"ეს დღე შენთვის იყო" - კვარამ მატჩი ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტას ხსოვნას მიუძღვნა
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა.
ნეაპოლელთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც მოედანზე 94 წუთი გაატარა, სრულად ითამაშა და ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. 21 წლის ქართველ ფეხბურთელს იმ 29 მოთამაშეს შორის, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა - 8.3.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და ჩატარებული შესანიშნავი თამაში თბილისში, 13 ოქტომბერს ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
"ეს დღე შენთვის იყო, პატარა ქართველო გმირო", - დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ Instagram-ში.
მიმდინარე სეზონში, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში კვარას აქტივში უკვე 14 მატჩში გატანილი 7 გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.