Belive
1 წლის წინ

თაუნსენდმა შეგვაქო, მაგრამ რისი უნდა გვეშინოდეს შოტლანდიის შემდეგ?!

"მერიფილდზე" 33:6 დავმარცხდით, მაგრამ ანგარიშზე მეტად სხვა რამ არის საგანგაშო.

თაუნსენდმა შეგვაქო, მაგრამ რისი უნდა გვეშინოდეს შოტლანდიის შემდეგ?!

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით მატჩში, შოტლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. ედინბურგში, საკულტო სტადიონ "მერიფილდზე" გამართული მატჩი, მასპინძლების გამარჯვებით 33:6 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გრეგორ თაუნსენდმა დიპლომატიური კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს.

 

საქართველოს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. პირველ ტაიმში, კონტაქტის არეში ისინი ძალიან კარგები იყვნენ და ჩვენი შეტევები მარტივად შეაჩერეს. უცნაურია, მაგრამ პირველ ტაიმში ლელოების გატანას ეს გვერჩივნა.

მეორე ტაიმში გაცილებით აკურატულად ვითამაშეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ გაწეულმა სამუშაომ მეტოქე ძალიან დაღალა, გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი ჩვენმა მარქაფამ შეიტანა. - გრეგორ თაუნსენდი

შოტლანდიასთან შალვა მამუკაშვილმა მე-100 კეპი მოიხვეჭა და ბორჯღალოსნების მე-6 ცენტურიონი გახდა. სამწუხაროდ მამუკაშვილმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად, 38-ე წუთზე დატოვა.

"მერიფილდზე" მოგებული ტაიმი სასიხარულოა, თუმცა, მეორე ტაიმში კარგი გაკვეთილი მივიღეთ. ორი კონტრასტული ტაიმის შემდეგ, მთლიანობაში ბორჯღალოსნების თამაში დადებითად შეფასდა - მაგრამ გამოიკვეთა, რამდენიმე საგანგაშო დეტალი, რომლის გამოსწორებაც რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, ძალიან რთულია.

მატჩის პირველი ტაიმი იდეალურად ჩავატარეთ და "მერიფილდზე" შეკრებილი პუბლიკა გაოგნებული დავტოვეთ, როდესაც დაცვაში დიდებულად ვითამაშეთ და ქულების დასაგროვებლად მეტოქეს მცირედი შანსიც კი არ მივეცით, ხოლო შეტევაში ორი ჯარიმა გავიტანეთ და პირველი ტაიმის შემდეგ, ტაბლოზე ყველასთვის მოულოდნელი შედეგი (0:6) დავაფიქსირეთ.

გასაკვირი არაა, რომ მეორე ტაიმში შოტლანდია მთელ თავის რესურსს ჩართავდა, რათა თამაში შემოებრუნებინა და ეს ასეც მოხდა. დაცვაში თამაშით გადაღლილი ბორჯღალოსნების რიგებში სივრცეები გაჩნდა, რაც ფინ რასელმა იდეალურად გამოიყენა და დუან ვან დერ მერვეს ბრწყინვალე ლელო გაატანინა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ვან დერ მერვემ პირველი სანაკრებო ლელო ბორჯღალოსნების წინააღმდეგ გაიტანა და 26 აგვისტოს, რიგით მე-19 და მე-20 ლელოებიც ჩვენ გაგვიტანა. 

ის რაც პირველ ტაიმში გამოგვდიოდა იდეალურად - ჩამოგვეშალა მეორე ტაიმში. შოტლანდიამ გაილაღა, 33 ქულა დაგვიგროვა და მატჩი 33:6 დასრულდა. 

 

ერთადერთი ნათელი წერტილი დაცვითი მოლები იყო, სადაც რიგ ეპიზოდებში კარგად გავისარჯეთ და მეტოქეს უკან დავახევინეთ, მაგრამ შეტევითი მოლები? ხოო, შეტევითი მოლები არ გვქონია, ან როგორ უნდა გვქონოდა, როდესაც მეორე ტაიმში ჩვენი დერეფნების 95% დავთმეთ?! 

ტრავმირებულმა შალვა მამუკაშვილმა მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. ჰუკერის პოზიციაზე მეორე არჩევანი გიორგი ჭყოიძეა, რომელიც ასევე ტრავმირებულია და თამაშში მე-3 არჩევანი თენგიზ ზამთარაძე ჩაერთო. 

სწორედ აქედან იწყება კატასტროფა დერეფნებში - მეორე ტაიმში ჩვენი აუტებიდან მხოლოდ 1 მოვიგეთ. ყველა სხვა შემთხვევაში ბურთი ან დერეფანს გადავაცილეთ, ან შოტლანდიელებმა მარტივად გაგვშიფრეს, ან საერთოდაც არაზუსტად მოვაწოდეთ. 

იმ დროს როდესაც, შოტლანდიის 5-მეტრიანში ხარ და ბრწყინვალე შანსი გაქვს მოგებული დერეფნის შემდეგ, მძლავრი მოლი ააგორო და მეტოქე დაალელოვო, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია, პრინციპულ დერეფანს აგებ. იგივე მოხდა მეტოქის 22-მეტრიანშიც. ეს ყველაფერი გუნდის სულისკვეთებასა და ბრძოლისუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ მეორე ტაიმში შოტლანდიამ 33:0 დაგვამარცხა. დავჯარიმდით მეტოქის ყველა შერკინებაში, დავკარგეთ ჩვენი პრაქტიკულად ყველა დერეფანი, მაგრამ ერთადერთ დამნაშავედ, მხოლოდ ზამთარაძეს ნუ დავასახელებთ. ერთია, როდესაც ჰუკერი ვერ აწვდის აუტს, მაგრამ ასევე არ დავივიწყოთ გამომცხადებლის შეცდომა, მხტომელის შეცდომა, მარტივად გაშიფრული დერეფნები და ამ ყველაფრის ერთობლიობამ ჩვენ თამაშს დიდი დაღი დაასვა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ბექა გორგაძის, ბექა საღინაძისა და ნოდარ ჭეიშვილის დანაკლისმა ჩვენს შერკინებასა და დერეფანს დიდი დაღი დაასვა და იმედი ვიქონიოთ, რომ მსოფლიო თასზე, მათი დაბრუნების შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორდება - თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში დერეფანი ჩვენი მუდმივი თავისტკივილია. "მიხეილ მესხზე" მსგავს სცენარს ვანო კარკაძე შეეწირა, თუმცა, ვნახეთ რომ ამ კომპონენტის გამოსწორებაზე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ედინბურგში, შოტლანდიასთან მოგების იმედი ნაკლებად გვქონდა და მარცხი ნამდვილად არაა კატასტროფა, მაგრამ შერკინებასა და დერეფანში კატასტროფული თამაშის შედეგად პრაქტიკულად უბურთოთ ვიყავით და გამუდმებით თავის დაცვა გვიწევდა, რაც მსოფლიო თასის დაწყებამდე 2 კვირით ადრე არაა ის სურათი, რისი ხილვაც გულშემატკივარს სურს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ფიჯი ბრწყინვალე ფორმაშია და "თვიქნემზე" ინგლისს ამარცხებს (22:30). 

ავსტრალიის, ფიჯისა და უელსის წინააღმდეგ შერკინებისა და დერეფნების ტოტალური დათმობა, რა შედეგს მოგვიტანს ვფიქრობ ყველამ ვიცით, მაგრამ წინ კიდევ 2 კვირაა და იმედი ვიქონიოთ, რომ შოტლანდიასთან მატჩს სწორი ანალიზი და შეფასება მიეცემა, რაც სამომავლოდ შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს. 


ესეც საინტერესოა