ფინეთთან მარცხი | არაუშავს, ჩვენ ევრობასკეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის ვითამაშეთ
ფინეთთან მარცხი | არაუშავს, ჩვენ ევრობასკეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის ვითამაშეთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა ფინეთთან მარცხით დაასრულა. ისტორიაში პირველად, ჩვენმა კალათბურთელებმა მეოთხედფინალურ ეტაპზე ითამაშეს და საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრასაც 1 ნაბიჯით მივუახლოვდით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ დაპირისპირებაში, უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
ეს საერთოდ არ ნიშნავს ნაკრების მიღწევის დაკნინებას. პირიქით, შეუძლებელი შევძელით: ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა. საქართველომ ჯერ ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი დაამარცხა, შემდეგ კი 1/8-ში 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ფინალისტი გამოთიშა ტურნირს - საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრები უზადო და საოცარი იყო. ვითამაშეთ იმდენად უმაღლესი კლასის კალათბურთი, რომელიც ქომაგს არასოდეს დაავიწყდება.
სამწუხაროდ, იმავე ტემპის შენარჩუნება ფინეთთან ვერ შევძელით - საფრანგეთთან შედარებით, თითქოს უფრო სუსტ, თუმცა ძალიან გამართულ, ზუსტი სამქულიანების დიდოსტატებით დაკომპლექტებულ ნაკრებთან. სკანდინავიელებმა პირველი ტაიმი 17-ქულიანი სხვაობით (57:40) მოგვიგეს, რამაც საბოლოო შედეგი დიდწილად განაპირობა.
I მეოთხედი
მატჩის სტარტი საქართველოს ნაკრებს არცთუ ურიგო გამოუვიდა. ბრწყინვალედ თამაშობდნენ გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია და თითქოს, მცირედი უპირატესობა მოვიპოვეთ. თუმცა ამ მომენტიდან, დავუშვით შეცდომა: ფინელებს ტემპში ავყევით, რამაც ჩვენი დაცვითი სისტემა მოარღვია. ჩვენი კალათბურთელების სიმაღლე, რომელიც 3-წამიან ზონაში გვეხმარება, პერიმეტრზე ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა და ის, რასაც საფრანგეთთან და ესპანეთთან მოვახერხეთ, ფინელებთან ვერ შევძელით. მეტოქე პერიმეტრზე მარტო ხშირად რჩებოდა და 3-ქულიან სროლებს არ აფუჭებდა.
როგორც კი სასტარტო ხუთეულის წევრებმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს, შეხვედრა ფინელების კარნახით წარიმართა. ვაგებდით 3 ქულით (16:13) და საბოლოოდ, მეტოქემ მეოთხედი 12-ქულიანი ფორით დაასრულა. იანტუნენის (8), სალინისა (8) და მარკანენის (7) შეჩერება, პრაქტიკულად, ვერ მოვახერხეთ. ისიც სათქმელია, რომ ფინელებმა 10-დან 6 სამქულიანი გამოიყენეს.
II მეოთხედი
მეორე მეოთხედში, ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება მოვახერხეთ და ლასი ტუოვმა ტაიმაუტი აიღო. ამავე პერიოდში, გამოიკვეთა სისუსტე, რომელიც ჩვენს ნაკრებს მიმდინარე ევრობასკეტზე თან სდევდა: სასტარტო 25 წუთის განმავლობაში, ფინელ სკამის მოთამაშეებს 25, ხოლო ქართველებს კი 2 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული.
ფინელებმა ტემპს კიდევ უფრო მოუმატეს, ჩვენი მოთამაშეები გადაწყობას ვერ ახერხებდნენ და მეტოქეს სროლაში ხელს ვერავინ უშლიდა. ფინელთა შორის, პირველ ტაიმში ფანტასტიკური იყო სასუ სალინი - 34 წლის გამოცდილი მოთამაშე, რომელმაც 3-დან 3 სამქულიანი ჩაგვიგდო.
პირველი ტაიმის შედეგი
პირველ ტაიმში ანგარიშით 57:40 დავმარცხდით. ამ პერიოდში:
გოგა ბითაძეს 3 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა მიღებული. ამ მაჩვენებლის უდიდესი მნიშვნელობა მატჩის ბოლოს გამოჩნდა;
საერთოდ არ დაუსვენია სანდრო მამუკელაშვილს. ბოლდუინმა 1 წუთი დაისვენა, შენგელიამ 3, ბითაძემ 3.5;
სათადარიგოთა სკამიდან, ქულა მხოლოდ შერმადინს ჰქონდა აღებული (2). იგი ნაკრებში მე-200 მატჩს ატარებდა; ამავე კომპონენტში, ფინელ კალათბურთელებს 30 ჯამში ქულა ჰქონდათ მოგროვებული;
ფინელები ჩვენს კალათში 3-ქულიანებს 67%-იანი სიზუსტით ესროდნენ (10/15);
ჩვენი ნაკრებიდან, ყველაზე მეტი ინდივიდუალური კონტრიბუცია თორნიკე შენგელიას ჰქონდა: 12 ქულა 3 მოხსნა, 5 ასისტი;
ფინელთაგან, ქულებით გამოირჩნენ: იანტუნენი (15), სალინი (11), მარკანენი (10), მაქსჰუნი (9).
III მეოთხედი
მე-3 მეოთხედში კარდინალურად სხვა კალათბურთი ვითამაშეთ და ანგარიშით 14:22 გავიმარჯვეთ. თავიდან, სწრაფად დავწინაურდით, თუმცა ჩამორჩენის გაზრდის რამდენიმე შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით.
სროლები არ წაუვიდა კამარ ბოლდუინს, რომელსაც III მეოთხედის სტარტზე, 2-დან 2 ორქულიანი, ასევე 2-დან 2 სამქულიანი ვერ ჩააგდო კალათში. სამწუხაროდ, მისი ინდივიდუალური შედეგები მატჩის ბოლომდე არასახარბიელო გამოდგა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთთან, ჩვენმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 24 ქულას მოუყარა თავი (4-დან 3 ზუსტი სამქულიანი ჩააგდო) და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
შეტევაში შეცდომები მეტოქემ არ გვაპატია: ლაური მარკანენმა მორიგი იდეალური 3-ქულიანი ჩაგვიგდო და ფინეთი 20 ქულით დააწინაურა (ეს იყო ყველაზე დიდი ჩამორჩენა მატჩში).
თუკი ბოლდუინი დღეს მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, III მეოთხედი ჩინებულად წაუვიდა დუდა სანაძეს, რომელმაც თამაში იგრძნო, სამქულიანები მიაყოლა და 16 ქულამდე ავიდა. საქართველომ მეტოქეს გაქცევა მოუწყო და სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა. შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი დადგა სცენაზე: როდესაც ფინელებს შეტევისთვის 11 წამი ჰქონდათ დასრულებული, მარკანენს ბურთი აართვა და ნაკრებს 2 ქულა შემატა, რითაც შეხვედრის შემოტრიალების რეალური იმედი გაჩნდა.
დასკვნითი მეოთხედი
მეოთხედი ძალიან კარგად დავიწყეთ: ვიგებდით 2:5-ს და ჩამორჩენა 6 ბურთამდე შევამცირეთ. და მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, მირო ლითლმა ძალიან შორეული, ფაქტობრივად განწირული 3-ქულიანი ჩაგვიგდო. საპასუხო შეტევაში, ბოლდუინმა კვლავ ააცილა სამიზნეს, გოგა ბითაძემ კი ბურთისთვის ბრძოლაში იუხეშა. მსაჯების შეფასებით, მისი მოქმედება არასპორტული გახლდათ და გოგას პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია.
მეტოქემ 2 სროლისა და შეტევის უფლება მიიღო. იანტუნენმა ორივე საჯარიმო ჩააგდო, მირო ლითლმა კი კიდევ ერთი 3-ქულიანი ჩააჭედა ჩვენს კალათში. თითქოს გავტყდით, მაგრამ მატჩის შემოტრიალების ჯერ კიდევ გვჯეროდა.
განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ გულშემატკივარის მოლოდინი ილუზია არ გახლდათ. 5 წუთით ადრე, 10 ქულაში შესვლის შანსი მივიღეთ. თანაც, ფინელებს უკვე 4 პერსონალური ფოლი ჰქონდათ მიღებული და ანგარიშის შემცირების შანსს ხშირად ვიღებდით. თუმცა როგორც მანამდე ლითლს, ამჯერად ელიას ვალტონენს გაეხსნა: ზედიზედ 2 სამქულიანი ჩაგვიგდო, რასაც მორიგი დაძაბულობა მოჰყვა: პარკეტი თორნიკე შენგელიამაც დატოვა და უკვე ყველამ გავიაზრეთ, რომ ევრობასკეტი დასრულებული იყო.
79:93. დასანანი მარცხი. შეგვეძლო ნახევარფინალს შევწვდომოდით, თუმცა პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები ძალიან ძვირად დაგვიჯდა.
შეფასება
ევრობასკეტზე საქართველომ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ტურნირის დასაწყისში წარმოვიდგენდით. 8 საუკეთესო გუნდში თამაში მხოლოდ და მხოლოდ საოცნებო იყო - იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთულ ჯგუფში მოგვიწია თამაში და თუ რამდენად დაუბალანსებელი შემადგენლობა გვყავს. ამის მიუხედავად, ჯიკიჩის გუნდმა საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია და მეოთხედფინალის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ჯერ კიდევ ნახევარფინალს ვუმიზნებდით.
ამიტომაც მადლობა, დიდი მადლობა ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს, მთავარ მწვრთნელსა და მის თითოეულ ასისტენტს - იმისთვის, რომ იმაზე მაღალ საფეხურს მივწვდით, ვიდრე წარმოვიდგენდით. სასიამოვნო იქნება იმის თქმა, რომ უფრო დიდი გამარჯვებები წინაა, თუმცა რეალისტურად თუ შევხედავთ, ქართულ კალათბურთში კადრების მწვავე პრობლემაა: ბითაძე და მამუკელაშვილი სეზონს NBA-ში ატარებენ, შერმადინი და შენგელია უკვე ასაკში არიან, ახალი სისხლი კი თითქოს არ ჩანს.
თუმცა ამას მოგვიანებით მივუბრუნდეთ. ევრობასკეტი 2025 ისტორიული და ორი დაუვიწყარი მოგონების მომცემი გამოდგა, გვაქვს შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ ევრობასკეტზე საქართველოს საუკეთესო შედეგს მივადევნეთ თვალი, ამისთვის კი უდიდესი მადლობა საქართველოს ნაკრებს.