Belive
10 თვის წინ

არშემდგარი შედევრები | გოლები, რომლებიც უნდა გასულიყო

არშემდგარი შედევრები | გოლები, რომლებიც უნდა გასულიყო

ფეხბურთის მრავალწლიან ისტორიას ბევრი შედევრი ახსოვს - ეს კრებითი სიტყვაა და ულამაზეს გოლებს, ფინტებს, შორეულ თუ მოკლე გადაცემებს, გამოგონებებს (მაკრატელა, კუთხურიდან ჩახვევა, სხვ.), მეკარეების საოცარ მოქმედებებს, მცველების დიდოსტატობას, ასევე იმ გოლებს აერთიანებს, რომელიც არ გასულა. პარადოქსულია - ის, რაც არ მოხდა, როგორ უნდა იქცეს შედევრად?

არადა, ასეა. ფეხბურთის ერთგული გულშემატკივარის გონებაში სამუდამოდ ილექება იმ გაოცებისა და სინანულის განცდა, რასაც მაშინ გრძნობდა - სტადიონზე თუ ტელევიზორის ეკრანთან ყოფნისას. რა იქნებოდა, რომ გასულიყო, სულ ცოტა დააკლდა, არადა რა გოლი იქნებოდა, შეიძლება საუკეთესოც კი ყოფილიყო მის კარიერაში.

ასეთი ბევრი მახსენდება - მათ ნაწილს, ქრონოლოგიის გარეშე, ამ ბლოგში შემოგთავაზებთ. ვიცი, რომ ბევრი გამომრჩება და თქვენი ვერსიები ფეისბუქის კომენტარებში გამიზიარეთ.

ჰანს გიუნტერ-ბრუნსი Vs. ბაიერნი

შორეულ 1983 წელს მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" ფეხბურთელმა ბურთით თითქმის 100 მეტრი გაირბინა, ბევრი მეტოქე ჩამოიტოვა და, თითქოს, ცუდად არც დაურტყამს - თუმცა, მშველელად მეორე ძელიც არ მოევლინა.

კრიშტიანუ რონალდუ Vs. ესპანეთი

პორტუგალიელის აქტივში იმდენი უმაღლესი დონის გოლია, რომ არშემდგარ გოლზე საუბარი ღიმილისმომგვრელიცაა. თუმცა, ეს მომენტი დაუვიწყარია.

2010 წლის ნოემბერში, პორტუგალია და ესპანეთი ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ, სადაც, პორტუგალიელებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. რონალდუმ ყველაფერი იდეალურად გააკეთა: პიკე მოატყუა ორჯერ, კასილასს ბურთი კუთხიდან გადაუგდო, მაგრამ ნანის დაუფიქრებელმა ქმედებამ, ამ უკანასკნელის თამაშგარე მდგომაორებაში დაფიქსირება გამოიწვია.

"ეს იყო საუკეთესო გოლი, რომელიც ნაკრებში გამიტანია. სულ ასე ხდება და ეს არ მესმის. თანაც, ნანი თამაშგარეში არ იმყოფებოდა", - თქვა რონალდუმ.

"მომხდარს არ ამართლებს, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა", - მოგვიანებით ასე განმარტა ნანიმ.

რონალდინიო Vs. ბილბაოს ატლეტიკი

ჯადოქარი, რომელმაც თაობას ფეხბურთი შეაყვარა. რონალდუსგან განსხვავებით, რონალდინიოს ე.წ. "ჰეითერები" არ ჰყავს. მოედანზე დანთებული ბრაზილიური სამბა, "ატლეტიკის" გაბითურებული ფეხბურთელები და მცირედი უიღბლობა, რომლის გამოც, რონალდინიოს -1 გოლი აქვს საკუთარ აქტივში. ამის მიუხედავად, ამით, "გაუჩოს" ბევრი არ დაკლებია.

ოლივერ ნოივილი Vs. ბრაზილია

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გერმანია ბრაზილიას დაუპირისპირდა. შემადგენლობებს თუ გადავხედავთ, მატჩის ბედი დასაწყისშივე გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, შეხვედრის მე-3 წუთზე, სრულიად მოულოდნელად, ოლივერ ნოივილმა საოცარი საჯარიმო დარტყმა შეასრულა. ბრაზილიელმა მარკოსმა ბურთზე ხელის მორტყმა მაინც მოახერხა და ბურთი ძელმა აისხლიტა.

