SPQR | რას ნიშნავს წარწერა რომას ახალ მაისურზე?
SPQR | რას ნიშნავს წარწერა რომას ახალ მაისურზე?
2023/24 წლების სეზონში, "რომას" მაისურზე SPQR იქნება ამოტვიფრული. ასეთივე მაისურით ითამაშა იტალიურმა კლუბმა ევროპა ლიგის ფინალში, "სევილიას" წინააღმდეგ. SPQR არც სპორტული ბრენდია და არც არაბული წარმომავლობის სპონსორი. ეს აბრევიატურა ბევრისთვის დამაბნეველი აღმოჩნდა, გაჩენილ კითხვაზე პასუხი კი რომის ისტორიაში მოიძებნება. სრული წარმოდგენის შესაქმნელად, ყველაფერს ვრცლად, დეტალებში მოგიყვებით.
გასულ სეზონში, რამდენიმე იტალიურმა კლუბმა, მათ შორის "ინტერმა" და "რომამ", კრიპტო კომპანია DigitalBits-თან შეწყვეტილი კონტრაქტის შედეგად, დაკარგა სპონსორი, რომლის ლოგოც მათ მაისურზე უნდა ყოფილიყო დატანილი.
"ინტერმა" და "რომამ" DigitalBits-თან 3-წლიანი კონტრაქტი 2021 წელს გააფორმეს. ცნობილი იყო, რომ "ინტერს" €85 მილიონი, ხოლო "რომას" კი €40 მილიონი (დამატებით, €6 მილიონი ბონუსად) უნდა მიეღოთ. როგორც ირკვევა, კრიპტო კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.
გასულ სეზონში, "რომამ" თანხის ნაწილი მიიღო, თუმცა სრული თანხა კლუბის ბალანსზე არ ასახულა. პარალელურად, გასულ სეზონში, "ინტერს", DigitalBits-ისგან, 1 ცენტიც კი არ მიუღია.
"DigitalBits-ს არ გადაუხდია €24 მილიონი, რასაც, ბონუსის სახით, €1.2 მილიონი უნდა დამატებოდა", - მითითებული იყო "ინტერის" განცხადებაში, რომელიც 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. 2 თვის შემდეგ, კონტრაქტი შეწყდა. 31 მარტს, კონტრაქტი "რომამაც" შეწყვიტა.
თავის მხრივ, DigitalBits-მა განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობდა. კომპანიის განცხადებით, ყველაფერში დამნაშავე იყო ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Zytara, რომელსაც სასპონსორო ხელშეკრულებების გაფორმებაზე იყო პასუხისმგებელი.
სეზონის ბოლოს, "რომას" და "ინტერის" მაისურზე DigitalBits გაქრა. 1 ივნისს, "ინტერის" მაისურზე Paramount+ გამოჩნდა - სწორედ ამ მაისურით ითამაშა სიმონე ინძაგის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. თავის მხრივ, "რომამ" DigitalBits-ის ლოგო ქალაქის მნიშვნელოვანი დევიზით (SQPR) ჩაანაცვლა.
რას ნიშნავს SPQR?
ეს არის აბრევიატურა - Senatus Populusque Romanus. მისი ზუსტი მნიშვნელობა საკამათოა - ითარგმნება, როგორც რომის სენატი და ხალხი, ასევე როგორც სენატი და რომაელი ხალხი, სენატი და ხალხი რომისა. ამ წარწერას რომში ბევრგან შეხვდებით: შენობებზე, ქანდაკებებზე, უძველეს მონეტებზე, დოკუმენტებსა თუ ჭაბურღილებზე.
ამ ტერმინის შემოღების ზუსტი თარიღი უცნობია, ვარაუდობენ, რომ ეს ახ.წ-ით 80 წელს მოხდა - ყოველ შემთხვევაში, ამ თარიღამდე, SPQR არსად არ ფიგურირებს.
რომის რესპუბლიკაში ორი ძირითადი სოციალური ფენა არსებობდა: პატრიციები და პლებეები. პატრიციები რომაული საზოგადოების პრივილეგირებულ ნაწილს წარმოადგენდნენ, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს - სენატს აკომპლექტებდნენ. რაც შეეხება პლებეებს: რომის ყველა დანარჩენ მოსახლეს ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო სახალხო კრებაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ასევე წარმოადგენდა.
ქალაქს ორი ტრიბუნი მართავდა (დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა გაიზარდა): ერთი მათგანი სენატის, მეორე კი სახალხო კრების წარმომადგენელი გახლდათ. არსებობდა ასეთი კანონიც: თუკი სენატი მიიღებდა გადაწყვეტილებას, იგი კანონის ძალას მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუკი სახალხო კრება მას დაამტკიცებდა (და პირიქით).
მდგომარეობა, გარკვეულწილად, ძვ. წ. IV საუკუნიდან შეიცვალა - ხანგრძლივი ბრძოლისა და მოთხოვნის შედეგად, პლებეებმა სენატში მოხვედრის უფლება მოიპოვეს, თუმცა სენატს, ძირითადად, კვლავ პატრიციები აკომპლექტებდნენ, რადგან პლებეებს სენატში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუკი მათ კონსულად აირჩევდნენ.
SPQR არის გამოხატულება იმისა, რომ რომის მმართველობაში, ხელისუფლება და მოქალაქეები თანაბრად იყვნენ ჩართულები. ეს ფრაზა გვეუბნება, რომ ძალაუფლება რომაელი ხალხისგან მოდის და რომის რესპუბლიკის დემოკრატიულ ბუნებაზე, ასევე მონარქიული მმართველობის უარყოფაზე მიუთითებს.
თანამედროვე ეპოქაში, რომში სეირნობისას, SPQR-ს ბევრგან შეხვდებით, პოპ კულტურაში კი, SPQR, რომის ემბლემა გახდა.