დევისის თასი | მზიურის კორტებზე საქართველო მექსიკას დაუპირისპირდება
დევისის თასის მსოფლიო ჯგუფი II-ში, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები მექსიკას დაუპირისპირდება. მატჩები 14-15 სექტემბერს, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დასწრება თავისუფალია.
ცნობილია შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები მექსიკას დაუპირისპირდება. დევისის თასის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებს დავით კვერნაძე უკაპიტნებს, კორტზე კი საბა ფურცელაძეს, ალექსანდრე ბაკშის, ზურა ტყემალაძესა და ალექსანდრე მეტრეველს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, თებერვალში მსოფლიო ჯგუფი I-ის პლეი-ოფში, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში 2:3 დამარცხდა, ხოლო მექსიკა დანიას დაუპირისპირდა და 1:3 წააგო.