Belive
3 თვის წინ

უცნობი გმირის ამბავი | სიცილიელი დიდი თვალებით

სალვატორე "ტოტო" სკილაჩი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

უცნობი გმირის ამბავი | სიცილიელი დიდი თვალებით

"ნაკრებში უკანასკნელი ვიყავი. იქ როგორ მოვხვდი არ ვიცი - სათადარიგო სკამზე ჯდომას ვერც წარმოვიდგენდი. მეგონა, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყურება ტრიბუნებიდან მომიწევდა" - სალვატორე სკილაჩის სკოლაში არასდროს უვლია, ღარიბ ოჯახში დაბადებული ბიჭი პალერმოს ქუჩებში იზრდებოდა და თავის ქალაქში, კარიერის პირველი ნაბიჯებისას, სამოყვარულო კლუბში გატანალ ერთ გოლზე ევრო-ნახევარს უხდიდნენ. ეს ამბავი იქამდე 9 წლით ადრე ხდება, ვიდრე იტალია 1990-ში მუნდიალს უმასპინძლებს - ქვეყანაში ფეხბურთის ოქროს ხანაა, სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ ატარებენ, ნაკრებში 3 რობერტო ჰყავთ: დონადონი, მანჩინი და ბაჯო. დიდი ფრანკო ბარეზიც იქ არის და პატარა პაოლო მალდინიც. 22 კაცშია კარლო ანჩელოტი და ჯანლუკა ვიალი - ჯორჯო მოროდერმა შექმნა კომპოზიცია Un'estate italiana (იტალიური ზაფხული) - ჯიანა ნანინიმ ედოარდო ბენატოსთან ერთად ტექსტი დაწერა და მივიღეთ ყველაზე ლამაზი სიმღერა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში - იტალია მუნდიალის მოსაგებად ემზადებოდა.

არავინ იცოდა, რომ ეს სიმღერა სალვატორე 'ტოტო' სკილაჩისთვის იწერებოდა. საერთოდ, რა ესაქმებოდა 25 წლის ტოტოს მუნდიალის განაცხადში, როცა მხოლოდ 1 წელი ჰქონდა გატარებული სერია A-ში, 1989 წელს ის 'იუვენტუსმა' ქვედა ლიგის 'მესინასგან' 3 მილიონად იყიდა - სკილაჩი 7 წელი თამაშობდა მესინას შემადგენლობაში იტალიის მეორე და მესამე ლიგებში. გახსნით შეხვედრაში, ავსტრიის წინააღმდეგ, მწვრთნელმა აძელიო ვიჩინიმ ტოტოს უხმო, მას ანდრეა კარნავალე უნდა შეეცვალა, უგოლო ფრე იყო, იტალიას კი გახსნით მატჩში მოგება უნდოდა.

მეკარე სტეფანო ტაკონის გვერდით ვიჯექი, ის ჩემი თანაგუნდელი იყო იუვენტუსში. როცა დავრწმუნდი, რომ მწვრთნელი მართლაც ჩემ შეშვებას აპირებდა, ტაკონიმ მითხრა: შედი და თავით გაიტანე, ისე როგორც ამას ჯონ ჩარლზი გააკეთებდა (უელსელი თავდამსხმელი).

როდესაც თავით გოლი გავიტანე გიჟივით სირბილი იქამდე არ შევწყვიტე, სანამ სტეფანომდე არ მივედი და მას ჩავეხუტე. - ტოტო სკილაჩი (მისი პირველი გოლის შესახებ)

ისე გამოვიდა, რომ შეცვლაზე შესულმა, არაფრით გამორჩეულმა და უცნობმა ტოტომ, იტალიას თავისი ერთადერთი გოლით მოაგებინა და დაიწყო Notti magiche (მაგიური საღამოები). იტალიელებმა ეს მუნდიალი ვერ მოიგეს, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავეს, თუმცა იპოვეს გმირი, რომელშიც საკუთარ თავს ხედავდნენ. სკილაჩიმ ტურნირზე 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირი გახდა, "იტალიური ზაფხულის" საუკეთესო ფეხბურთელადაც სალვატორე დაასახელეს - კაცი, რომელსაც მანამდე არავინ იცნობდა. "თუ ზუსტი ვიქნები, ჩემი კარიერა 4 კვირისგან შედგება" - ამბობდა სკილაჩი ინტერვიუში, თუმცა ეს ის 4 კვირაა, რომელმაც მას საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა. ადამიანი სწორ დროსა და სწორ ადგილას - როგორც ამბობენ, იტალიელებს საკუთარ ქვეყანაში უტიტულოდ დარჩენა სკილაჩის ვნებამ გადაატანინა, მან ერი გააოცა. 6-ვე ჯერზე, იტალიელები მის გაფართოებულ, გაგიჟებულ, სიცილიურ თვალებში იყურებოდნენ და სამუდამოდ ტოვებდნენ საკუთარ მეხსიერებაში.

იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებს უბრალოდ ცრემლები მოსდიოდათ როცა მხედავდნენ. 'თვალები... თვალები ისე გააკეთე, როგორც გოლის შემდეგ' - ხშირად მთხოვდნენ და მეც ვაკეთებდი. ვფიქრობ, წარმატება ძნელად მოდის, ამიტომ სასიამოვნოა, როცა ხალხს ახსოვხარ. ყველაზე რთული ის არის, როდესაც აღარ გაფასებენ, ამიტომ არასდროს შევუწუხებივარ იტალიელების გამოჩენილ ყურადღებას.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, უცხოეთში ჩასულ იტალიელებს, საზღვარზე პირველი რასაც ეუბნებოდნენ "ტოტო" იყო, ეს ბევრისგან მომისმენია. მგონი, იმ პერიოდში, ჩვენთან ყველა ძაღლსაც ტოტო დაარქვეს. - სკილაჩის ინტერვიუ BBC-თან (2014 წელი)

1990 წლის გმირმა ავსტრიას, ჩეხოსლოვაკეთს, ურუგვაის, ირლანდიას, არგენტინასა და ინგლისს გაუტანა. იტალია ნახევარფინალამდე ისე მივიდა, რომ გოლი არ გაუშვია - აქ მათ მარადონას არგენტინა დახვდათ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ფინალის საგზური არგენტინელებმა პენალტების სერიით მოიპოვეს, იტალიას კი ისღა დარჩენოდა გერმანიისგან დამარცხებული ინგლისისთვის მოეგო და სახლში მესამე ადგილი მაინც დაეკავებინა. მატჩის 86-ე წუთზე დანიშნული პენალტი რობერტო ბაჯომ სკილაჩის დაუთმო - ტოტომ გაიტანა და იტალიამ 2:1 მოიგო. სალვატორე ჩაეჭიდა შანსს, რომელიც მას ცხოვრებამ მისცა და 1 თვე ისე ითამაშა, როგორც სიზმრებში წარმოედგინა - აღმოჩნდა, რომ ეს დროც საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება 4 კვირაში დაგროვებული დიდებით გაატარო. შემდეგ "ინტერში" და იაპონურ "ჯუბილო ივატაში" ითამაშა, ნაკრებშიც მხოლოდ 8 ჩატარებული შეხვედრა დაამატა კარიერულ ციფრებს, თუმცა ეს არაა მთავარი - ცხოვრების საქმე უკვე შესრულებული ჰქონდა.

სკილაჩი 1990 წლის მუნდიალის ბომბარდირისა და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოებით/იტალიის ნაკრები მერვედფინალური მატჩის დაწყებამდე, ურუგვაის ნაკრებთან

სალვატორე სკილაჩი 59 წლის ასაკში იქ გარდაიცვალა, სადაც დაიბადა. პალერმოელმა ბიჭმა მოახერხა ყველას ყურადღება მაშინ მიექცია, როცა იტალიელები თავიანთი უდიდესი ფიგურების ტრიუმფს ელოდებოდნენ, ეს იგივეა, სცენაზე ხალხმა მაშინ შემოგხედოს, როცა იქვე ალ პაჩინო და რობერტ დენირო თამაშობენ. სკილაჩის ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როცა ჩეხოსლოვაკებთან მისსა და ბაჯოს გოლებს, მეორე დღეს, გაზეთის მთავარ გვერდზე ფოტო მოჰყვა წარწერით: "რა ლამაზი ხარ".

რომა დევიძე
რომა დევიძე

ესეც საინტერესოა