Belive
1 წლის წინ

ნეიმარი საუდის არაბეთში - დიდი ისტორია, დაღმასვლა და ლეგენდის დასასრული

ნეიმარი საუდის არაბეთში - დიდი ისტორია, დაღმასვლა და ლეგენდის დასასრული

საძიებო ველში, ერთი სიტყვა ჩავწერე - ნეიმარი. ვკითხულობ: Soccer, Al-Hilal. მასზე საუბრისას, ჯერ სოკერი რა სახსენებია და შემდეგ "ალ-ჰილალი". ენათაშორისი სხვაობა გასაგებია, მაგრამ როდესაც 31 წლის ნეიმარი ევროპულ კარიერას ასრულებს და მულტიმილიონიან არაბულ კონტრაქტს აწერს ხელს, რთულია, ფეხბურთი გიყვარდეს და ამ ტრანსფერმა არ დაგაფიქროს.

XXI საუკუნეში, ბრაზილიამ ფეხბურთს არაერთი ჟონგლიორი აჩუქა: კიჭა რონალდოს მიერ გაბითურებული მეკარეები, რონალდინიოს სამბა, რობინიოს ბურთზე ფეხის გადატარებები და სხვ. ბრაზილიური ფეხბურთის მთავარი მშვენება და ესთეტიკა კოპაკაბანას სანაპიროსა და ფაველებში ჩასახული ფეხბურთია, რისი ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი ნეიმარი გახლდათ - ტალანტი, რომელიც ფინტებს იგონებდა და რომელმაც მთელი მსოფლიო "ახალ პელეზე" აალაპარაკა.

წლების წინ, ერთი უცხოენოვანი სტატია წავიკითხე, რომელიც გვიყვებოდა, თუ როგორ გამოჩნდა ბრაზილიურ ფეხბურთში "გათეთრების" ტენდენცია: სტატიის ავტორი აღნიშნავდა, რომ ბრაზილიურ საფეხბურთო სკოლებში პრაგმატული, ევროპული სტილი გამოჩნდა, რაც შემოქმედებითი სტილის ფეხბურთელებს თავისუფლებას უკარგავდა. თუმცა მისი მოსაზრება ოდნავადაც არ შეესაბამებოდა "სანტოსში" მობურთავე ვუნდერკინდს, რომელიც მეტოქე მცველებს აწამებდა და ერთ სათამაშო მონაკვეთში რამდენჯერმე ატყუებდა ხოლმე. 

ყველა ახალგაზრდა ფერადკანიან ფეხბურთელს, რომელიც "სანტოსში" თავს გამოიჩენს, პელეს ადარებენ. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პელეს მსგავსი არავინ იქნება. ყველა ფეხბურთელი თავის ისტორიას წერს და ნეიმარიც ამას თავს ჩინებულად გაართმევს . - რობინიო

"ახალი პელეს" წნეხი რობინიოს უკვე გამოვლილი ჰქონდა და მისი მესიჯი გასაგები გახლდათ: შეეშვით, აცადეთ. თუმცა, თინეიჯერობიდან, ნეიმარი მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო. YouTube-ისა და სოციალური ქსელების გარიჟრაჟზე, მისი ფინტებისა და გოლების ვიდეოები ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი გახლდათ: მთავარი მოვლენები ფარდის მიღმა იმალებოდა.

ბარსელონამდე განვლილი გზა

14 წლის ასაკში, აგენტმა, ვაგნერ რიბეირომ, ნეიმარი მადრიდში ჩაიყვანა. როდესაც "სანტოსში" ეს ამბავი შეიტყვეს, დიდი ფულის დაკარგვის საფრთხე იგრძნეს და, სასწრაფოდ, კონტრაქტი გაამზადეს. ხელფასის კუთხით,  ბრაზილიური კლუბი "რეალსა" თუ სხვა საფეხბურთო გველეშაპებს კონკურენციას ვერ გაუწევდა, ამიტომაც ასეთი შეთანხმება შედგა: როდესაც ნეიმარი გაიყიდებოდა, ბრაზილიელ ფეხბურთელს სატრანსფერო თანხის 40% უნდა შეხვედროდა, რაც უპრეცედენტო ამბავს წარმოადგენდა.

