ცხელი დღის მოლოდინში – ნეაპოლელებისთვის ჩემპიონობა ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა!
ნეაპოლელთა უმრავლესობისთვის 33 წლის განმავლობაში სერია A-ს პირველი ტიტულის მოპოვება, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საყვარელი საფეხბურთო გუნდის მიერ ლიგის მოგება.
ცხელი დღის მოლოდინში – ნეაპოლელებისთვის ჩემპიონობა ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა!
ცენტრალური ნეაპოლის ქუჩების სიმშვიდეს, ერთსა და იმავე ტალღაზე მიმართული ტელევიზორებისა და რადიოს ხმაური არღვევდა. “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” დაპირისპირებამ, მთელი ქალაქი მოიცვა – დამატებით დროში, “ბიანკონერის” კარში გატანილი გოლით გამოწვეულმა კოლექტიურმა აღფრთოვანებამ ქალაქის სიმშვიდე დაარღვია.
ტურინში გამართული მატჩი “ნაპოლის” გამარჯვებით (0:1) დასრულდა და საკუთარ სახლებში სიხარულისგან მოხტუნავე ადამიანების ხმა ისეთივე მაღალი იყო, როგორიც ქალაქში გამავალი მატარებლის.
“იუვენტუსთან” გამართული მატჩის შემდეგ, “ნაპოლის” გულშემატკივრებმა ნეაპოლში დაბრუნებულ მოთამაშეებს აეროპორტში დახვედრა მოუწყვეს და გუნდის ავტობუსი მოპედებითა და ავტომობილებით გააცილეს. ფანებმა ქალაქის ქუჩები ბანერებითა და ლენტების აავსეს და ნამდვილი დღესასწაული გამართეს.
Absolutely astonishing view from the rear window of Napoli team bus at 3am when they landed back in Naples after beating Juventus at Turin.
— Tancredi Palmeri (@tancredipalmeri) April 24, 2023
After 33 years, Napoli next week can be crowned champions.
Incredible troop of motorbike following them https://t.co/xKfbO1guzJ
საცხობებში ლურჯი და თეთრი ფერის პური იყიდება. ბარებში ლურჯი ფერის კოქტეილებს ამზადებენ და საკონდიტროებში უკვე გამოჩნდა ტორტები “ნაპოლის” ფეხბურთელების გამოსახულებით. ნეაპოლის გარშემო მეგობრები გადაადგილდებიან და საყვარელი კლუბის ჰიმს მღერიან – ქალაქი სრული სიგიჟის ზღვარზეა და ამ მომძლავრებული ემოციების მთავარი საზრდო საჩემპიონო მოლოდინია.
ქალაქის მერიამ შესაბამისი ზომები მიიღო და რამდენიმე ქუჩა გადაკეტა. ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით, ქალაქის ზოგიერთ სკვერში სპეციალური საგულშემატკივრო სივრცეც მოეწყო. ეს არის სიტუაცია, რომელიც ნეაპოლელთათვის რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნეაპოლელთა უმრვლესობისთვის ტრიუმფი გაცილებით უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონობა.
ტრაგედია ტრაგედიის კვალდაკვალ
37 წლის ანდრეა ბარტოლო იმ ტკივილს იხსენებს, რომელიც 1992 წელს, დიეგო მარადონას მიერ კლუბის დატოვებას მოჰყვა. ბარტოლო იმ ავბედითი დღეების შესახებაც საუბრობს, როდესაც “ნაპოლი” სერია A-დან გავარდა. ამ ყველაფერმა კლუბის გაკოტრებულად გამოცხადება, სერია C1-ში დაქვეითება და ყველაფრის თვიდან დაწყება გამოიწვია.
“მარადონას შემდეგ ტრაგედია – ტრაგედიას მიჰყვა. “ნაპოლის” გაუბედურებიდან გამომდინარე, ნეაპოლელებმა სხვა გუნდების გულშემატკივრობა დაიწყეს” - ანდრეა ბარტოლო
იმ მწვერვალიდან ვარდნამ, რომელზეც “ნაპოლი” დიეგო მარადონამ აიყვანა, ქალაქს მძიმე დარტყმა მიაყენა. მარადონასთან ერთად მოპოვებულმა სერია A-ს ორმა ტიტულმა და UEFA-ს თასის ტრიუმფმა ქალაქს მხოლოდ საფეხბურთო დიდება არ მოუტანა – ნეაპოლი დისკრიმინაციისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დილემის წინაშე აღმოჩნდა.
მოწინააღმდეგე გუნდის ფანები ხშირად სკანდირებდნენ, რომ ნეაპოლი ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად უნდა განადგურდეს. ასევე ცნობილი იტალიელი ევგენიკოსის – ჩეზარე ლომბროსოს სიტყვებს ციტირებდნენ, რომელიც აღნიშნავდა, რომ სამხრეთ იტალიელები კრიმინალისთვის იყვნენ დაბადებულნი. უკანასკნელი შემთხვევა “ატალანტას” გულშემატკივარს უკავშირდება, რომელმაც “ნაპოლის” ფანებს შეაფურთხა და ეთნიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პრესკონფერენციების დროს, მარადონა მუდმივად აპელირებდა დისკრიმინაციაზე, რომელსაც ის და ნეაპოლელები აწყდებოდნენ, იმ დროს, როდესაც იტალიის ჩრდილოეთში უწევდათ თამაში.
