დინამო, რეალი და გრიგოლ რობაქიძე ქართული ტრიუმფის შესახებ
დინამო, რეალი და გრიგოლ რობაქიძე ქართული ტრიუმფის შესახებ
1962 წლის 29 ივნისის ქართული კალათბურთის ისტორიაში ოქროს ასოებითაა შეტანილი. ეს არის დღე, როდესაც "დინამო თბილისმა" ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ფინალში (დღევანდელი ევროლიგა) "მადრიდის რეალი" დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის მფლობელი გახდა.
"რეალის" დამარცხება ქართული კალათბურთის მწვერვალია, რომელზე ასასვლელად და ევროპულ სარბიელზე პირველობის მოსაპოვებლად, "დინამომ" საკმაოდ რთული გზა გაიარა. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ "რეალთან" ფინალურ შეხვედრას ცნობილი ქართველი მწერალი, გრიგოლ რობაქიძე ესწრებოდა და მისი შთაბეჭდილებები წერილის სახით არის შენარჩუნებული. მთელ ამ ისტორიას დეტალურად გაგაცნობთ.
გზა ფინალისკენ
1/8 ფინალში "დინამო" რუმინულ "სტიაუას" დაუპირისპირდა. გასვლით შეხვედრაში, "დინამოელებმა" მცირე სხვაობით, 76:77 გაიმარჯვეს. საპასუხო მატჩი თბილისში გაიმართა - რუმინელები აქაც დამარცხდნენ (82:77).
1/4 ფინალში, თურქული ბარიერი "დინამოელებისთვის" იოლი ნადავლი გამოდგა. "დარუშაფაკაში" იმ პერიოდში საუკეთესო თურქი მოთამაშეები თამაშობდნენ, თუმცა თბილისურმა კლუბმა ორივე მატჩში დიდი სხვაობით გაიმარჯვა (67:80 და 80:49).
გაცილებით რთული მეტოქე ჰყავდა ლეგენდარული ოთარ ქორქიას გუნდს 1/2 ფინალში: მოსკოვის "ცსკასთან" გასვლით შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და გადამწყვეტ მომენტში, "დინამო თბილისმა" იმარჯვა და მეტოქე 4 ქულით დაამარცხა (71:75). "დინამომ" მოსკოვური კლუბი საშინაო არენაზეც (77:66) დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ფინალი მადრიდის რეალის წინააღმდეგ
ფრანკოს რეჟიმსა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბულმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ, ფინალის ორგანიზების საკითხი გაართულა. ტურნირის წესდების თანახმად, ფინალი ორმატჩიანი (შინ და გასვლაზე) უნდა ყოფილიყო, თუმცა სავიზო პრობლემიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელი ხდებოდა.
პრობლემის მოსაგვარებლად, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, ჟენევაში, საპასუხო შეხვედრის გარეშე გაიმართებოდა.
ფინალურ შეხვედრას 5000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. "დინამოელებმა" მეტოქე დამაჯერებლად, 7-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს (90:83). მადრიდული კლუბის წინააღმდეგ, თავი გამოიჩინეს:
გურამ მინაშვილი (კაპიტანი) – 9
ვალერი ალთაბაევი – 17
ანზორ ლეჟავა – 16
ვლადიმერ უგრეხელიძე – 14
ალექსანდრე კილაძე – 14
ალექსანდრე პეტროვი – 12
ლევან ინწკირველი – 3
ლევან მოსეშვილი – 3
ილარიონ ხაზარაძე – 2
ამირან სხიერელი – 0
რევაზ გოგელია – 0
გრიგოლ რობაქიძე
ტრიბუნაზე მყოფ 5000 გულშემატკივარს შორის, ქართველი მწერალიც, საბჭოთა კავშირში "ხალხის მტრად" გამოცხადებული, გრიგოლ რობაქიძეც იმყოფებოდა. 1931 წლის შემდეგ ემიგრაციაში მყოფი, 1946 წლიდან ჟენევაში ცხოვრობდა და ცხადია, ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვია: რობაქიძე მატჩს დაესწრო და გამარჯვებისგან მოგვრილი სიხარული თავის დას, ლიდას გაუზიარა.
ძვირფასო ლიდა!
გუშინ აქ გაიმართა შეჯიბრი კალათბურთელების – ქართველებისა და ესპანელების – პირველობისთვის ევროპაში.
გაგებული გექნება: გაიმარჯვეს ქართველებმა, შვიდი პუნქტით გაუსწრეს ესპანელებს (90:83). ქართველები თამაშობდნენ აუღელვებლად, შეწყობილად – აქ სჩანდა უთუოდ ხელი მათი ხელმძღვანელის – ოთარ ქორქიასი.
მე ძალიან ვღელავდი. გასაგებია: სისხლი! ეს გამარჯვება ქართველებისთვის დიდად მნიშვნელოვანია, დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული: მაგარი!..
პირველ ნახევარში შეჯიბრისა ჩვენებმა 2 წერტით გაუსწრეს ესპანელებს. მე მჯეროდა, რომ ისინი პირველ შებმაში თუ ვერ გაიმარჯვებდნენ, არც დამარცხდებოდნენ, თანასწორ გამოვიდოდნენ ესპანელებთან ერთად. მეშინოდა მეორე შებმისა. საშინლად ვღელავდი. რატომ?
ცნობილია, რომ ქართველები საერთოდ პირველ შემართებაში ხარჯავენ „მთელ ცეცხლს“ და შემდგომ ძალა აღარ ჰყოფნით, ცეცხლი აკლდებათ (მონღოლებს რომ არ გაეგოთ ეს თვისება ქართველთა, საქართველოს დაპყრობა ძალიან გაუჭირდებოდათ. „ქართლის ცხოვრებაში“ არის სიტყვა შესახებ ამისა).
ახლა ვიკითხოთ, რა მოხდა შეჯიბრის მეორე ნახევარში: ცეცხლი კი არ მოაკლდათ, პირიქით: კიდევ მოემატათ. ეს ისეთი დიდი ამბავია, რომ იგი სპორტულ გამარჯვებას სცილდება, ბევრად, ბევრად მეტია უკანასკნელზე. როგორც ქართველი – მე მხრებში გავიმართე!..
გამარჯვებულები არ „აყვიჩილებულან" გამარჯვებით. ერთი მათგანის სახეზეც ვერ ამოიკითხავდი: „ხომ გაჯობეთ!" ზრდილად, რაინდულად, ქართველურად გაუწოდეს ხელი მოპირდაპირეთ – დაუვიწყარი სურათი!
გამარჯვებულთა ნახევარი თითქმის გამარჯვებულთა ხელმძღვანელს უნდა ვაკუთვნოთ: ოთარ ქორქიას. ვთქვათ პირდაპირ: მათს სულისჩამდგმელს. დიდი ოსტატი ყოფილა, დიდი! მატჩის დროსაც ამა თუ იმ დარიგებას აძლევდა აღზრდილებს თავისსა. აღსანიშნავია ესეც: ყოველ მათგანს ექცეოდა როგორც ნამდვილი ძმა, უფროსი ძმა...
გავიფიქრე: მივსალმებოდი გამარჯვებულებს, - გადავიფიქრე. შეიძლება „ეუცხოვოთ-მეთქი", გავივლე გულში (მიხვდები რის გამო). სიხარულთან ერთად ბასრი ტკივილი ვიგრძენი სულის სიღრმეში!..
გულითადი მოკითხვა ჩვენებს ყველას.
შენი გრიგოლ.
29 ივნისი, 1962. ჟენევა... -