გიორგი ქვილითაია: "რთული ჯგუფია, მაგრამ ჩვენთან თამაში არავის უხარია"
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, რომელშიც ესპანეთის, ნორვეგიის, შოტლანდიისა და კვიპროსის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს.
Live.ge-სთან წილისყრა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ შეაფასა, რომელიც უკვე მეორე სეზონია კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, "აპოელის" წევრი გახლავთ და ამ გუნდის კაპიტნის სამკლაურის ერთ-ერთი მფლობელიცაა.
"წილისყრამ რთული ჯგუფი გვარგუნა. იმის მიუხედავად, რომ ჯგუფში მხოლოდ ერთი გრანდია, ვერ ვიტყვი, რომ იოლი მეტოქეები გვყავს. ეს მათი შემადგენლობებიდან გამომდინარეობს. ნორვეგია და შოტლანდიაც ძალიან ძლიერი ნაკრებები არიან.
რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ნაკრებს წინსვლა აქვს და ეს თვალშისაცემია. ეს ფაქტი იმაშიც ჩანს, რომ ჩვენთან თამაში არავის სიამოვნებს. ქვეყანაში გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ ნებისმიერ ნაკრებთან ბრძოლა შეგვიძლია და ხალხმა ამის რწმენა დაიბრუნა. ეს გარემოება ეხმარება როგორც ნაკრებს, ისე უშუალოდ ფეხბურთელებს, რომ იყვნენ უფრო თავდაჯერებულები.
რაც შეეხება კვიპროსს, არც ეს ნაკრები იქნება მარტივი მეტოქე, ისევე, როგორც დანარჩენი სხვები. ვფიქრობ, სტუმრად მატჩში უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე საშინაო კედლებში, მაგრამ მჯერა, რომ ორივე შეხვედრაში დადებითი შედეგის დაფიქსირებას მოვახერხებთ", - თქვა 29 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა.
გიორგი ქვილითაია თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ და ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ “ანორთოსისთან” ერთად კვიპროსის თასის მოგების შემდეგ, “აპოელს” 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ვიცე-კაპიტანთან ერთად, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელიც გახდა. მის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში გატანილი 13 გოლი და 3 საგოლე პასია – წინა სეზონში იგი კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.