“ის იყო სამხრეთის სიმბოლო. არა მხოლოდ სამხრეთ იტალიის – არამედ სრულიად სამხრეთ ნახევარსფეროსი. ჩრდილოეთის წინააღმდეგ ის მარტო იბრძოდა”. - სანდრა მონდაინი
ბარტოლო მიიჩნევს, რომ სერია A-ს პირველი ტიტული სამ ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ იქნება გუნდისა და ქალაქის რეაბილიტაციის დასაწყისი. გუნდისა და ქალაქის, რომელიც დიდწილად განიხილება, როგორც აუტსაიდერი.
ეს იგივეა, რომ ადგილობრივმა პატარა მარკეტმა გიგანტური კომპანია დაამარცხოს. ეს მათთვის სახეში სილის გაწვნის ტოლფასია – ეს მათ ნათლად დაანახებს, რომ ჩვენ დიდებული ოცნებების ასრულება შეგვიძლია.
“ნაპოლის” აღორძინება
გაკოტრების შემდეგ, “ნაპოლი” აურელიო დე ლაურენტისმა შეიძინა. ლაურენტისმა კლუბში გამოცდილი სპეციალისტები მიიწვია, შეიძინა იაფი, მაგრამ გასაოცარი ფეხბურთელები და სწორი მენეჯმენტის შედეგად კლუბის შენება დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბი იტალიის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობდა, თანდათან გულშემატკივარი დაიბრუნა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ნეაპოლელებმა Serie C-ს რეკორდი დაამყარეს. “ნაპოლის” საშინაო მატჩებს 51.000 გულშემატკივარი ესწრებოდა, რაც სერია A-ს გუნდების უმრავლესობისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო.
წარმატებული სეზონების შემდეგ, “ნაპოლიმ” ელიტაში დაბრუნება შეძლო. განსაკუთრებით პროდუქტიული 2010-11 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც “პარტენოპეი” ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
პროგრესი “ნაპოლის” ამჟამინდელი ქარიზმატული მთავარი მწვრთნელის – ლუჩიანო პალეტის მეთაურობით გრძელდება, რომელიც შემტევ და ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ სათამაშო სტილს ნერგავს.
“ნაპოლის” ნიგერიელი შემტევი – ვიქტორ ოსიმენი, სერია A-ს მიმდინარე სეზონის ბომბარდირია. მის ანგარიშზე 21 გოლია და ხვიჩა კვარაცხელიასთან იდეალურ დუეტს ქმნის. ეს უკანასკნელი ცალკე აღნიშვნის ღირსია – კვარაცხელია “ნაპოლის” 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და სადებიუტო სეზონშივე შეძლო თავის გამოჩენა. ფენომენალური პერფორმანსების შედეგად, გულშემატკივრებმა მას “კვარადონა” უწოდეს. მისმა ბრწყინვალე მოძრაობებმა, სტაჟიან გულშემატკივარს ლეგენდარული დიეგო გაახსენა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე ასპარეზობით, “ნაპოლიმ” ისტორია უკვე დაწერა. სერია A-ს დასრულებამდე 6 ტურით ადრე, “ნაპოლი” უახლოეს მდევარ “ლაციოს” 18-ქულიანი უპირატრსობით უსწრებს და 33-წლიანი პაუზის შემდეგ, სკუდეტოს მოპოვებასთან მხოლოდ რამდენიმე დღე აშორებს.
ბევრი ნეაპოლელი სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფასა და არასათანადო მოპყრობას დღემდე გრძნობს. ქალაქში სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ აღემატება ეროვნულ საშუალო დონეს, ახალგაზრდების უმუშევრობა კი დაახლოებით 50%-ით ზრდის ორგანიზებულ დანაშაულს.
“მოგვეცით სამსახური, მოგვეცით სკოლები, მოგვეცით შანსი” - უმბერტო იანაჩონე
სახელმწიფოსადმი ამგვარი დამოკიდებულება გავრცელებულია არა მხოლოდ “ნაპოლის” გულშემატკივრებში, არამედ მთლიანად ქალაქში და მთელი ქალაქის მასშტაბით, გრაფიტებში ისეთი ფრაზებით აისახება, როგორიცაა: “ნაპოლი არ არის იტალია” ან “ჩვენ ჩრდილოეთის ძმები არ ვართ“.
როგორც ქუჩის მოვაჭრეები, ისე ადგილობრივი მაღაზიები ხშირად აფრიალებენ “ნაპოლის” დროშას, რომელზეც სპეციალური სიმბოლოა გამოსახული. ეს მიუთითებს, რომ ფეხბურთი და ჩრდილოეთ-სამხრეთის გაყოფა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ფეხბურთი განიხილება, როგორც იტალიის საზოგადოების წინაშე არსებული საკითხების მიკროსამყარო და როდესაც “ნაპოლი” ან რომელიმე სხვა სამხრეთული კლუბი ჩრდილოეთის გუნდებს ეპაექრება, ეს განიხილება, როგორც ბრძოლა ფიზიკური და მეტაფორული თვალსაზრისით.
ფეხბურთი არის ერთ-ერთი შესაძლებლობა ნეაპოლელებისთვის, რათა მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება და ქალაქისა და ცხოვრების ყოველდღიურ სირთულეებს 90 წუთის განმავლობაში დააღწიონ თავი.
“ეს ემოციებისგან დაცლაა – შეგიძლია საკუთარი ცხოვრება დროებით დაივიწყო და მომენტით დატკბე”.
- დავიდე ვიანელო
სკუდეტოს ნანატრი ტიტულის მოპოვება ნეაპოლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მაგრამ 33 წლიანი პაუზის შემდეგ, სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება გახდება იმის ნათელი დემონსტრირება, რომ “ნაპოლიმ” გადარჩენა შეძლო.