TikTok-მა რა ჰქმნა | როგორ აღმოჩნდა belive-ის ლოგო რეალის, ჩელსის, უიმბლდონის განთავსებულ ვიდეოებზე?
TikTok-მა რა ჰქმნა | როგორ აღმოჩნდა belive-ის ლოგო რეალის, ჩელსის, უიმბლდონის განთავსებულ ვიდეოებზე?
ინტერნეტმა და, განსაკუთრებით, სოციალური მედიის განვითარებამ, ადამიანებსა თუ შორეულ მოვლენებს შორის არსებული ბარიერები და ზღვრები გააქრო. ყველაფერი ჩვენს თვალწინ, სმარტფონის ეკრანზე ხდება და თუკი ადრე რაღაც მიუწვდომლად გვეჩვენებოდა, შესაძლებლობები დღეს ჩვენს ხელთაა. ამ კონტექსტში, ერთი უცნაური, belive-ის გუნდისთვის, სასიამოვნო ამბავი მინდა გაგიზიაროთ.
belive-ის სოციალური მედიის გვერდების ანალიტიკის დროს, TikTok-ზე დიდი ხნის წინ ატვირთული ვიდეოს ნახვების მოულოდნელად გაზრდილმა სტატისტიკამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო.
TikTok-ის პრინციპი ასეთია: თუკი ატვირთულ ვიდეოს მუსიკას დაურთავ, მის ქვეშ გამოჩნდება წარწერა: Original Sound. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მუსიკის გამოყენება, ასე ვთქვათ, საკუთარ კონტენტში მუსიკის გადაზიარება, სხვა მომხმარებლებსაც შეუძლიათ. თუმცა მათ ვიდეოში იმ გვერდის ლოგო გამოჩნდება, რომელიც ამ მუსიკის პირველწყარო გახდა.
@belive.ge 🇧🇷 Joga Bonito 🇧🇷 - #football #soccer #worldcup #ucl #brazil #Jogabonito #viral #global #foryou #4u #fyp #fypシ #ფორიუ #F
♬ original sound - live.ge - belive
გასულ წელს, ჩვენს TikTok გვერდზე რონალდინიოს, რობერტო კარლოსისა და რობინიოს ბურთით ჟონგლიორობის ვიდეო განვათავსეთ, რომელსაც ფონად Black Eyed Peas-ისა და სერჟიო მენდესის Mas que Nada მიჰყვებოდა. ვიდეოს ატვირთვისთანავე, ეს სიმღერა belive-ის Original Sound-ად იქცა, გარკვეული ნახვებიც დააგროვა, თუმცა ერთ დღესაც, ფართო მასშტაბზე გასვლა დაიწყო.
ახლახან კი აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად, belive-ის ლოგო ისეთ მეგა-არხებზე მოხვდა, როგორებიცაა მადრიდის "რეალი", ლონდონის "ჩელსი", "უიმბლდონი", "ჰამბურგი", "კადისი", Goal.com-ის ესპანურენოვანი ვერსია და სხვ. ჯამში, 9631 ვიდეო. Mas que Nada-ს ფონზე, ხან ნკუნკუ კენწლის ბურთს, ხან "რეალის" ფეხბურთელები ვარჯიშობენ, ხანაც, უბრალოდ, მოყვარულები ერთობიან.
ეს ბლოგი განსაკუთრებული მიღწევით ტრაბახი არ გეგონოთ - უფრო მეტად, მოულოდნელი სიხარულისა და გაკვირვების ჩვენს მკითხველთან გაზიარებაა. შეგიძლიათ ვიდეოები ამ ბმულზე იხილოთ.