2011 წელს, "ფლამენგოს" კარში გატანილმა საოცარმა გოლმა პუშკაშის ჯილდო მოუტანა. მის სახელს "რეალსა" და "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებდნენ, მოლაპარაკებას "ჩელსიც" აწარმოებდა. მსურველთა რიგი დიდი იყო, გადაწყვეტილება კი თავად ფეხბურთელს უნდა მიეღო. სწორედ ამ დროს, 19 წლის ნეიმარმა თამაში "ბარსელონაში" გადაწყვიტა.

დიდ ფეხბურთთან ერთად, მისი სახელის გვერდით, ყოველთვის დიდძალი ფული ფიგურირებდა და ეს ტენდენცია უცვლელი დარჩა. 2011 წლის 15 ნოემბერს, ბრაზილიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა კატალონიურ კლუბთან წინასწარ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, ნეიმარი "ბარსაში" 2014 წელს უნდა გადასულიყო. 3 დღის შემდეგ, მისმა მშობლებმა კომპანია N&N Consultoria Esportiva e Empresarial დააარსეს, რომლის საბანკო ანგარიშზეც, "ბარსელონამ" €10 მილიონი გადარიცხა (იმ პირობით, რომ 10-ს დამატებით €30 მილიონი დაემატებოდა).

ამის შესახებ "სანტოსმა" არაფერი იცოდა. 8 თვის შემდეგ, ყოველწლიურ ანგარიშში, "ბარსელონამ" ეს გადარიცხვა 178-ე გვერდზე დაიტანა, თანაც ისე, რომ ნეიმარის სახელი არსად იყო ნახსენები. პარალელურად, ნეიმარის მამა "სანტოსს" კონტრაქტის 1 წლით შემცირებას სთხოვდა, რადგან "ბარსელონას" მისი შეძენა დაჩქარებული წესით შეძენა სურდა. მიზეზი? - "მადრიდის რეალი".

"ბარსელონასთან" შედარებით, მადრიდული გრანდი ნეიმარს უფრო მაღალ ანაზღაურებას სთავაზობდა. ამასთან, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ბრაზილიელი ფორვარდი €40 მილიონს მიიღებდა, რომელსაც, ჯარიმის სახით, "ბარსელონას დაუბრუნებდა. მეორე მხრივ, "ბარსელონა" ნეიმარს ეუბნებოდა, რომ "რეალში" ყოფნისას გაფორმებული სასპონსორო შემოსავლების 50%-ის გადარიცხვა ბრაზილიელს "ბარსელონას" ანგარიშზე მოუწევდა.

საბოლოო ჯამში, 2013 წლის ზაფხულში, "ბლაუგრანამ" და მისმა იმდროინდელმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა გაიმარჯვეს. თუმცა ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.

არ მინდა, ნეიმარის სატრანსფერო დეტალებით გადაგღალოთ, დანარჩენ ისტორიას მოკლედ მოგიყვებით: "ბარსელონას" 170,000 წევრი ჰყავს, რომლებიც კლუბის მმართველობაში მეტ-ნაკლებად არიან ჩართულები. ერთ-ერთმა მათგანი აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ კლუბის ახალი სპონსორი კატარული კომპანია უნდა გამხდარიყო, რაც, მისი აზრით, კლუბის ფილოსოფიასთან (Més que un Club) წინააღმდეგობაში მოდიოდა. კლუბში მიმდინარე პროცესებით უფრო ღრმად დაინტერესდა და ფინანსური ანგარიშის 178-ე გვერდზე, უცნაურობა შენიშნა, რაც, საჩივრის სახით, ესპანეთის ეროვნულ სასამართლოს გადაგზავნა.

სარჩელი სკანდალში გადაიზარდა, პრეზიდენტი გადადგა. დროებითმა ხელმძღვანელმა, ბართომეუმ, თქვა, რომ კლუბს ტრანსფერი €57.1 დაუჯდა, საიდანაც ნეიმარის ოჯახს €40 მილიონი ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ ამ გზით, "ბარსელონამ" გადასახადები დამალა და ეს პროცესი კლუბის იმ პრობლემათა ჯაჭვს შეუერთდა, რომელმაც, პირდაპირ თუ ნაწილობრივ, ლიონელ მესისა და "ბლაუგრანას" გზების გაყოფაზე იქონია გავლენა.

