Belive
8 თვის წინ

ქართული ფეხბურთის მრავალჟამიერი

ქართული ფეხბურთის მრავალჟამიერი

გაივლის წლები და ამ ამბავს ისევე მოვუყვებით ახალ თაობას, როგორც 1981 წლის 13 მაისის ღამის ისტორიებს გვიყვებოდნენ უფროსები. ამდენი წლის მოლოდინის შემდეგ, მივიღეთ ენით აღუწერელი სიხარული, ბედნიერება, ერთიანობა, სიამაყე, თავდაჯერება და რაც მთავარია, შედეგი - ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ეს გზა ძალიან გრძელი და რთული ქარტეხილებით იყო სავსე. წარსულის ჩავარდნებზე ახლა ნუ ვისაუბრებთ - ეს უკვე ბევრჯერ გადააზრებული საკითხია და ამ საყოველთაო ზეიმის დროს, ყურადღება სხვა მიმართულებით გავამახვილოთ. ვლადიმირ ვაისის მიერ დაწყებული გუნდის შენება ვილი სანიოლმა გააგრძელა და მოედანზე ამ თვალსაჩინო პროგრესის მთავარი რეზულტატი მთელმა ქვეყანამ იზეიმა: მივიღეთ ახალგაზრდებითა და "ძველი გვარდიით" დაბალანსებული გუნდი, რომელმაც გამოცდილ საბერძნეთის ნაკრებთან 120 წუთის განმავლობაში ტაქტიკური შეცდომების გარეშე ითამაშა.

ამ ნაკრებმა, ვილი სანიოლმა, ადელ შედლიმ, ზურაბ ხიზანიშვილმა, ასევე ნაკრების სხვა მწვრთნელებმა თუ ანალიტიკოსებმა, სტაფმა, გულშემატკივარმა - ეს მატჩი ყველამ ერთმანეთს აჩუქა და უსახსოვრა. ეს დღე ხმებითაც დამამახსოვრდება: გაბმული სიგნალები და ქომაგების ერთიანი შეძახილები - "მე ვარ საქართველო", "შენთან, შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია" და ყველაზე მეტად, გამარჯვების შემდეგ, მოედანზე შეცვენილი, ფეხბურთელებთან ერთად მოზეიმე გულშემატკივრების ფონზე ჩართული ქართული მრავალჟამიერი - ასეთი ერთიანი, ასეთი ემოციური, ასეთი ძარღვიანი, ნამდვილი, ცრემლიანი, გულწრფელი, ერთიანი სიხარული არის იდეალური დასტური იმისა, თუ რას ნიშნავს ფეხბურთი და რომ მისი მნიშვნელობა სპორტული დაპირისპირების საზღვრებს სცდება.

მამარდაშვილი

მამარდათი დავიწყოთ - 23 წლის ასაკში უკვე მსოფლიო დონის, შემდგარი, ძალიან საიმედო, "დაღვინებული" მეკარე, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს. მამარდაშვილმა "ლა ლიგის" უკანასკნელ ტურში პენალტის აღება შეძლო და 11-მეტრიან სერიაში, ცხადია, ეს თავდაჯერებულობას კიდევ უფრო მეტად მატებდა. საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო საბერძნეთის ნაკრების კაპიტნის, ბაკასეტასის ვერგატანილი პენალტი - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პირველ პენალტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამ დროს, მამარდამ შესაშურად იმოქმედა. 11-მეტრიანი სერიის დასკვნით ფაზაში, იაკუმასისს რომ არ აეცილებინა, ის ბურთიც მისი ნადავლი გახდებოდა.

ცენტრალური მცველები

ჩვენს ისტორიაში, ცენტრალური დაცვის ასეთი თამაში რამდენი გახსენდებათ? პლეი-ოფში, ორ მატჩში, კვერკველია-კაშია-დვალის ტრიომ მეტოქეს გოლი არ გაატანინა. კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა კვერკველიას, რომელმაც, ერთი მხრივ, ბურთის ამოტანისას შეცდომა რამდენჯერმე დაუშვა, თუმცა ყველა საჰაერო დუელი მოიგო (3), ჩინებული იყო ართმევაში და ბერძნების კარისკენ დარტყმა 2-ჯერ დაბლოკა. ურთულესი ამოცანა ჰქონდა ჩვენს კაპიტანს, გურამ კაშიას, რომელსაც ფოტის იოანიდისის აყვანა ევალებოდა - ფიზიკურად, მონსტრი ფორვარდის, რომელმაც 90 წუთში კარისკენ მხოლოდ 1-ხელ მოახერხა დარტყმა. ქებათა ქება დვალს, რომლის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენასაც სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ, უდავოდ, როგორც ლუქსემბურგთან, ასევე საბერძნეთთან, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ.

