Belive
4 თვის წინ

2008 წლის 31 მარტი - ჩვენი პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან

2008 წელს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის წინ - პორტუგალიის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში შევხვდით და ანგარიშით 2:0 დავმარცხდით.

2008 წლის 31 მარტი - ჩვენი პირველი შეხვედრა პორტუგალიასთან

ეს დიდი ხნის წინ მოხდა. 2008 წელს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის წინ - პორტუგალიის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში შევხვდით და ანგარიშით 2:0 დავმარცხდით. მახსოვს, ქართული სპორტული მედია წერდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ოფიციალური მატჩის ჩატარებამდე, პორტუგალიელებს ლაღად გამარჯვება და კარგი ხასიათის შექმნა სურდათ. დღევანდელი პერსპექტივიდან გამომდინარე, ნათლად შეიძლება იმ უდიდესი პროგრესის გზის დანახვა, რომელიც ამ 16 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებმა გაიარა.

პრობლემები უხვად იყო. ალბათ, საქართველოში არცერთი მწვრთნელის ჩამოსვლას არ მოჰყოლია იმხელა აჟიოტაჟი, რამდენიც კლაუს ტოპმიოლერისას, თუმცა მისი მოღვაწეობა კრახით დასრულდა და 2 წლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე, იგი ხორვატმა სპეციალისტმა, პეტარ სეგრტმა ჩაანაცვლა.

ტოპმიულერის მთავარი მიღწევა 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლევერკუზენის" გაყვანა გახლდათ, რაც გვაძლევდა იმედს, რომ შოთა არველაძის, გიორგი დემეტრაძის, ასათიანის, ხიზანიშვილის, კალაძის, კობიაშვილისა და სხვა გამოცდილი ლეგინიორების დახმარებით, უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვეძლო. იმავე პერიოდში დაინიშნა პეტარ სეგრტი 21-წლამდელ ნაკრების ხელმძღვანელად , თუმცა განსაკუთრებული შედეგებით ვერც ის იწონებდა თავს.

ამავე პერიოდში, ლუიშ ფილიპე სკოლარი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. უნდა ითქვას, რომ 2008 წლის პორტუგალიის შემადგენლობა სანახაობრივი ფეხბურთის მოთამაშე და ვარსკვლავური იყო. გუნდს უკან 2004 წლის მწარე გამოცდილება სდევდა - პორტუგალიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, გახსნით და ფინალურ მატჩში, პორტუგალია საბერძნეთს 2-ჯერ დაუპირისპირდა და ორივეჯერ წააგო. შესაბამისად, სკოლარის გუნდი გამარჯვებისთვის დიდი მოტივაციით ემზადებოდა.

2008 წლის 31 მარტს, ჩვენი ნაკრები ქალაქ ვიზეუს ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დამარცხდა. პორტუგალიელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ. გოლები ჟოაუ მოუტინიუმ და სიმაო სამბროზამ გაიტანეს. ჩვენი მხრიდან, გოლის გატანის საუკეთესო შანსი მახაჭყალის "ანჟის" ფორვარდს, რევაზ ბარაბაძეს მიეცა, თუმცა ქუიმთან ერთი-ერთზე გასულმა, მომენტის რეალიზაცია ვერ შეძლო.

პორტუგალია: რიკარდუ (ქუიმი 46), ბოსინგვა (მიგელი 62), რიკარდუ კარვალიუ (კვარეშმა 46), ფერეირა, პეპე (ფერნანდო მეირა 62), პეტი (ნანი 46), დეკუ (ჟოზე მაირელეში 46), სიმაო (ალვეში 46), რონალდუ (მიგელ ველოსო 46), ჟოაუ მოუტინიუ (უგო ალმეიდა 73), ნუნუ გომეში (ელდერი 62).

საქართველო: ლორია, ნავალოვსკი (მერებაშვილი 85), ხიზანიშვილი, ასათიანი, ლობჟანიძე, კობიაშვილი (დევდარიანი 46), ცქიტიშვილი (კლიმიაშვილი 46), მენთეშაშვილი (სანაია 71), ყენია (ბარაბაძე 71), ალექსიძე (მუჯირი 38), იაშვილი (გოცირიძე).

აღსანიშნავი ფაქტია, რომ იმ მატჩის მონაწილეები - კრიშტიანუ რონალდუ და პეპე, კვლავ ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ და საინტერესოა, ვიხილავთ თუ არა მათ მოედანზე. ჩვენთვის, სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ ამჯერად, ჩვენი შეხვედრა სულ სხვა დონეზე გაიმართება. პორტუგალიელებს ვხვდებით უკეთესი პერსპექტივით, შემადგენლობით, მწვრთნელით, მიდგომითა და პროფესიონალიზმით - ჩვენი ნაკრები შეცვლილია და ამას ყოველ მატჩში ამტკიცებს.

26 ივნისი, 23:00 - ჩვენ პორტუგალიასთან კიდევ ერთხელ ვითამაშებთ და მიუხედავად იმისა, რომ მრისხანე მეტოქე გვყავს, ასეთია ჩვენი მოცემულობა: ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლის შანსს. ეს მდგომარეობა კი, 2008 წლის 31 მარტს, სრულიად წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა.

ზღაპრის ბოლო კეთილია.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა