Belive

GOAL: ხვიჩას ფორმიდან ამოვარდნა ბარკოლას წასვლას დაემთხვა

3 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

როგორ იმოქმედა ბრედლი ბარკოლას 145-მილიონიანმა ტრანსფერმა ხვიჩა კვარაცხელიას ფორმაზე?

პარი სენ-ჟერმენი ბრედლი ბარკოლას ლივერპულში ტრანსფერის შედეგებს უკვე იმკის, თუმცა არა ისე, როგორც ბევრი ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ჩემპიონმა ფრანგი გარემარბის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა (145 მილიონი ევრო) მიიღო, მისი წასვლა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშში დაფიქსირებულ მკვეთრ ჩავარდნას დაემთხვა.

პსჟ-მ შეტევის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად, აიაქსიდან, პერსპექტიული ახალგაზრდა, მიკა გოდტსი გადაიბირა, თუმცა მოქმედი ჩემპიონებისთვის, გარდამავალი პერიოდი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ. ბარკოლას წასვლით გამოწვეული ძვრები მოედნის თითქმის ყველა მონაკვეთში იგრძნობა, მაგრამ ამან ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ ქართველ ვარსკვლავს მიაყენა.

კვარაცხელიას საგანგაშო სტატისტიკა

მშრალი ციფრები გასულ სეზონთან შედარებით მკვეთრ კონტრასტს ქმნის. გასულ სეზონში ხვიჩა უბრალოდ ფენომენალური იყო - მან ლიგა 1-ში 8 გოლი გაიტანა, ევროტურნირებზე კი თავი 10 გატანილი ბურთით გამოიჩინა. 2026/27 წლების სეზონის სტარტი კი სრულიად განსხვავებული სცენარით ვითარდება.

სასტარტო 5 შეხვედრაში (ჯამში 280-მდე წუთი) კვარაცხელიას ანგარიშზე გოლი არ არის. მან მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. კიდევ უფრო საყურადღებოა ის, რომ ლუის ენრიკე მას მოედანზე დიდხანს აღარ ტოვებს: ბრესტთან მატჩში ქართველი 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მარსელთან „ლე კლასიკში“ სულ რაღაც 58-ე წუთზე გაიყვანეს.

მთავარი შიდა კონკურენტის დაკარგვა

სეზონის ასეთი მძიმე დასაწყისი ხაზს უსვამს ხვიჩას თამაშის სპეციფიკას: მისი პროდუქტიულობა ხშირად მატჩის მასშტაბსა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. მთავარი მიზეზი პსჟ-ს გასახდელში შეცვლილი დინამიკაა. გასულ სეზონში, ლუის ენრიკეს მიერ დანერგილი უკომპრომისო შიდა კონკურენციის პირობებში, კვარაცხელია და ბარკოლა მარცხენა ფლანგის პირველნომრობისთვის შეუპოვრად იბრძოდნენ.

ბარკოლას აგრესიული და დაუღალავი გარღვევები მეტოქის დაცვის ზურგს უკან ხვიჩას აიძულებდა, სასტარტოში ადგილის შესანარჩუნებლად მაქსიმალურ ფორმაში ყოფილიყო. ახლა კი 21 წლის გოდტსს ჯერ არ გააჩნია ისეთი სტატუსი და გამოცდილება, რომ პრინციპულ შეხვედრებში კვარაცხელიას პოზიციას საფრთხე შეუქმნას. ბელგიელს ძირითად შემადგენლობაში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია და, შესაბამისად, ვერც ისეთი იმპულსი შექმნა, რაც ქართველ გარემარბს დამატებით სტიმულს მისცემდა.

სტატია მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით.

სხვა სტატიები