ვინ იცის, იქნებ ამ გოლს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია შეეცვალა კიდეც. ნაკლები შანსია, მაგრამ მაინც.

ლუკას მოურა Vs. მარსელი

ლუკას მოურას კარიერას ორი მთავარი "ჰაილაითი" აქვს - ეს საოცარი გარბენი "მარსელის" წინააღმდეგ და ამსტერდამის "აიაქსთან", დრამატულ შეხვედრაში გატანილი 3 გოლი, რომელმაც "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ჩემს მეხსიერებაში, "აიაქსთან" გატანილი 3-დან 2 გოლი წაშლილია, თუმცა "მარსელთან" შესრულებული დრიბლინგით, ლუკას მოურამ, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარის გონებაში სამუდამოდ დაჯავშნა თავისი ადგილი.

ლიონელ მესი Vs. ყველა :)

მივედით მარადონას მემკვირემდე. პორტუგალიელის მსგავსად, მასზეც ანალოგიურის თქმა შეიძლება, თუმცა, შეგიძლიათ, უფრო ვრცელ ვიდეოს მიადევნოთ თვალი.

განსო Vs. ბოტაფოგო

განსო ის ფეხბურთელი იყო, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ევროპულ კარიერაში განსაკუთრებული მიღწევები არ აქვს, მაგრამ ბრაზილიელ გულშემატკივარს მისი დრიბლინგის მანერა, ბურთის ფეხზე მიკვრის დიდოსტატობა და ორიგინალური გადაწყვეტილებები ყოველთვის ემახსოვრება.

ხვიჩა კვარაცხელია Vs. ლაციო

ცოტა სუბიექტური ვიქნები, თუმცა რატომაც არა - კვარას საოცარმა ფინტებმა იტალიელ გულშემატკივარს რეტრო ფეხბურთი გაახსენა: ფინტების კორიანტელი, საფირმო ტირაჯირო, ორიგინალური გადაწყვეტილებები და დაბნეული მცველები. სადებიუტო სეზონში, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ჩემპიონთა ლიგამ კი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მიანიჭა. მის საოცარ "ჰაილაითებში" "ლაციოსთან" ვერგატანილი გოლი ყოველთვის ხვდება: უმსუბუქესი ფინტი და უძლიერესი დარტყმა - გოლი, რომელიც უნდა გასულიყო.

კვარას მომენტი 49-ე წამიდან იხილეთ

მესუთ იოზილი Vs. ბარსელონა

ეს მომენტი ბევრჯერ მინახავს და თითქოს, ყოველ ჯერზე, მგონია, რომ გოლი ახლა მაინც უნდა გავიდეს. იოზილის მთავარი შტრიხი შორეული დარტყმები არასოდეს ყოფილა - XXI საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი, რომელიც მეკარესთან პირისპირ გასულიც კი, თანაგუნდელებს ეძებდა. ის, რაც ფეერიულად მოთამაშე "ბარსელონას" წინააღმდეგ გააკეთა, ფანტასტიკის სფეროა - იოზილის შედევრი "ელ კლასიკოს" საუკეთესო გოლებს შორის ადგილს სამუდამოდ დაიმკვიდრებდა.

ლუის სუარესი Vs. არსენალი

მომენტი, როდესაც სტადიონზე მყოფ თითოეულ ადამიანს სუნთქვა შეეკრა. 2013/14 წლების სეზონში, "ლივერპული", ლუის სუარესი და დენიელ სტარიჯი დაფრინავდნენ. ეს სწორედ ის სეზონია, როდესაც 36-ე ტურში, სტივენ ჯერარდს ფეხი დაუცდა და ბურთი დემბა ბას, საჩემპიონო ტიტული კი "მანჩესტერ სიტის" ჩააბარა.

ლაზარ მარკოვიჩი Vs. სანდერლენდი

სერბი შემტევი "ლივერპულის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი შენაძენია. 2014 წელს, მარკოვიჩის სანაცვლოდ, "ლივერპულმა" "ბენფიკას" 25 მილიონი ევრო გადაუხადა. მარკოვიჩმა თავი ვერაფრით გამოიჩინა, მაგრამ "სანდერლენდთან", ჰაერში ამხტარმა, ნახევრად ბრუნში, დინამიკაში, საოცრება ჩაიდინა.

აქვე, მის უცნაურ კარიერასაც გადავხედოთ:

სეზონი, თარიღი

ტრანსფერი

ღირებულება

22/23 | ივნ 2023

ტრაბზონსპორი - გაზიანთეფი

იჯარის დასასრული

22/23 | თებ 2023

გაზიანთეფი - ტრაბზონსპორი

იჯარა

22/23 | ივლ 2022

პარტიზანი - გაზიანთეფი

თავის. აგენტი

19/20 | სექ 2019

ფულჰემი - პარტიზანი

თავის. აგენტი

18/19 | იან 2019

ლივერპული - ფულჰემი

თავის. აგენტი

17/18 | ივნ 2018

ანდერლეხტი - ლივერპული

იჯარის დასასრული

17/18 | იან 2018

ლივერპული - ანდერლეხტი

იჯარა

16/17 | მაი 2017

ჰალ სიტი - ლივერპული

იჯარის დასასრული

16/17 | იან 2017

ლივერპული - ჰალ სიტი

იჯარა

16/17 | იან 2017

სპორტინგი - ლივერპული

იჯარის დასასრული

16/17 | აგვ 2016

ლივერპული - სპორტინგი

იჯარა

15/16 | ივნ 2016

ფენერბაჰჩე - ლივერპული

იჯარის დასასრული

15/16 | აგვ 2015

ლივერპული - ფენერბაჰჩე

იჯარა

14/15 | ივლ 2014

ბენფიკა - ლივერპული

€25.00 მლნ.

13/14 | ივლ 2013

პარტიზანი - ბენფიკა

€10.00 მლნ.

ანდრეა პირლო Vs. ინგლისი

პირლოს და ინგლისის ნაკრების კარის ყოფილი დარაჯის, ჯო ჰარტის ისტორია ცალკე ამბავია: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშის 11-მეტრიან სერიაში, პირლომ, აუღელვებლად, პანენკა გაიტანა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კი, ეს საოცარი საჯარიმო შეასრულა: ჰაერში მოცეკვავე ბურთს, ერთ ადგილას გაშეშებული ჯო ჰარტი მხოლოდ უყურებდა.

გაგახსენებთ - ეს ის ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატია, კოსტა-რიკამ ინგლისი და იტალია ჯგუფში რომ ჩატოვა. პირლომ საჯარიმო მატჩის მიწურულს შეასრულა, როდესაც იტალია უკვე 2:1-ს იგებდა. ჯო ჰარტს ბურთის დროულად შეყვანა სურდა და მისმა ვიდეომ სოციალური ქსელები მოიარა: Give me the fu**in' ball! - ბურთის მიმწოდებელ ბიჭს ინგლისელი ბოლო ხმაზე უყვიროდა.

ზინედინ ზიდანი Vs. ვალიადოლიდი

შედევრების სია ზიზუს გარეშე არც წარმომიდგენია. მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ფრანგმა, ჯერ "ვალიადოლიდის" მცველს ჩაუტარა საფეხბურთო გაკვეთილი, შემდეგ მეკარეც არ დაინდო, თუმცა ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა ვერ შეძლო.

პელე Vs. ურუგვაი

1970 წლის ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო, პელე კი - ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი მშვენება. სამხრეთ-ამერიკული დაპირისპირება ტურნირის პლეი-ოფში შედგა. თავიდან, ურუგვაელები იგებდნენ, მაგრამ დაუმარცხებელი ბრაზილიისგან 3 ბურთი მიიღეს, მატჩის მიწურულს კი, პელეს ამ შედევრის გატანა შეეძლო: გაბითურებული მეკარე, გამოგონებული ფინტი და მცირედი უიღბლობა.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა