ESPN: "კვარა ბრწყინვალეა - ისე მოძრაობს, როგორც ნეო მატრიცაში"
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული სპორტული გამოცემის, ESPN-ის ინდოეთის გამოცემის ვერსიამ საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ასე სათაურდება: "იშვიათი, ბრწყინვალე, ქაოსი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა - შაბათ-კვირის მთავარი მომენტი".
"მიუხედავად უამრავი ღირსეული კანდიდატისა, ამ შაბათ-კვირას ჩვენ ხვიჩა კვარაცხელიას გოლს "ატალანტას" წინააღმდეგ მოგებული მატჩიდან (2:0) ვირჩევთ, რომლის მერეც "ნაპოლიმ" კონკურენტებთან უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა.
შეხედეთ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ჩაცმულობას და სათამაშო სტილს: თითქმის ტერფებამდე ჩაწეული გეტრები, თავისუფალი გადაადგილების მანერა, თითქოს 90-იანი წლების რეტრო პერიოდში მეგობრებთან შესახვედრად მიდის. რამდენიმე შეხება ბურთთან, თითქოს ყველაფერს მარტივად აკეთებს. ყოველთვის, როცა ის ბურთს იღებს, მაყურებელი დაბნეულია და ფიქრობს: "ვაუ, რა გააკეთა მან ახლა?".
მას აქვს სუფთა ბრწყინვალება და ნახეთ, თუ რამხელა გავლენას ახდენს მისი თამაში ნეაპოლზე. მათ ძალიან შეიყვარეს ის და მიანიჭეს უდიდესი პატივი, რაც კი შეიძლება მიენიჭებინათ - მას კვარადონას უწოდებენ. შაბათს მან ამის მიზეზი მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა.
გოლის ეპიზოდში, კვარაცხელიას ყოველი შემდეგი შეხება იყო ბურთის ხელახლა გადატანა მარჯვნივ, სიჩქარისა და ნელი მოძრაობის აუხსნელი კომბინაციით შესრულებული სვლა, როგორც ამას მატრიცაში ნეო აკეთებს. ის კვლავ ფეხზე დგას და ახლა მის წინააღმდეგ 3 მცველია. მეკარეს წარმოდგენაც კი არ აქვს რა ხდება, ბურთი კი "ატალანტას" კარში აღმოჩნდება.
მშობლიური ქვეყნის წარმომადგენელი "დინამო ბათუმიდან" ის 10 მილიონ ევროდ დაიმატეს და ევროპაში მის გაბრწყინებას არავინ ელოდა, მაგრამ ლუჩიანო სპალეტიმ დაიჯერა და საბოლოოდ მან და "ნაპოლიმ" შედეგი მიიღეს.
ახლა მას სერია A-ში 11 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული, სამი ათწლეულია, რაც "ნაპოლის" ჩემპიონობა არ უზეიმია, მაგრამ ისინი ახლა, 26 ტურის შემდეგ 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ და მათი შემჩერებელი თითქოს არავინაა. ამ გზას "ნაპოლი" კვარაცხელიას დახმარებით გადის, რომელიც მოედანზე ქაოსის, არეულობის და ბრწყინვალების მთავარი ორგანიზატორია", - წერს ESPN-ი.
22 წლის ქართველ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.