ნეიმარი ბარსელონაში

ნეიმარმა "ბარსელონაში" 4 წელი გაატარა. 186 მატჩში, 105 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები საგოლე გადაცემით 76-ჯერ მოამარაგა. იგრძნობოდა, რომ ნეიმარისა და "ბარსელონას" სათამაშო სტილი ერთმანეთს ხავი-ინიესტასავით შეესაბამებოდა, რის გამოც, გულშემატკივარსაც უყვარდა.

სუარესის მოსვლის შემდეგ, ნეიმარი XXI საუკუნის ერთ-ერთ ერთ საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) ტრიოს წევრი გახდა, რომელმაც, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით, 2014/15 წლების სეზონში, ტრიპლეტი შეასრულა. ალბათ გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლიც გაიტანა და მომდევნო სეზონში, ლუის ენრიკესგან მეტი თავისუფლება მიიღო, რამაც კრეატიული პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალება მისცა.

ნეიმართან შეხვედრისას, მცველებს მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ: პენალტი ან გოლის გაშვება. - ლუის ენრიკე

ნეიმარის კატალონიურ ვოიაჟში, განსაკუთრებული დღე იყო "პარი სენ-ჟერმენთან" საპასუხო შეხვედრა: "ბარსელონას" 4:0 უნდა შემოეტრიალებინა. მაშინ, როდესაც მატჩი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და ანგარიში "ბარსას" სასარგებლოდ 3:1 იყო, ნეიმარმა ჯერ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად, შემდეგ 11-მეტრიანი გაიტანა და შეხვედრის ბოლო წუთზე, სერხი რობერტოს საგოლე გადაცემა გაუკეთა. 6:1. "კამპ ნოუზე" შეკრებილი და მთელ მსოფლიოში გაბნეული გულშემატკივარის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ამაზე მხოლოდ თუ იოცნებებდი. "ბარსელონას" ქომაგს ნეიმარი მთელი გულით უყვარდა, თუმცა ბრაზილიელს გონებაში სულ სხვა აზრები უტრიალებდა.

როგორც უკვე ვთქვი, ბავშვობიდან, ნეიმარი უდიდესი ყურადღების ცენტრში იყო და მის ირგვლივ, დიდძალი ფულის სუნი ტრიალებდა. ამგვარ პირობებში, ლოგიკურია, რომ ადამიანში გაჩნდეს პიროვნული განსაკუთრებულობის შეგრძნება, რომელიც ზრდასრულობაში, ხასიათის მნიშვნელოვან შტრიხად იქცევა. ნეიმარი მესისთან პაექრობაში ყოველთვის დაჩრდილული ჩანდა, მსოფლიო მესი-რონალდუს პაექრობაზე საუბრობდა და საუკეთესოზე საუბრისას, ნეიმარის სახელს არავინ ახსენებდა. მისი მაქსიმუმი მეორეობა იყო, მის ეგოს კი პირველობა სურდა.

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

€222 მილიონი - სწორედ ეს თანხა გადაიხადა "პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმარის სანაცვლოდ, რამაც, ცხადია, ფინანსურად ყველა მხარე დააკმაყოფილა, ნეიმარს კი განსაკუთრებულობის შეგრძნება მოჰგვარა. თანაც, ეს იყო გამოწვევა - ნეიმარს თავისი პირველობა იქ უნდა დაემტკიცებინა, სადაც მასზე უკეთესი არავინ იქნებოდა.

თუკი სტატისტიკის თვალსაზრისით შევხედავთ, ნეიმარისთვის "პსჟ-ში" გატარებული პირველი სეზონი საუკეთესო გახლდათ. ეროვნულ ჩემპიონატში 32 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე კი - 6. თუმცა სწორედ ამ დროს ემთხვევა მთავარი პრობლემის, ტრავმიანობის გამოჩენა. 

2018 წლის თებერვალში, "მარსელთან" შეხვედრაში, ტერფი მოიტეხა, რის გამოც "რეალთან" შეხვედრა გამოტოვა. "პსჟ" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, ნეიმარი კი მინდორს სეზონის დასრულებამდე დაემშვიდობა. იმავე წელს, რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც, თითქოსდა საჩემპიონოდ გამზადებული "სელესაო", ბელგიის ნაკრებმა გამოაგდო.

