მოურინიო ბელინგემს ოქროს ბურთის პრეტენდენტად აქცევს | ინგლისელის საოცარი სტარტი
მოურინიო ბელინგემს ოქროს ბურთის პრეტენდენტად აქცევს | ინგლისელის საოცარი სტარტი
ჟოზე მოურინომ რეალი უკვე შეცვალა და გადააკეთა. ვიხილეთ 3 მატჩი - განახლებული შემადგენლობით, ტაქტიკითა და სათამაშო სტილით მოთამაშე კლუბში განსაკუთრებულ ყურადღებას ჯუდ ბელინგემი იქცევს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ჟოზეს ხელმძღვანელობით თითქოს საკუთარი თავი იპოვა და შედეგიც სახეზეა: 3 მატჩში მან 2 გოლსა და 3 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
Hey Jude! - "სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი პუბლიკა ბელინგემს სიმღერას უძღვნიდა, რაც გასულ სეზონში იშვიათად თუ გვინახავს. ცხადია, ამაში მნიშვნელოვანი როლი ტრავმებსაც მიუძღვის: ინგლისელს უქმად ყოფნა დაახლოებით 100 დღის განმავლობაში მოუწია. თუმცა საქმე მხოლოდ ტრავმებში არაა.
"თავს კვლავ თავისუფლად ვგრძნობ“ - "მალაგასთან" დასრულებული მატჩის შემდეგ ბელინგემმა ასეთი შეფასება გააკეთა. სავარაუდოდ, გულისხმობდა იმას, რომ უწინ, იგი მწვრთნელის მიერ მკაცრად გაწერილ ტაქტიკურ მოვალეობებს ასრულებდა. იყო box to box მოთამაშე - შეტევისა თუ დაცვისას, მოედანს სრულად ითვისებდა - დამზღვევი, ამრთმევი, თუმცა გოლის გამტანი - ნაკლებად.
შესაბამისად, დაუკვირვებელი თვალით, გულშემატკივარი იტყოდა, რომ "ბელინგემის შედეგიანობამ იკლო“ - ცხადია, თითქოს რიცხვებიც ამას მოწმობდნენ (9 გოლი, 6 ასისტი), თუმცა რა რაოდენობის შავი სამუშაო შეასრულა ჯუდმა მოედანზე მაშინ, როდესაც მისი სახელი Flashscore-ის გოლის გრაფაში არ ეწერა, ეს ცალკე განხილვის თემაა. შესაძლოა, საკუთარი ხედვით, ალვარო არბელოა ან ხაბი ალონსო თავს უფრო მეტად დაზღვეულად გრძნობდნენ, თუმცა ბელინგემი თვლიდა, რომ მას მეტი თავისუფლება სჭირდებოდა.
მოურინიო რეალს 4-2-3-1 ტაქტიკით ათამაშებს, სადაც ბელინგემს კლასიკური შემტევი ნახევარმცველის პოზიცია უჭირავს - დაახლოებით ის, რასაც წლების წინ მადრიდულ კლუბში მესუთ იოზილი და ხამეს როდრიგესი ასრულებდნენ. და იმის მიუხედავად, რომ მოურინიო ინგლისელისგან დაცვითი ფუნქციების შესრულებას კვლავ მოითხოვს (მოუ და დაცვა ერთმანეთისგან ორი განუყრელი ცნებაა), მას ნამდვილად არ ევალება საყრდენი ნახევარმცველის ზონაში თამაში, რასაც გასული სეზონის სტარტზე ხაბი ალონსო მას ხშირად ავალებდა. და მაშინ, როდესაც ჯუდი მწვრთნელისგან მეტ თავისუფლებას იღებს, ხდება ის, რაც მან მუნდიალზე ჩაიდინა, როდესაც 8 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.
"ეს ჩემთვის საუკეთესო პოზიციაა“, - თქვა მან მოურინიოს მიერ დანერგილი სიახლეების შესახებ. „მეხმარება, რომ ჩემი შესაძლებლობები უფრო მეტად ვაჩვენო. მაქვს თავისუფლება იმისა, გადავწყვიტო - როდის ჩამოვიდე უკან, როდის გადავიდე შეტევაში, ან როდის შევირბინო საჯარიმოში. ამ ნდობისთვის მადლიერი ვარ“, - აღნიშნა ინგლისელმა.
"ბელინგემი უბრალოდ ტოპ მოთამაშე კი არა, ნამდვილი ლიდერია" - თქვა მალაგასთან გამარჯვების შემდეგ (4:0) ჟოზე მოურინიომ და ისიც დაუმატა, ინგლისელი ოქროს ბურთისთვის იბრძოლებსო. ეჭვგარეშეა, რომ პორტუგალიელი ბელინგემისგან ლამპარდის სტილის ნახევარმცველის გამოწრთობას შეეცდება - ფეხბურთელის, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებს.
საერთოდ, მოურინოს უყვარს ბუნებით ლიდერები. თავად რთული ხასიათის კაცია, თუმცა გამარჯვებას ასევე რთული ხასიათის მქონე ადამიანებთან ერთად აღწევდა. მას აქვს იმდენი ხიბლი და ქარიზმა, რომ "ცუდი ბიჭების" - მარკო მატერაცისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის პატივისცემა დაიმსახუროს. უნარი, რომ მართოს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც სერხიო რამოსი, კრიშტიანუ რონალდუ, სამუელ ეტო'ო, დიდიე დროგბა, ჯონ ტერი და ფრენკ ლამპარდი არიან. მას ყოველთვის ეხერხებოდა რთულ ადამიანებთან კონტაქტი და ამას ახსნაც აქვს - რამდენადაც თავად დიდი ეგოს მატარებელია, იმდენად უმაღლესი დონის მენეჯერია - იცის, როგორ დაანთოს ცეცხლი შენში და კარგად ესმის, რომ დიდი ეგოს მატარებელი ადამიანები წარმატებისკენ არიან მიმართულები.
რამდენიმე წლის წინ, რიო ფერდინანდთან და მანჩესტერ იუნაიტედის კონტენტ კრეატორთან, სტივენ ჰოუსონთან საუბრისას, ჟოზემ ბელინგემის შესახებ ისაუბრა. "როდესაც ამ ბავშვმა მადრიდში გოლი გაიტანა და ბერნაბეუზე ხელები გაშალა..." - მოურინიოს თვალები გაუფართოვდა და წარბები მაღლა ასწია - გვაჩვენა, რომ ეს მისი განზომილებაა. ძლიერი ხასიათი აქვს, ქედმაღალი კი არაა, ამით გეუბნება - აქ ვარ, კიდევ ერთხელ გავიტანეო.
რიოს ახსოვდა მოურინიოს დამოკიდებულება ბელინგემისადმი. რამდენიმე კვირის წინ, მასზე საუბარი ჩიჩარიტოსთანაც ჩამოვარდა. ხავიერ ერნანდესმა ჯუდს "დაუფასებელი" უწოდა, რიომ კი მიუგო, ჟოზე მას მონსტრად აქცევსო. "ჟოზეს უყვარს ასეთი ფეხბურთელები" - თქვა ჩიჩარიტომ და ასეცაა.
"მოურინიოსთვის კაცს მოვკლავდიო", - ერთხელ იბრაჰიმოვიჩმა თქვა. ჟოზესთვის პირადი თვისებები ძალიან ბევრს ნიშნავს. გზას აძლევს ლიდერებს, არ თრგუნავს მათში ინდივიდუალიზმს და სწორედ ამ გზით კრავს კავშირს ფეხბურთელებს შორის. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რის გამოც ბანაკებად დაყოფილ კლუბში მას ფლორენტინო პერესმა უხმო.
"ჩემს მოსვლამდე, ბევრი ამბობდა, რომ ჩემს გუნდში ბელინგემი, ვინისიუსი და მბაპე ერთად ვერ ითამაშებდნენ. მე კი ვთვლი, რომ საუკეთესოებს სურთ, რომ მათ გვერდით საუკეთესოები თამაშობდნენ. ვუყურებ და ყველაფერი კარგად გამოსდით", - თქვა მოუმ.