Belive

,,აი, რა უნდა ქნა 90-ე წუთზე'' - ანრიმ კვარაცხელიასა და იამალის მოქმედებები შეადარა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, CBS Sports-ის ეთერში, ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლამინე იამალის ქმედებები შეადარა.

ანრის აზრით, იამალს ,,ინტერთან'' შეხვედრის ბოლო წუთებში აქცენტი დროის გაყვანაზე უნდა გაეკეთებინა და არა შეტევაზე, მისი თქმით, სწორედ ასე მოიქცა ,,არსენალის'' წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელია, რაც მის გამოცდილებას უსვამს ხაზს:

,,დავიწყოთ ბარსელონასა და ინტერის მატჩით, ყველანი ბედნიერები ვართ იმით თუ როგორი თამაში ვნახეთ, მაგრამ უნდა ვისაუბროთ ბარსას ფეხბურთელების გადაწყვეტილებებზე - 93-ე წუთზე თამაშის მოკვლა უნდა სცადო... 93-ე წუთია, ბურთს ლამინე იამალი იღებს, თუ გოლს გაიტანს, ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ პირადად მე ასეთ მომენტში კუთხურის ალმისკენ გავიქცეოდი და ეს მიქნია კიდეც. იამალი ამას არ აკეთებს, საჯარიმოში შედის და არტყამს, ბურთი კი ძელს ხვდება. შეხედეთ ლევანდოვსკის, ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს...

ახლა ეს ყველაფერი პარი სენ ჟერმენს შევადაროთ - 91-ე წუთია, გუნდს 2-ბურთიანი უპირატესობა აქვს, დააკვირდით კვარაცხელიასა და მის გამოცდილებას, ის არ ცდილობს რომ მეტოქეებს შორის გაიაროს, გვერდითა ხაზისკენ მირბის... აი, რა უნდა გააკეთო ასეთ დროს. ახლა კი პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!'' - ტიერი ანრი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცა. შედეგად, პარიზელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

,,პსჟ-ს'' მეტოქე მიუნხენურ ფინალში, რომელიც 31 მაისსაა ჩანიშნული, ,,ინტერი'' იქნება.

სხვა სტატიები