Belive

Apple და Adidas - გიგანტების როლი მესის ტრანსფერში

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე სპეკულაციები და ჭორები რეალობად იქცა - "ინტერ მაიამიმ", MLS-მა, Apple-მ და Adidas-მა, ერთობლივი ძალებით მეგატრანსფერი განახორციელეს და ამერიკული სპორტული ცხოვრება სამუდამოდ შეცვალეს.

MLS-ი გახდება ლიგა, რომელშიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი იასპარეზებს. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ლეო მესიმ "ინტერ მაიამიში" თამაშზე თანხმობა განაცხადა და ხელი მოაწერა გარიგებას, რომლის მსგავსიც საფეხბურთო სამყაროში არასდროს დადებულა.

შორსმჭვრეტელი და "თამაშის შემცვლელი" გარიგების სრული დეტალები ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუმცა, The Athletic აღნიშნავს, რომ ტრანსფერის შედეგად მესიმ შესაძლოა იმაზე გაცილებით მეტი გამოიმუშავოს - ვიდრე საუდის არაბეთის წარმომადგენლები სთავაზობდნენ.

არგენტინელი სუპერვარსკვლავის დებიუტი შესაძლოა 21 ივლისს, "კრუზ აზულის" წინააღმდეგ საინაუგურაციო ლიგის თასზე შედგეს. სადებიუტო მატჩამდე, 1 თვეზე მეტია დარჩენილი, თუმცა, მედია საშუალებები უკვე სპეკულირებენ იმ გარემოებაზე, თუ რამ აიძულა მესი უარი ეთქვა საუდის არაბეთის წარმომადგენლების მიერ შეთავაზებულ 2-წლიან კონტრაქტზე, რა დროის განმავლობაშიც 1.3 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებდა. The Athletic ირწმუნება, რომ მესიმ MLS-ში შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი თანხა მიიღოს.

"პარი სენ-ჟერმენთან" მოქმედი კონტრაქტის დასრულებამდე, ჯერ კიდევ 1 თვეა დარჩენილი, რის შემდეგაც მესი ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

"მოხარული ვართ, რომ ლეო მესიმ "ინტერ მაიამიში" გადასვლისა და MLS-ში ასპარეზობის გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ გარიგება საბოლოოდ გაოფიციალურდეს - მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის ჩვენს ლიგაში ხილვას მოუთმენლად ველით", - აღნიშნულია MLS-ის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თანხა არ სახელდება, ცნობილია რამდენიმე შთამბეჭდავი დეტალი, რომელიც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მესიმ კოლოსალურ გარიგებას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც პროფესიონალური საკლუბო კარიერის განმავლობაში პირველად - ევროპის მიღმა იასპარეზებს. მათ შორისაა ლიგისა და Apple-ს ერთობლივი წინადადება, რომელიც მესის Apple TV-ზე, "MLS Season Pass" სერვისის ახალი გამომწერებით მიღებული შემოსავლების წილს სთავაზობს. MLS-ისა და Apple-ის მსგავსად, Adidas-ი, რომელიც ლიგის მაისურებისა და ეკიპირების სპონსორია, MLS-დან მიღებული მოგების წილს მესის გაუნაწილებს.

თუ ყველა ეს დეტალი მართლაც შესრულდება, შესაძლოა MLS-ისა დევიდ ბექჰემის გარიგების მსგავსი ვიხილოთ, რომელმაც 2007 წელს, ბექჰემი მადრიდის "რეალიდან" "ლოს-ანჯელეს გალაქსიში" გადაიყვანა. მაგრამ, ამჯერად, საქმე გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის გარიგებასთან გვაქვს, ვიდრე 16 წლის წინ.

შეგახსენებთ, "ინტერ მაიამი" ამჟამად MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო (მე-15) ადგილზეა და გასულ კვირას მთავარი მწვრთნელი - ფილ ნევილი გაათავისუფლა.

სხვა სტატიები