სიტი Vs. რეალი - ახალი ელ კლასიკო
სიტი Vs. რეალი - ახალი ელ კლასიკო
ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთიდან წასვლამ "ელ კლასიკოს" ხიბლი დაუკარგა - ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს. საქმე მხოლოდ მათ წასვლაში არაა - მიზეზი, ძირითადად, როსელი-ბართომეუს შეცდომების შედეგში მდგომარეობს. შეხვედრა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის ფინალივით ველოდებოდით, ლეგენდარული დაპირისპირებიდან ლა ლიგის მნიშვნელოვან შეხვედრად ჩამოლაბორანტდა - იკლო დაძაბულობამ, იკლო ხმაურიანმა პოსტ-მატჩის განხილვებმა და მეხსიერებაშიც ნაკლებ ადგილს იკავებს. პარალელურად, სიტი Vs. რეალის მნიშვნელობის ზრდა ამავე პერიოდს ემთხვევა.
პეპ გვარდიოლამ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი შექმნა - მისი "ბარსელონა" შეუჩერებელი, ესთეტიკური და დაუვიწყარი იყო. გუნდის შენებისა და მიღწევებამდე მისვლის პროცესის შესახებ, ბრწყინვალედ წერს ბრიტანელი ჟურნალისტი, გრემ ჰანტერი წიგნში "როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში", რომელიც ქართულადაც არის ნათარგმნი. გვარდიოლას ეს დაუფასდა - მას განსაკუთრებით აფასებენ კატალონიაში და ზოგადად, პეპი "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარს უყვარს - არავინ გაბრაზებულა, როდესაც "ბაიერნში" გადავიდა.
"ბლაუგრანას" ქომაგები გვარდიოლას ყველგან ქომაგობენ - "ბაიერნში" და მითუმეტეს, "სიტიში", რომელიც ხანდახან, ასოციაციურად, იმ ძველ "ბარსელონას" გვახსენებს. ესპანელმა სპეციალისტმა მანჩესტერული კლუბი 2016 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ, 8 წელიწადში მოგებული 16 ტიტულით, "სიტი" პირველობაზე პრეტენზიას ყოველწლიურად აცხადებს. ასეთივე სტაბილურობით გამოირჩევა მადრიდის "რეალი" - ნამდვილი მონსტრი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მაშინაც არ თმობს, როდესაც, თითქოსდა, მატჩი წაგებული აქვს. "სიტისა" და "რეალის" დაპირისპირება იმ სანახაობად იქცა, რაც ერთ დროს "ელ კლასიკოს" თან სდევდა - საუკეთესოთა ჯახი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვუყურებთ და ჯერჯერობით, მისი ფინალში ნახვის სიამოვნება ისევე აუხდენელ სურვილად რჩება, როგორც 2010-ებში, "რეალი" Vs. "ბარსელონას" ხილვა.
"ნისლიან ალბიონზე" გვარდიოლას გადაბარგების შემდეგ, ოფიციალურ მატჩებში, "სიტი" და "რეალი" ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ (ყოველ ჯერზე, პლეი-ოფში). "სიტიმ" 17 გოლი გაიტანა, "რეალმა" კი - 12. დაძაბულობა ყოველთვის უდიდესია. პირველ ჯერზე, რაფაელ ვარანის შეცდომების ხარჯზე, "სიტიმ" იმარჯვა, მეორე ორმატჩიანი დუელი (2021/22) ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი დაუვიწყარია - "სიტის"დომინაციის მიუხედავად, "რეალმა" მატჩის გარდატეხა და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაუვიწყარი, სრულიად გენიალური ქამბექით შეძლო.
ბოლო წუთზე განცდილი ფიასკო გამოცდილებად იქცა გვარდიოლასთვის, რომელმაც შემდეგ ჯერზე (2022/23), იმდენად მოახვია საკუთარი ფეხბურთი "რეალს", რომ მეტოქე საკუთარ ნახევარს მიაჯაჭვა და გაგუდა კიდეც - ასეთ წნეხსა და ასეთ ფეხბურთს მადრიდელებმა ვერ გაუძლეს და განადგურდნენ (ორი მატჩის ჯამში, 5:1).
კარლო ანჩელოტიმ კარიერაში ყველაფერს მიაღწია - ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ აქვს მოგებული. ასევე ერთადერთია, რომელსაც ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონატები აქვს მოგებული. თუმცა არსებობს გამოწვევა, სადაც მას მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი - შეძლებს თუ არა იგი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, რეალი Vs. სიტის დაპირისპირებაში, სტატუს-კვო აღადგინოს?
სასწორზე მხოლოდ მისი შესაძლებლობები არ დგას, რადგან აქ მთავარი კითხვაა - ვინ არის უძლიერესი, "სიტი" თუ "რეალი"? ბერნაბეუზე საოცარი შეხვედრა ვიხილეთ, სადაც როგორც ანგარიშმა (3:3), ასევე მოედანზე ნაჩვენებმა ფეხბურთმა თანაფარდობა აჩვენა. საოცარი, აუღებელი გოლები, გარდამავალი უპირატესობა, ინდივიდუალური და გუნდური ოსტატობა, მწვრთნელების საფეხბურთო ფილოსოფიების შეტაკება, ტაქტიკური ჭიდილი და ღირსეული მეტოქეობა - მატჩი, რომლისთვისაც თვალის დახამხამების გარეშე უნდა გეყურებინა. დაპირისპირება, სადაც "ბარსელონას" ქომაგები "სიტის" გამარჯვებას ელიან, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც წლების წინ, "ელ კლასიკოში" გამარჯვება - პედესტალზე, პირველის პოზიციაზე დგომით გამოწვეული სიამაყე.
ეჭვგარეშეა, რომ თანამედროვე ფეხბურთს ორი მთავარი გუნდი ჰყავს. სხვა ევროპული ტოპ კლუბებისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, "მანჩესტერ სიტი" და "მადრიდის რეალი" პირველობისთვის იბრძვიან და ეს "ელ კლასიკოს" თანამედროვე რეინკარნაცია სწორედ ისაა, რის გამოც ფეხბურთი ასე გვიყვარს.