დრამატული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ერთა ლიგის B დივიზიონის ჩვენს ჯგუფში მე-5 მატჩი ჩავატარეთ. საქართველო ბათუმში უკრაინასთან დაზავდა - წვიმიან ქალაქში ფრედ 1:1 ვითამაშეთ და ბოლო ტურის წინ პირველ ადგილზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ.
პირველი გოლი კონტრშეტევაზე მივიღეთ მაშინ, როცა ჩვენ ვუტევდით. ქოჩორაშვილმა მეტოქის ნახევარზე ბურთი დაკარგა, მუდრიკის ჩაწოდებული კი საკუთარ კარში კვერკველიამ ჩაჭრა. ანგარიში მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა მიქაუტაძემ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ დამატებულ დროში მამარდაშვილმა 1 შეტევაში ორჯერ გვიხსნა გოლისგან.
ყველაფრის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელია სხვებისგან მაინც გამოირჩეოდა და თითქოს ერთი თავით მაღლა იდგა. ორივე გუნდის შემადგენლობიდან უმაღლესი შეფასებაც სწორედ ქართველთა შვიდიანმა დაიმსახურა (7.90 ქულა). ხვიჩამ კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, საიდანაც ერთი ჩარჩოში წავიდა, ერთხელ კი ბურთი ხარიხას მოხვდა. ჰქონდა რამდენიმე მომენტი, როცა პოტენციური საგოლე გადაცემაც გააკეთა და დრიბლინგით მუდამ ამწვავებდა შეტევას.
ქართველი ფეხბურთელების შეფასება whoscore-ის ვერსიით:
ხვიჩა კვარაცხელია - 7.90; ოთარ კაკაბაძე - 7.29; გიორგი მამარდაშვილი - 6.99; გიორგი მიქაუტაძე - 6.92; ოთარ კიტეიშვილი - 6.82; გიორგი წიტაიშვილი - 6.73; გურამ კაშია - 6.69; ლუკა ლოჩოშვილი - 6.61; გიორგი ქოჩორაშვილი - 6.41; ანრი მექვაბიშვილი - 6.21; ბუდუ ზივზივაძე - 6.19; ლევან შენგელია - 6.11; ზურიკო დავითაშვილი - 6.09; გიორგი გოჩოლეიშვილი - 6.06; გიორგი ჩაკვეტაძე - 6.05; საბა კვერკველია - 5.64.