"დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ" - ხვიჩა კვარაცხელია
საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის შეხვედრაში "პსჟ"-მ "მონაკო" 4:1 დაამარცხა. 54-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ "პსჟ"-ში თავისთვის პირველი გოლი გაიტანა და პარიზული გუნდი დააწინაურა.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
შესანიშნავი გრძნობაა ასეთ სტადიონზე ასეთი გულშემატკივრების წინაშე გოლის გატანა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის და მინდოდა, რომ გოლი გამეტანა, დღეს კი ეს მოხდა, უნდა გავაგრძელო ბევრი მუშაობა, რადგან ამ შესანიშნავ გუნდთან ერთად მეტი გოლის გატანა შევძლო. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კარგად მექცევიან, აქ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ფოკუსირდე და ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვარ. - ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 67-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 7.8-ით შეაფასა, კვარამ როგორც უკვე გითხარით 1 გოლი გაიტანა, სულ კი კარში 2-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ დარტყმული კი დაუბლოკეს, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული 2 იყო, ხვიჩა ბურთს 48-ჯერ შეეხო, 34 გადაცემიდან 24 ზუსტად შეასრულა, 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 3-ში დარჩა.
Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია 8.0-ით შეაფასა.
მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ბრესტის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 11 თებერვალს, 21:45 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ"-მ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე დაარეგისტრირა აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით კვარას მომდევნო შეხვედრაში "ბრესტის" წინააღმდეგ განაცხადში ვიხილავთ.
ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ში ჩატარებულ 4 შეხვედრაში უკვე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.