Belive
2 კვირის წინ

სიკვდილი, როგორც კლასიკა - ლეგენდა ნირმალ პურჯაზე

ბლოგი მოგვითხრობს ლეგენდარული მთამსვლელის, ნირმალ პურჯას ისტორიას, რომელმაც 'ბევრი მოასწრო'

მთა უგრძნობია - საკუთარი საუკეთესო შვილების მიმართაც

ჰიმალაის მთებიდან მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებამდე - ნირმალ პურჯას ისტორია ადამიანური ამბიციისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა. მისი მოგზაურობა ბროუდ პიკზე (პაკისტანისა და ჩინეთის საზღვარზე/8051 მეტრი ზღვის დონიდან) დასრულდა, თუმცა მისი მემკვიდრეობა კვლავ გააგრძელებს მთამსვლელებისა და თავგადასავლების მოყვარულთა ახალი თაობების შთაგონებას.

ნირმალ პურჯას დაღუპვამ შეძრა ალპინისტური საზოგადოება - მას აღმერთებდნენ, როგორც მთამსვლელს, რომელმაც შეუძლებელი არაერთხელ აქცია რეალობად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთა მაინც უგრძნობი რჩება მიღწევების, აღიარებისა და ოსტატობის მიმართ, ალბათ მისი ეს სიცივე და მიუკუთვნებლობაა ის ქარიზმა, რითაც მთა უამრავ ადამიანს იზიდავს - ის თავად არის სიკვდილი, მაგრამ მაინც სიყვარულის საგანია. სიყვარულის მკლავებში სიკვდილი კი კლასიკაა. ნირმალ პურჯასთვის ეს კლასიკა მთაში სიკვდილია, და არა - ვენეციაში.

2026 წლის 30 ივლისს, პაკისტანში მდებარე მწვერვალ ბროუდ პიკზე (Broad Peak), პურჯას სიცოცხლე ტრაგიკულად შეწყდა. მთაზე ჩამოწოლილმა ზვავმა ექსპედიციის გუნდი მოიყოლა, რასაც ნირმალისა და სხვა მთამსვლელების (10 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი) სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს განსაკუთრებით დრამატული ფინალი აღმოჩნდა, რადგან ბროუდ პიკი იმ 14 რვაათასიანს შორის ერთ-ერთი იყო, რომლებიც მან 2019 წლის ისტორიული პროექტის დროს დაიპყრო.

პურჯა ევერესტის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე

ნირმალ პურჯა, რომელსაც მსოფლიო „ნიმსის“ ან „ნიმსდაის“ სახელით იცნობს, თანამედროვე ალპინიზმის ისტორიაში ყველაზე ამბიციური გამოწვევის დაძლევის შემდეგ, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მთამსვლელად იქცა. 2019 წელს მან მსოფლიოს 14-ვე რვაათასიანი მწვერვალი სულ რაღაც 6 თვესა და 6 დღეში დაიპყრო. ამ მიღწევით მან არსებული რეკორდი კოლოსალური განსხვავებით მოხსნა და გლობალური ყურადღება დაიმსახურა, არადა მანამდეც, სრულიად განსაკუთრებული ცხოვრების გზა ჰქონდა გავლილი.

"ნიმსი" მისი სახელის კნინობითი ფორმაა, ხოლო "დაი" ნეპალურ კულტურაში "უფროს ძმას" ნიშნავს - აქ არაა საუბარი მხოლოდ ბიოლოგიურ ძმაზე. "დაი"-თ მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც სხვებისთვის გზამკვლევის ფუნქციას ასრულებენ - ნიმსდაი ნამდვილად იყო ადამიანი, რომლის გავლილ გზაზეც თვალდახუჭულს შეგეძლო გავლა.

ადრეული წლები ნეპალში

ნირმალ პურჯა 1983 წლის 25 ივლისს, ნეპალის მიაგდის ოლქის სოფელ დანაში, მაგარის თემში დაიბადა. იგი მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე ოჯახში გაიზარდა. ნირმალის სამი უფროსი ძმა გურქების ჯარში მსახურობდა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ გზის არჩევაში, რომელიც მან მოგვიანებით აირჩია.

მას შემდეგ, რაც ოჯახი მთებიდან ტერაის რეგიონში გადავიდა, პურჯა ჩითვანში იზრდებოდა. ახალგაზრდობაში იგი აქტიურად ინტერესდებოდა სპორტით, ვარჯიშობდა კიკბოქსინგში და ივითარებდა იმ ფიზიკურ ძალასა და დისციპლინას, რაც მოგვიანებით მის სამხედრო და ალპინისტურ კარიერას დაედო საფუძვლად.

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არაფერი მოასწავებდა, რომ პურჯა მსოფლიოში ცნობილი ალპინისტი გახდებოდა - მისი პირველი სერიოზული ნაბიჯები სწორედ ძმების კვალდაკვალ, სამხედრო სფეროს უკავშირდება.

გურქებიდან ბრიტანეთის ელიტურ სპეცდანაყოფამდე

2003 წელს პურჯა გურქების ბრიგადას შეუერთდა. თუმცა, მისი სამხედრო კარიერა გასცდა იმ ტრადიციულ ამპლუას, რაც გურქებთან ასოცირდებოდა (გურქები, ძირითადად, ნეპალის მთიანი რეგიონების სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებიდან წარმომავალი მეომრები არიან, რომლებიც მსოფლიოში თავიანთი განსაკუთრებული საბრძოლო სულით, ფიზიკური გამძლეობითა და უსაზღვრო ერთგულებით გამოირჩევიან/ისინი უკვე 200 წელზე მეტია მსახურობენ ბრიტანულ არმიაში, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ და პატივსაცემ სამხედრო ძალად ითვლებიან) - მოგვიანებით პურჯა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ელიტური სპეცდანაყოფის (Special Boat Service) წევრი გახდა.

სამხედრო სამსახურში გატარებულმა წლებმა დიდი როლი ითამაშა რთული გამოწვევებისადმი მისი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. სპეციალური დანიშნულების ძალების მომზადება მოითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ გამძლეობას, მენტალურ სიმტკიცეს, გუნდურობასა და კრიტიკულ სიტუაციებში ცივი გონების შენარჩუნებას. ეს უნარები ფასდაუდებელი აღმოჩნდა მთაში, სადაც ალპინისტებს ხშირად უწევთ უმძიმესი გადაწყვეტილებების მიღება ექსტრემალურ პირობებში.

ნიმსდაი გურქების შენაერთში მიღებისას/ბრიტანულ სპეცდანაყოფში მსახურებისას

კარიერის შენების პარალელურად, პურჯამ სწავლაც გააგრძელა - 2014 წელს მან ინგლისის ლაფბოროს უნივერსიტეტში უსაფრთხოების მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

მისი პიროვნება რამდენიმე სრულიად განსხვავებული სამყაროს გადაკვეთაზე ყალიბდებოდა: იგი იყო ნეპალელი მიაგდის მთებიდან, გურქა ჯარისკაცი, ბრიტანეთის სპეცდანიშნულების რაზმის ოფიცერი და, საბოლოოდ, მთამსვლელი, რომელსაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალები უხმობდა.

ალპინიზმის დასაწყისი

პურჯას ვნება ალპინიზმისადმი სამხედრო სამსახურის პარალელურად გაღვივდა. გამოცდილების მატებასთან ერთად, მასში სულ უფრო იმატა ინტერესმა ექსტრემალური სიმაღლეებისადმი და საკუთარ თავს ურთულესი ამოცანები დაუსახა.

მაღალ მთაში ცოცვა ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე სიარულია. 8000 მეტრის ზემოთ მთამსვლელები შედიან ე.წ. „სიკვდილის ზონაში“, სადაც ჟანგბადის კატასტროფული ნაკლებობის გამო ორგანიზმი ნელ-ნელა კვდომას იწყებს. ამას ემატება გაყინული ჰაერი, ქარიშხლები, ზვავები, კლდეთაცვენა და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი სტიქია.

სამხედრო წვრთნამ პურჯას მყარი ბაზისი მისცა, თუმცა რვაათასიანების დაპყრობა სრულიად განსხვავებულ ოსტატობას მოითხოვდა: მთის ხასიათის ამოცნობას, სიმაღლის ეფექტებთან ბრძოლასა და გუნდის ზუსტ მართვას.

ამბიციების ზრდასთან ერთად დაიბადა იდეაც - გაეკეთებინა ის, რაც მანამდე არავის გაებედა: დაეპყრო დედამიწის 14-ვე რვაათასიანი მწვერვალი რეკორდულად მოკლე დროში.

Project Possible და 14 რვაათასიანი მწვერვალი ("პროექტი შესაძლებელი" - ის, რაც მანამდე შეუძლებლად გამოიყურებოდა)

2019 წელს, პურჯამ სტარტი მისცა პროექტს Project Possible 14/7, რომლის მიზანიც 14-ვე უმაღლესი მწვერვალის შვიდ თვეში დალაშქვრა იყო.

ეს მთები, რომლებიც ნეპალში, ტიბეტსა და პაკისტანშია გაფანტული, ალპინიზმის მწვერვალად ითვლება. თითოეულ მათგანს საკუთარი მკაცრი ხასიათი და ტექნიკური სირთულეები აქვს. გამოცდილი მთასვლელები ხშირად წლებს უთმობენ მხოლოდ ერთ ასეთ მწვერვალზე ასვლის მზადებას, პურჯას კი სურდა, მთელი ეს ეპოპეა რამდენიმე თვეში ჩაეტია.

ექსპედიცია 2019 წლის 23 აპრილს, ანაპურნა I-ის მწვერვალით დაიწყო. აქედან მოყოლებული, იგი ელვისებური სისწრაფით გადადიოდა მწვერვალიდან მწვერვალზე და პირველივე ფაზაში 6 მთის დაპყრობა შეძლო.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ევერესტის, ლჰოცესა და მაკალუს თანმიმდევრული დალაშქვრა წარმოუდგენლად მოკლე დროში. ამ სამი გიგანტის ასეთ ტემპში დამორჩილებამ ნათლად აჩვენა მისი ფენომენალური ფიზიკური გამძლეობა და ლოჯისტიკის გენიალური დაგეგმვა.

შემდეგ იყო პაკისტანის ფაზა, სადაც მან კიდევ 5 რვაათასიანი დალაშქრა. მათ შორის გახლდათ K2 - მსოფლიოში მეორე უმაღლესი და ტექნიკურად ყველაზე საშიში მწვერვალი, რომლის შემდეგაც, სულ რაღაც ორ დღეში, იგი უკვე ბროუდ პიკის წვერზე იდგა.

ჰიმალაის მთებში დაბრუნების შემდეგ, პურჯამ პროექტი ჩო-ოიუს, მანასლუსა და, საბოლოოდ, შიშაპანგმას დაპყრობით დააგვირგვინა.

2019 წლის 29 ოქტომბერს, შიშაპანგმას მწვერვალზე ფეხის დადგმით, მან 14-ვე რვაათასიანის დაპყრობა სულ რაღაც 6 თვესა და 6 დღეში (189 დღეში) დაასრულა.

ევერესტის „საცობის“ ისტორიული კადრი

პურჯას 2019 წლის ექსპედიციამ კიდევ ერთი მიზეზით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება - მან ხაზი გაუსვა უდიდეს გამოწვევას, რომლის წინაშეც დღეს ჰიმალაის მთები დგას.

ევერესტზე ასვლისას მან გადაიღო ფოტოსურათი, რომელზეც მწვერვალის ვიწრო ქედზე გაჭიმული მთასვლელების უსასრულო რიგი გამოჩნდა. ეს კადრი ელვისებურად გავრცელდა, ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფოტოდ იქცა ალპინიზმის ისტორიაში და მთელ მსოფლიოს თვალნათლივ დაანახა ევერესტის გადატვირთულობისა და გარემოსდაცვითი კრიზისის მწვავე რეალობა.

ფოტოსურათმა მკაფიოდ აჩვენა, თუ რამდენი ექსპედიცია ცდილობდა მწვერვალის დაპყრობას ამინდის ერთსა და იმავე მოკლე „ფანჯარაში“. ამავდროულად, მან წამოჭრა ბევრად სიღრმისეული კითხვები კომერციული ტურიზმის უსაფრთხოებასა და იმ ადამიანთა კატასტროფულად მზარდ ნაკადზე, რომლებიც დედამიწის უმაღლესი მწვერვალის დამორჩილებას ცდილობენ.

თავად პურჯასთვის ამ ფოტომ გლობალური აღიარების ახალი ტალღა მოიტანა. მის რეკორდულ პროექტს უკვე აღარ ადევნებდნენ თვალს მხოლოდ პროფესიონალი ალპინისტები თუ თავგადასავლების მოყვარულნი - მისი ისტორია ჰიმალაის ალპინიზმის მომავალზე გამართული დიდი, გლობალური დისკუსიის ცენტრალურ თემად იქცა.

ნიმსდაის ცნობილი კადრი - "საცობი ევერესტზე" და თავად ნირმალ პურჯა ევერესტის მწვერვალზე

კიდევ ერთი გმირობა (K2-ის დაპყრობა ზამთარში)

14-ვე რვაათასიანის დალაშქვრას, შესაძლოა, დაესრულებინა პურჯას ალპინისტური ამბიციები, თუმცა მან მალევე კიდევ ერთი ისტორიული გამოწვევა მიიღო.

K2 (ზღვის დონიდან 8,611 მეტრი) მსოფლიოში სიმაღლით მეორე მწვერვალია, თუმცა იგი საყოველთაოდ ითვლება ყველაზე რთულად დასაპყრობ მთად. მისი ვერტიკალური რელიეფი, არაპროგნოზირებადი ამინდი და ზვავსაშიშროების მაღალი რისკი მას ჩვეულებრივ სეზონზეც კი უდიდეს საფრთხედ აქცევს, ზამთარი კი ამ მთას კიდევ უფრო საშიშს ხდის.

წლების განმავლობაში მთამსვლელთა უამრავი მცდელობა, ზამთრის პერიოდში მიეღწიათ K2-ის მწვერვალამდე, კრახით სრულდებოდა. ეს რეალობა 2021 წლის იანვარში შეიცვალა.

პურჯა შეუერთდა მხოლოდ ნეპალელი მთამსვლელებისგან შემდგარ გუნდს. 16 იანვარს, ჯგუფმა K2-ის მწვერვალს მიაღწია და ისტორიაში ამ მთაზე პირველი წარმატებული ზამთრის ასვლა განახორციელა.

მთასვლელებმა მწვერვალს ერთად დაადგეს ფეხი და ერთხმად შეასრულეს ნეპალის სახელმწიფო ჰიმნი.

ეს მიღწევა გარდამტეხი მომენტი გახდა ალპინიზმის ისტორიაში და უზარმაზარი ეროვნული სიამაყის წყაროდ იქცა ნეპალისთვის. მან კიდევ უფრო განამტკიცა პურჯას, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ალპინისტის სტატუსი.

ბევრისთვის კადრი, სადაც სრულიად ნეპალური გუნდი ერთად დგას K2-ის მწვერვალზე, თავად მიღწევაზე არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მან მსოფლიოს უდიდესი სიმძლავრით დაანახა ნეპალელი მთამსვლელების ერთობა დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მთაზე.

ნეპალელ ალპინისტთა ჯგუფი K2-სკენ/ზამთარში/2021 წელი

პურჯას მემკვიდრეობა

ნირმალ პურჯას დატოვებული მემკვიდრეობა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე უბრალოდ მისი რეკორდების ნუსხა.

მისი უდიდესი მიღწევა 14-ვე რვაათასიანი მწვერვალის 6 თვესა და 6 დღეში დაპყრობა იყო, თუმცა მისი კარიერის მნიშვნელობა ბევრად სცილდება დამყარებული რეკორდების რაოდენობას.

მან შეძლო, ნეპალელი მთამსვლელები გლობალური ყურადღების ცენტრში მოექცია. ნირმალმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ნეპალელ ალპინისტებს შეუძლიათ სათავეში ჩაუდგნენ უმსხვილეს ექსპედიციებს, დაამყარონ მსოფლიო რეკორდები და გახდნენ საკუთარი მიღწევების მთავარი სახეები. მისი წარმატება შთაგონებად იქცა ნეპალელი მთამსვლელების ახალი თაობისთვის.

სრულიად ნეპალელთა გუნდით K2-ზე განხორციელებული ისტორიული ზამთრის ასვლა მისი მემკვიდრეობის კიდევ ერთი ოქროს ფურცელი გახდა. ამ მიღწევამ დაამტკიცა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ერთსულოვან გუნდურ მუშაობას და კიდევ უფრო განამტკიცა ნეპალის ადგილი მაღალმთიანი ალპინიზმის ისტორიაში.

მისი ისტორია მილიონობით ადამიანამდე მივიდა Netflix-ის დოკუმენტური ფილმით „14 Peaks: Nothing Is Impossible“, რამაც მათაც კი, ვისაც ჰიმალაი თვალითაც არ ენახა, ნათლად დაანახა ამ არაორდინალური მოგზაურობის მიღმა არსებული უდიდესი გამოწვევები.

ამავდროულად, სიცოცხლის ბოლო წლებში წარმოქმნილი აზრთა სხვადასხვაობის გამო, მისი მემკვიდრეობა ცალსახა და მარტივი არ არის. მიღწევებიც და კრიტიკაც - ორივე ნირმალ პურჯას საერთო ისტორიის განუყოფელი ნაწილია, თუმცა უდავოა მისი გავლენის მასშტაბი.

მან სრულიად შეცვალა წარმოდგენა ნეპალელ ალპინისტებზე. პურჯამ დაამტკიცა, რომ უბრალო ოჯახში დაბადებულ ადამიანს შეუძლია ავიდეს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებზე და გლობალური მასშტაბის ფიგურად იქცეს.

მისი გზა მიაგდის ოლქის სოფელ დანაში დაიწყო - შორს იმ საერთაშორისო აღიარებისგან, რომელიც მას მოგვიანებით ეწვია. იგი გახდა გურქი ჯარისკაცი, მსახურობდა ბრიტანეთის ელიტურ სპეცდანაყოფში და, საბოლოოდ, საკუთარი ნამდვილი მოწოდება მთებში იპოვა.

ნირმალ პურჯა მთებით, რომლებსაც ის ზურგით ატარებდა
რომა დევიძე
რომა დევიძე

ესეც საინტერესოა