოებმა შეავსეს. მეტიც, მოულოდნელად, მათ ლეგენდები ჩაანაცვლეს.

ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ, რომელიც "ნაპოლიმ" "ფულემისგან" €15 მილიონად შეიძინა, დაამტკიცა, რომ პრესინგის მანქანაა. ჯოვანი სიმეონემ კი, რომელმაც სერია A-ში 500 წუთზე ნაკლები ითამაშა, ჩატარებული მატჩებისა და გოლების პროცენტული შეფარდებით პირველი ადგილი დაიკავა.

"ფენერბაჰჩეს" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, კიმ მინ-ჯემ იმდენად შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, რომ მის სახელს ახლა უკვე მანჩესტერულ გუნდებს უკავშირებენ.

თუმცა გუნდის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯინტოლის ყველაზე დიდოსტატური სვლა "დინამო ბათუმიდან" ხვიჩა კვარაცხელიას, სულ რაღაც, €10 მილიონად დამატება გახდა.

ნეაპოლში, არავინ იცოდა მის შესახებ. იმასაც კი ვერ ხვდებოდნენ, როგორ წარმოეთქვათ მისი სახელი. თუმცა დღეს, მას "კვარადონას" უწოდებენ.

როგორც ფაბიო კანავარო ამბობს, მარადონასთან ვინმეს შედარება ნეაპოლში ღვთის გმობის ტოლფასია. თუმცა ქართველი გარემარბის შემთხვევაში, უნდა ითქვას, რომ მისი გავლენა "ნაპოლის" წარმატებაზე მასშტაბური იყო.

თითქმის 40 წელია გასული მას შემდეგ, რაც ნეაპოლში დაბადებულ ბავშვებისთვის დიეგოს დარქმევა დაიწყეს. თუმცა ამ წელს, ნეაპოლში დანიელე ხვიჩა დაიბადა - დრიბლინგის ახალი მეფის პატივსაცემად.

კვარაცხელიას სახეს ქალაქში განთავსებულ მურალებზე ხშირად შეხვდებით - განსაკუთრებით ხშირად, სპალეტის გუნდის კიდევ ერთ ვარსკვლავთან, ვიქტორ ოსიმენთან ერთად.

ნიგერიელი თავდამსხმელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იყოს ერთმანეთში ნიჭი და მიზანსწრაფულობა იდეალურად შერწყმული. კავშირი, რომელიც ოსიმენმა გულშემატკივართან დაამყარა, ფეხბურთს სცილდება.

"ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი გადარჩენისთვის ბრძოლა იყო", - თქვა ერთხელ ოსიმენმა. სოციო-ეკონომიკურ უთანასწრობაში ჩაფლულმა ქალაქმა გულში ისევე ჩაიკრა იგი, როგორც მარადონა, 39 წლის წინ.

"ეს ნაპოლი დიეგოს ეყვარებოდა"

სეზონის პირველ ნახევარში, "ნაპოლი" "ტოტალური ფეხბურთის" სამშობლოს ეწვია და ამსტერდამის "აიაქსი" ანგარიშით 1:6 გაანადგურა. მაშინ სპალეტიმ ასეთი რამ თქვა: "დღეს ჩვენით თვით მარადონაც კი იამაყებდა".

მის სიტყვებს ანდრეა კარნევალეც იზიარებს: "დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დიეგოს ეს ნაპოლი ეყვარებოდა".

ისე, როგორც არასდროს - მარადონას არსებობა დღეს ნეაპოლში იგრძნობა. "ხომ გითხარით, თუკი "ნაპოლისთან" ერთად რაიმეს მოიგებ, შენ ამ ქალაქის გულში სამუდამოდ დარჩები", - დაამატა კარნევალემ.

და სწორედ ამ ლოგიკით - ოსიმენმა, კვარაცხელიამ და სპალეტის გუნდის თითოეულმა წევრმა, ნეაპოლში მარადიული არსებობის უფლება, უკვდავება მოიპოვეს.

სხვა სტატიები