განაპირა მცველები

საქართველოს ნაკრებში ოთო კაკაბაძის გამოჩენის შემდეგ, შევეჩვიეთ, რომ მარჯვენა ფლანგზე გვყავს მცველი, რომელიც ყოველთვის თამამად გადადის შეტევაში, მეტოქის მოტყუებაზეც მიდის, სახიფათოდ აწვდის, დასარტყმელ პოზიციაზეც აღმოჩნდება ხოლმე და ბურთის დაკარგვისას, დროულად ჩამოსვლას ყოველთვის ასწრებს. ამასობაში, კაკაბაძე იმედისმომცემი ახალგაზრდა მოთამაშე აღარაა - საბერძნეთთან მოგებულ მატჩში, ეროვნული ნაკრების მაისური მესამოცედ მოირგო და ჩინებული მატჩიც ჩაატარა.

მარცხენა ფლანგი შეტევებში უფრო მეტად გამოცდილ ლევან შენგელიას ჰქონდა ჩაბარებული, რომლისთვისაც, ეს პოზიცია ყველაზე კომფორტული ნამდვილად არ არის - ეს სანიოლის თამამი, გააზრებული, სარისკო გადაწყვეტილება იყო, რასაც ფონად ირაკლი აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვებაც ემატებოდა.

ლუქსემბურგთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ სანიოლის ჩანაფიქრმა გაამართლა - შენგელია ვერცხლისწყალივით მოძრაობდა და აქტივში საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. საბერძნეთთან მიღებული ტრავმის გამო, მოედანი 86-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად შემოსულმა წიტაიშვილმა კი თავი შესანიშნავი სოლორეიდითა და ართმევაზე ბოლომდე, თავგანწირული თამაშით დაგვამახსოვრა.

ქოჩორაშვილი - კიტეიშვილი - ჩაკვეტაძე ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო

ჩემი აზრით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქოჩორაშვილი იყო - ფეხბურთელი, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში თავბრუდამხვევი პროგრესი გაიარა და ლიდერული თვისებები დაგვანახა. საბერძნეთთან მატჩი საერთოდ პიკი იყო: ყველა ორთაბრძოლაში შედიოდა, ბურთს იშვიათად კარგავდა, შორიდან დარტყმაც სცადა: ქოჩორაშვილი ნამდვილი ძრავი იყო - ისეთი ენერგიით თამაშობდა, იფიქრებდი, რომ კიდევ ერთ ფინალს ითამაშებდა.

სანიოლმა თქვა, რომ პირველი პენალტის დარტყმა თავად მოითხოვა: "ამას კვერცხები სჭირდებაო", - ესეც დაამატა. თან როგორ დაარტყა? აუღებელი, უძლიერესი დარტყმა, რომლის მუხტი მთელ სტადიონს და რაც მთავარია, გუნდს გადაეცა. არც ის უნდა გამოვტოვოთ, რომ მიქაუტაძის აცილებული პენალტის შემდეგ, გიორგისკენ გაიქცა და გაამხნევა - ესეც დასაფასებელია.

კიტეიშვილი - ჩაკვეტაძის წყვილის შემყურეს, ყველა ის მატჩი მახსენდებოდა, რომელიც მათ გარეშე ვითამაშეთ, თუ როგორ გვაკლდნენ იმ შემთხვევებში. ამ ბიჭებს ბურთთან ურთიერთობის ის კლასი აქვთ, რაც უპირატესობის მოპოვებისთვის, ბურთის სწორად განაწილებისთვის, კომბინაციური თამაშისთვის, დაცვიდან შეტევაში ტრანზიციისთვის ჰაერივით გვჭირდება. კიტეიშვილი თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ სოლიდური იყო - ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა (50) სწორედ მის ანგარიშზეა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ კიტე იუბილარი იყო: მისი უდიდესი წვლილით, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ამაზე უკეთესი საჩუქარი წარმოუდგენელია.

ქართველ ქომაგს გიორგი ჩაკვეტაძე განსაკუთრებით უყვარს და ეს ემოციური კავშირი სრულიად დამსახურებულია - ბიჭი, რომელმაც ქართულ ფეხბურთს იმედი დაუბრუნა. მძიმე ტრავმის გამო, თითქოს ჩაქრა, მაგრამ ისევ დაბრუნდა, ასრულდა გულშემატკივარის ნატვრა, რომ მას და კვარაცხელიას ერთად ეთამაშათ, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანდნენ? რამდენიმე წლის წინ ეს მხოლოდ ოცნების საგანი იყო, დღეს კი რეალობაა.

შემტევები

ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძე და ხვიჩა კვარაცხელია დააყენა. ბუდუსთვის, ეს იდეალური პოზიციაა, რასაც ვერ ვიტყვით კვარას შემთხვევაში. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვილი სანიოლის ხედვა ასეთია - გუნდს ასე სჭირდება, ტაქტიკურად, 3-5-2 ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესოა - ამიტომაც, კვარას მარცხენა ფლანგზე ხშირად ვერ ვხედავდით და მისი სათამაშო სტილი განსხვავებული იყო.

უნდა ითქვას, რომ საბერძნეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველებმა - მავროპანოსმა და ჰაძიაკიდოსმა შესანიშნავად ითამაშეს და ჩვენს ფორვარდებს ბურთის მიღებისა თუ სივრცის განთავისუფლების მცდელობისას მუდმივ წნეხში ამყოფებდნენ. დაუვიწყარია ბუდუ ზივზივაძის მომენტი, როდესაც უკვე ბალახზე დაცემულმა, ბურთზე თავით ითამაშა - ალბათ, მთელი ნაკრების განწყობას და შემართებას ეს მომენტი გამოხატავს.

ამბობენ, კვარამ ვერ ითამაშაო და ამას ვერ ვიზიარებ. კი, კვარასგან სხვა პერფორმანსს ვართ შეჩვეულები, თუმცა გავითვალისწინოთ ის, თუ რამდენად სწორად თამაშობდნენ მის წინააღმდეგ ბერძნები და ისიც, რომ კვარა მისთვის ყველაზე კომფორტულ პოზიციაზე თითქმის არ ყოფილა. ბურთის წაღება და დრიბლინგი 10-ჯერ სცადა (აქედან 6 წარმატებული გამოდგა) და მეტოქეებს 3 ყვითელი გამოსტყუა და გადაქანცა, კარისკენ დარტყმა 3-ჯერ სცადა, თუმცა ბურთი კარის ჩარჩოში არ მოხვედრილა. მოედანზე მისი გადაადგილების რუკას თუ ნახავთ, გაოცდებით - კვარა ყველგან იყო.

შეცვლები

ვილი სანიოლის მითითებით, პირველი შეცვლა მატჩის 75-ე წუთზე განხორციელდა, როდესაც მოედანზე გიორგი მიქაუტაძე გამოჩნდა. ბერძნებს გადაღლილობა უკვე ეტყობოდათ, მიქაუტაძე კი მომენტზე იყო დაგეშილი. საოცარი იყო მისი ჩაჭრა, რომელმაც 2007 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან გიორგი შკინინის ჩაჭრა და მისი ლეგენდარული ლელო გამახსენა - "მეცის" შემტევმა გოლის გატანა ვერ შეძლო, თუმცა შეცვლაზე შემოსულ ზურიკო დავითაშვილს იდეალური პასი გაუკეთა - ეს იყო ყველაზე რეალური საგოლე შანსი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა შექმნა.

თავის მხრივ, ზუკა დავითაშვილმა და ნიკა კვაკვესკირმა გადაღლილი ჩაკვეტაძე-კიტეიშვილის დუეტი ჩაანაცვლეს, რათა მოედნის ცენტრში ქაოსი არ შექმნილიყო და ბურთის შენარჩუნება უფრო მეტად შეგვძლებოდა.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ წიტაიშვილის ძალიან ეფექტური შემოსვლა და კვარაცხელიას ნაცვლად შემოსული ქვილითაია, რომელმაც მოედანზე სულ რაღაც 11 წუთი დაჰყო, თუმცა ამ დროში ბურთი არ დაუკარგავს, ზუსტი გადაცემები შეასრულა და საჰაერო ორთაბრძოლის მოგების შედეგად, მიქაუტაძეს საკვანძო პასიც გაუკეთა, რომლის რეალიზებაც, ამ უკანასკნელმა, ვერ შეძლო.

და რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კვეკვესკირის მიერ ცივსისხლიანად შესრულებული 11-მეტრიანი. ნიკას ნაკრებში 58 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა გოლი არასოდეს გაუტანია. გაგახსენებთ, 2 წლის წინ, ბულგარეთის ნაკრებთან მოგებულ მატჩში (2:5) 11-მეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო, თუმცა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა საკუთარ თავზე აიღო და როგორც ჩელებაძეზე ამბობენ, ბურთი ნელა მიგორავდა, მაგრამ აუღებელი იყოო - ზუსტად ამ სტილში გაიტანა, შემდეგ უკან მოიხედა და გაგიჟებული თანაგუნდელების დანახვისას გაიაზრა, რომ მორჩა, საქართველოს ნაკრები ნანატრ ტურნირზე გაიყვანა. ნაკრებში, გოლების გრაფაში, ისევ 0 უწერია, მაგრამ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გოლის ავტორი ნიკა კვეკვესკირია.

სულ ეს არის, ზღაპრის ბოლო მართლა კეთილი გამოდგა. მატჩი რამდენიმე დღის წინ იყო და ემოცია არ ნელდება. წინ ევროპის ჩემპიონატი გველოდება - ჯგუფში თურქეთს, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ვითამაშებთ. საფეხბურთო ზეიმი გრძელდება და ასეთი ერთიანი, შეკრული, მიზანდასახული და ახალგაზრდული გუნდით, კიდევ უფრო შორეული მიზნებისკენ გვეხსნება გზა.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა