აურელიო დე ლაურენტისი: "ნაპოლი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია - კლუბის გაყიდვას არ ვაპირებ"
"ნაპოლის" მფლობელმა და პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა კლუბის გასხვისებასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციებზე ისაუბრა და მტკიცედ დააფიქსირა მოსაზრება, რომ კლუბის გაყიდვას არ აპირებს.
"არც კი მინდა ვიცოდე, რამდენად ფასობს ჩემი "ნაპოლი", ის საოჯახო რელიქვიაა და მის გაყიდვაზე არ ვფიქრობ.
არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო ამის შემდეგ. ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბი ვიყიდო?
მე ვარ ნეაპოლიტანელი და "ნაპოლისთან" ერთად თავს კარგად ვგრძნობ. საუბარი, რომელიც არსებობს, არ მაწუხებს. შარშან არაბული ფონდიდან მე 2.5 მილიარდი დოლარი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი", - თქვა აურელიო დე ლაურენტისმა.
73 წლის მენეჯერი ნეაპოლელებს 2004 წლის 6 სექტემბრიდან ხელმძღვანელობს და ამ დროის განმავლობაში კლუბმა სერია A-ში დაბრუნება, 3-ჯერ იტალიის თასის მოგება და ერთხელ ქვეყნის სუპერთასზე გამარჯვება მოახერხა. დე ლაურენტისის ეპოქაში "ნაპოლის" საუკეთესო სეზონი ახლა აქვს, როცა იტალიის სერია A-ს 28 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარ "ლაციოსთან 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ისტორიაში პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული.