Belive

კვიპროსული მედია: ქართველები ანორთოსისს ტოვებენ 

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

კვიპროსული მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას და ავთო ებრალიძის საკლუბო კარიერის მომავლის შესახებ წერს და ამბობს, რომ დიდი შანსია, 37 წლის კარის დარაჯმა და 31 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ანორთოსისი" დატოვონ.

ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს და წერს, რომ როგორც გიორგი ლორია, ისე ავთო ებრალიძე კლუბის დატოვებისთვის ემზადებიან.

ებრალიძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მართალია მას კონტრაქტი "ანორთოსისთან" 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი, რომ სურვილის შემთხვევაში, კლუბს გარკვეული თანხის გადახდით თანამშრომლობის დასრულება შეუძლია.

რაც შეეხება გიორგი ლორიას, მსგავსად ებრალიძისა, მასაც კიდევ 1 სეზონის განმავლობაში მოქმედი კონტრაქტი აქვს, თუმცა თავად კლუბში დარჩენა აღარ სურს. ამავე დროს, მას კვიპროსზე გაჩერება სურს, თუმცა კლუბის შეცვლას აპირებს.

2022/23 წლების სეზონში "ანორთოსისი" ტიტულის გარეშე დარჩა, გუნდი გასავარდნ ექვსეულში იმყოფება და იქ ყველაზე მაღალ, მეშვიდე პოზიციას იკავებს. გადაწყვეტილია, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 მატჩით ადრე, ფამაგუსტელები ქვედა ლიგაში არ დაქვეითდებიან.

მიმდინარე სეზონში ავთო ებრალიძემ "ანორთოსისის" შემადგენლობაში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც შეეხება გიორგი ლორიას, მან 26 შეხვედრაში 30 გოლი გაუშვა და 7-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები