Belive

გიორგი მამარდაშვილი: "ეს ყველაფერი დიდი შრომის და ცოტა გამართლების შედეგია"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და საამაყო ფაქტი ახალგაზრდა ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარმატებაა. 20 წლის ტალანტი, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში "დინამო თბილისიდან" ესპანურ "ვალენსიაში" აღმოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა. მართალია, "რუსთავსა" და "ლოკომოტივში" განათხოვრებული კიპერი "დინამო თბილისიდან" "ღამურების" რიგებში იჯარის წესით სარეზერვო გუნდის კარის დარაჯად გადაბარგდა და პერსპექტივად მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში მოსჩანდა, თუმცა საწვრთნელი პროცესისას შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, მთავარი მეკარეების, იასპერ სილესენისა და ჟაუმეს ტრავმები თან დაერთო და საქართველოს ნაკრების ახალწვეული ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და ტიტულოვანი კლუბის ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა. მამარდაშვილმა შანსი მიიღო, იგრძნო და გამოიყენა. პირველ მატჩშიც თავი მშვენივრად წარმოაჩინა, სტატისტიკური კომპანიებისგან "ხეტაფესთან" მოგებულ მატჩში (1:0) ყველაზე მაღალი შეფასება (8.1) დაიმსახურა და ობიექტურად, მატჩის გმირიც გახდა. თუ გიჩნდებათ კითხვა, რატომ? შეგიძლიათ ჩვენებურის მიერ 93-ე წუთზე შემოთავაზებული სეივი და მეტოქის იმ მომენტის განეიტრალების ჩანაწერი იხილოთ, 100%-იანს რომ ვუწოდებთ. მატჩის შემდეგ, "ვალენსიაში" გატარებულ საწყის პერიოდზე, გუნდში ადაპტაციის პროცესზე, კარიერის ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვან მატჩზე, ემოციებსა და მომავლის პერსპექტივებზე Live.ge-სთან კომენტარი თავად გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
გიორგი მამარდაშვილი | Live.ge
"აქამდე მოსასვლელად რთული გზა იყო გასავლელი, ეს ყველაფერი დიდი შრომის და ცოტა გამართლების შედეგია. გუნდში კარგად მიმიღეს, თითოეული მათგანი ძალიან თბილი და კარგი ადამიანია. ადაპტაციის პროცესს ისიც მიადვილებს, რომ ესპანურ ენას ვსწავლობ. მყავს პირადი მასწავლებელი და თავადაც ვცდილობ ენის უკეთ შესწავლას. გუნდის წევრებთან ინგლისურ ენაზე საუბარიც შემიძლია და ეს უფრო მეხმარება. "ხეტაფესთან" მატჩის წინ ისე მოვემზადეთ, როგორც ყველა თამაშზე ვემზადები ხოლმე. არაფერი განსაკუთრებული: გავედი და ვითამაშე. მატჩის შემდეგ, ბედნიერი ვიყავი ჩემი დებიუტით და იმით, რომ გუნდის გამარჯვებაში ჩემი პატარა წვლილიც შევიტანე. მინდა, ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. ჯერჯერობით ჩემს მომავალთან და იმასთან დაკავშირებით, ვითამაშებ თუ არა შემდეგ ტურებშიც, ახალი არაფერია გარკვეული, სამუშაო ბევრი მაქვს და ჩვეულ რიტმში ვაგრძელებ ვარჯიშს", - თქვა გიორგი მამარდაშვილმა Live.ge-სთან საუბრისას.

სხვა სტატიები