Belive

აურელიო დე ლაურენტისი: "კვარას, ოსიმენის და სხვების მსგავსად, თვალს ახალ ფეხბურთელებს ვადევნებთ"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, 2023/24 წლების სეზონის წინ, გუნდის სათამაშო ფორმების პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა თემის, მათ შორის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის წასვლის და წინა სეზონის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის დარჩენის შესახებ ისაუბრა.

"გემზე ვართ (პრეზენტაცია გუნდის გენერალური სპონსორის MSC-ის კრუიზზე გაიმართა), მაგრამ მეზღვაურის პირობას არ გაძლევთ. მე ძალიან მჯერა ჩვენი მწვრთნელის, მასაც აქვს გამოცდილება საზღვარგარეთ. გარკვეულწილად ჩვენ რეკონსტრუქციის ფაზაში ვართ და გვყავს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები.

როდესაც ადამიანი კმაყოფილია, შესაძლოა, შიგნით წმინდა ცეცხლი ჩაუქრეს და ჩემი საქმეა ვიყო ძალიან, ძალიან ახლოს გუნდთან, რათა ვეცადო, რომ აღვადგინო ცეცხლი შესაძლო ჩაქრობის შემთხვევაში. ფეხბურთელებმა არ უნდა ჩათვალონ თავი სრულყოფილად და საქმე დასრულებულად.

საღამოს რუდი გარსიას შევხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ბევრი ვისაუბრეთ, სკაუტებს და ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ტრანსფერების სია.

ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებმაც მიაღწიეს თავიანთი კურსის დასასრულს, ერთი წელია დარჩენილი და მე უნდა გადავწყვიტო, ვავარჯიშო ისინი ამ პერიოდში თუ არა, რათა მოვამზადოთ სხვა ნაპირებზე გასაგზავნად. ისინი ახალგაზრდები არიან, ისინი არიან მტაცებლები.

რაც შეეხება კრისტიანო ჯუნტოლის ("ნაპოლის" ყოფილი და ახლა უკვე ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი), რომ მცოდნოდა ის "იუვენტინო" იყო, მას უფრო ადრე მოვიშორებდი.

ოსიმენი თუ დარჩება? აბსოლუტურად დიახ. უკვე გითხარით, რომ თუ დიდი შეთავაზება მოვა, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ისე, როგორც მივაკვლიეთ კვარას, ოსიმენს და სხვებს, ანალოგიურად სხვა კიდევ უფრო მეტ მოთამაშეს ვადევნებთ თვალს", - თქვა აურელიო დე ლაურენტისმა.

სეზონის პირველი მატჩი “ნაპოლის” კიდევ ერთი ქართველის, გიორგი კვერნაძის გუნდთან, სერია B-დან დაწინაურებულ “ფროზინონესთან” სტუმრად, 19 აგვისტოს ელოდება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები