დე ლა ფუენტეს უძლეველი სისტემა - მუნდიალს დამსახურებული ფინალისტი ჰყავს
დე ლა ფუენტეს უძლეველი სისტემა - მუნდიალს დამსახურებული ფინალისტი ჰყავს
ეს მსოფლიო ჩემპიონატი დიდად არ მხიბლავს, მალევე მეძინებაო - ასე შეაფასა ჟოზე მოურინიომ მიმდინარე მუნდიალის სტარტი. თუმცა "განსაკუთრებულმა" ისიც ივარაუდა, რომ მთავარი ამბები პლეი-ოფში დაიწყებოდა. და თუკი განვლილ მატჩებს გადავავლებთ თვალს, მართლაც იყო მატჩები, რომელთა არასანახაობრიობაზეც ჟოზეს უყოყმანოდ დავეთანხმებოდით. მითუმეტეს, ჩვენი სასაათო სარტყელიდან გამომდინარე, 2026 წლის მუნდიალი და ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება ერთმანეთს გადაეჯაჭვა. თუმცა ისეთი დრამატული და ბოლო წამამდე დაძაბული მატჩებიც ვიხილეთ, დიდხანს რომ არ დაგვავიწყდება. მაგალითად: არგენტინა-კაბო ვერდე, ინგლისი-მექსიკა, ბელგია-სენეგალი და სხვ.
გუშინდელ შეხვედრას მსგავსი დრამატიზმი აკლდა, თუმცა მას განსაკუთრებული ისტორიული ელფერი დაჰკრავდა - 14 ივლისი ხომ ახალი საფრანგეთის დაბადებისა და ბასტილიის ციხის აღების დღეა. თუმცა, ბასტილიელებისთვის დღესასწაული კრახით დასრულდა. ლუის დე ლა ფუენტეს საოცრად გამართული, სისტემური ფეხბურთის წყალობით, მბაპე, ოლისე და დემბელე თითქოს მიწაზე დაეშვნენ - ფრანგებმა მთელი მატჩის განმავლობაში კარში სულ 3-ჯერ დაარტყეს, ხოლო Big Chances-ის გრაფაში მათ ნული ეწერათ.
ფრანგების დომინანტურმა ფეხბურთმა, რომელიც შემტევების გამაოგნებელი ინდივიდუალიზმის ფონზე საყოველთაო სიმპათიას იმსახურებდა, ბევრს დააჯერა, რომ ამ ნაკრების შემჩერებელი არავინ იყო. თუმცა, მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მოულოდნელი აღიარება გააკეთა: "ტურნირის ფავორიტი საფრანგეთი კი არა, ესპანეთიაო".
დე ლა ფუენტემ ვიზავის ზუსტად ის დაუპირისპირა, რაც ფრანგებს ყველაზე მეტად აშინებდათ: პრაგმატული და გამართული სისტემა. სივრცეები, რომლებიც ფრანგ შემტევებს ჰაერივით სჭირდებოდათ, ესპანეთმა სრულად გადაკეტა. მატჩის მანძილზე ვიხილეთ ეპიზოდები, როდესაც ბურთის ფლანგზე მიღებისას, ფრანგ მოთამაშეს ესპანელები ორმაგი დაცვით ხვდებოდნენ, უკან დასაბრუნებელ ზონას კი ასევე ესპანელი მოთამაშე აზღვევდა.
მატჩის საწყის წუთებში, ბრედლი ბარკოლამ პედრო პორო დაჯაბნა და საჯარიმოსკენ სწრაფად დაიძრა, თუმცა მისი ჩაწოდებული ესპანელებმა გაანეიტრალეს. ეს მატჩის პირველ საათში ფრანგების მიერ შექმნილი ერთადერთი მწვავე ეპიზოდი იყო.
მიკელ ოიარსაბალის ზუსტი თერთმეტმეტრიანის და ესპანელების დაწინაურების ფონზე, ფრანგების გაღიზიანება და ფრუსტრაცია უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. მბაპე გუნდისგან გამოყოფილს ჰგავდა, აქტიურობა კი თამაშგარე ზონაში რამდენჯერმე დარჩენად დაუჯდა.
მეორე ტაიმში ესპანეთმა თამაშის სადავეები ხელში უფრო მკვეთრად აიღო, ფრანგების ნახევარდაცვა სულ უფრო დეზორგანიზებული ჩანდა. ამ ფონზე კი, როდრი ყველა ორთაბრძოლას იგებდა და ფრანგების მოკლე, ეპიზოდურ შეტევებს უპრობლემოდ შლიდა.
დეშამმა გაიბრძოლა: ბარკოლა დუემ, ოლისე კი შერკიმ შეცვალა. ამ უკანასკნელმა მაშინ, როდესაც საფრანგეთი უკვე ანგარიშით 0:2 მარცხდებოდა, კილიანს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელს კი გოლის გასატანად მხოლოდ ბურთზე ფეხის მიკვრა სჭირდებოდა, თუმცა მარკ კუკურეიამ ეს ყველაფერი წინასწარ წაიკითხა და ფრანგების უკანასკნელი რეალური საგოლე შანსი გაანეიტრალა.
„საფრანგეთი მსოფლიოში საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდა“, - მატჩის შემდეგ ლუის დე ლა ფუენტემ არათავმდაბლური განაცხადი გააკეთა. თუმცა, ფაქტია: ნაკრებში, სადაც სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, სისტემა საათივით მუშაობს. დე ლა ფუენტეს აქვს იმის ფუფუნება, რომ სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები განამწესოს, როგორებიც არიან პედრი, ფერან ტორესი, მიკელ მერინო, მარკოს ლორენტე და ნიკო უილიამსი, საფრანგეთს კარში 2-ჯერ დაურტყას და ორივეჯერ გაუტანოს.
"ფურია როხამ" ყველა კითხვის ნიშანი გააქრო. ფინალში გასვლით, ესპანეთის ნაკრებმა კრიტიკოსებს სასაუბრო სივრცე არ დაუტოვა. შეუძლებელია ესპანეთთან დაკავშირებით მსაჯის შეცდომებზე ან ფორტუნაზე საუბარი. ესპანეთი არ წასულა იმ გზით, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ევროპის წინა ჩემპიონატიდან შემორჩა, როდესაც ენტონი ტეილორმა გერმანიას 100%-იანი პენალტი არ დაუნიშნა. და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაუპირისპირდება ესპანელებს ფინალში - ესპანეთი ნებისმიერ შემთხვევაში ფავორიტის სტატუსით გავა მოედანზე.