Corriere dello Sport: "კვარას ღირებულება 943%-ით გაიზარდა და ახლა 120 მილიონი ღირს"
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა, Corriere dello Sport-ის უახლესი გამოცემა საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ მისი ამჟამინდელი ღირებულება ოფიციალურ სატრანსფერო ფასს ბევრად აღემატება და ხაზს მის სწრაფ ზრდას უსვამს.
"ნაპოლის მიერ გადახდილი 11,5 მილიონი კვარაცხელიას შესაძენად დღეს 943%-ით გაიზარდა. ის მზარდი პროგრესი, რომელიც კვარაცხელიას აქვს, დღეს მის სატრანსფერო ღირებულებად სულ მცირე 120 მილიონ ევროს აწესებს, რაც მის ამჟამინდელ ოფიციალურ ფასს საგრძნობლად აღემატება.
იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მატჩია ჩასატარებელი, შესაძლოა მისი ღირებულება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს", - წერს პრესტიჟული იტალიური გამოცემა.
გერმანული Transfermarkt-ის მონაცემებით, რომელიც ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე სტატისტიკურ და სატრანსფერო პლატფორმებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, ამჟამად 22 წლის ქართველი ფეხბურთელის ღირებულებად 60 მილიონ ევროს მიიჩნევს.
ხვიჩა კვარაცხელიასა და “ნაპოლის” შორის არსებული კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
ქართველ ვარსკვლავს “ნაპოლის” შემადგენლობაში სადებიუტო სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი და 12 საგოლე პასი აქვს.