მას შემდეგ, ნეიმარი და ტრავმები ერთ განუყოფელ ცნებად იქცა. ტრავმებისა და რეაბილიტაციის პროცესში, 2018/19 წლების სეზონიდან, "პსჟ-სა" და ბრაზილიის ნაკრებში ჯამში 116 მატჩი გამოტოვა (626 დღე). სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა პარიზში ახალი გმირის, კუნინძა კილიან მბაპეს გამოჩენა, რომელიც, მთავარი ობიექტი გახდა.

ნეიმარს უყვარს გართობა, წვეულებები, ვარჯიშზე ვერტმფრენით მისვლა. მწვრთნელისთვის, მისი ტიპის ფეხბურთელი რთულად გასაკონტროლებელია. მაგალითისთვის, პეპ გვარდიოლა ნეიმარის მსგავსი ხასიათის ფეხბურთელებს არ სწყალობს და ამისი ნათელი მაგალითი რონალდინოს "ბარსელონადან" გაშვებაა, თუმცა პარიზში ნეიმარი კვლავ მეფურ ცხოვრებას განაგრძობდა.

არაფერი ამართლებს იმას, რასაც ნეიმარი ფეხბურთის მიღმა აკეთებს. მასთან ერთად, ევროპაში 2-ჯერ ვარ ნამყოფი. ვესაუბრე და ვუთხარი: ღმერთმა საჩუქარი მოგცა, შენ კი მას ანიავებ - პელე

დასკვნითი ნაწილი

გაფლანგა კარიერის საუკეთესო წლები და ნიჭი. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ინატრებდა მის მსგავს კარიერასა და დიდებას, მაგრამ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის, რომ გაცილებით მეტი შეეძლო. "სელესაოს" ყველა დროის ბომბარდირობას ერთი გოლიღა აშორებს, მაგრამ ბრაზილიაში სხვა ლეგენდებს აფასებენ: პელე, რონალდო, რონალდინიო, ჟაირზინიო, რომარიო, ზიკო, გარინჩა, სოკრატესი, კარლოს ალბერტო და სხვა მრავალი.

ვერავინ იფიქრებდა, რომ 31 წლის ასაკში, ნეიმარზე ევროპული კლუბები არ ინადირებდნენ. მისი დაბრუნება არც ფინანსურ პრობლემებში გახვეულ "ბარსელონას" სურდა და არც პრემიერ ლიგის კლუბებს, სადაც ფიზიკური მზაობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეიმარის კაპრიზები პირად ვერტმფრენთან დაკავშირებით.

"ალ-ჰილალმა" მის სანაცვლოდ €90 მილიონი გადაიხადა. ჯერჯერობით უცნობია, ვის რამდენი შეხვდა, თუმცა ამ ამბავში, ეს ნაკლებადაა სადარდებელი.

 

ევროპაში ბევრს მივაღწიე, თუმცა ყოველთვის მინდოდა, რომ ფეხბურთი გლობალურ დონეზე მეთამაშა და თავი ახალ გამოწვევებში გამომეცადა. მინდა, ახალი სპორტული ისტორია დავწერო - ნეიმარი

ქვემოთ მოცემული კონტრაქტის დეტალების მიხედვით, მისი განცხადების კომიკურობის დონე თავად შეაფასეთ.

  • 2 წელში გამოიმუშავებს €300 მილიონს. ბონუსებისა და სხვა შეთანხმებების შედეგად, შეიძლება ანაზღაურებამ €400 მილიონი შეადგინოს;
  • სოციალურ მედიაში განთავსებულ თითოეულ პოსტში, სადაც საუდის არაბეთს პრომოუშენს გაუწევს, €500,000 ჩაერიცხება;
  • მოემსახურება კერძო თვითმფრინავი;
  • თითოეულ შეხვედრაში, სადაც "ალ-ჰილალი" გამარჯვებას მოიპოვებს, დამატებით €80,000-ს მიიღებს;
  • და სხვა მრავალი, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით.
გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა