Belive
9 თვის წინ

სამუდამოდ პირველი - რატომ არ მოკვდა აირტონ სენა

1960 წლის 21 მარტს, სან პაულოში, ყველაზე სწრაფ პილოტად აღიარებული, აირტონ სენა დაიბადა.

სამუდამოდ პირველი - რატომ არ მოკვდა აირტონ სენა

ყველა დროის  ერთ-ერთი უდიდესი პილოტი - 41 გრან პრით, პოდიუმზე 80-ჯერ დგომითა და 61 პოულ პოზიციით. ბრაზილიელ ლეგენდაზე საუბარი, მისი სპორტული მიღწევების მიხედვით, დაწვრილმანება იქნება, რადგან მისი მემკვიდრეობა, უმეტეს წილად, პიროვნულ თვისებებსა და იმ განსაკუთრებულ ქარიზმაზე დგას, რომელიც დღესაც შთაგონების წყაროა ავტომოყვარულთათვის - სენა უფრო გულის კაცია, ვიდრე გონების.

„აირტონ სენა ყველა დროის ყველაზე დიდი მრბოლელია და თუ მას კლავთ, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს“ - თქვა ნიკი ლაუდამ მაშინ, როცა სენას ტრაგიკული დაღუპვის შესახებ გაიგო. საუკეთესო პასუხი ამ კითხვაზე, ალბათ, ლეგენდარულმა იტალიელმა მოტომრბოლელმა, ვალენტინო როსიმ გასცა, მან აღნიშნა, რომ სენას უკვდავი სული, ყველა პილოტში სამუდამოდ იცხოვრებს. საიდან სად, მაგრამ ეს დაახლოებით ისაა, რაც „მერანში“ ერთ-ერთი მთავარი ტაეპი - „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება“. სენა რომ განწირული იყო, ეს მისი 1994 წლის კომენტარიდანაც ჩანს - "ეს იქნება ბევრი ინციდენტის და უბედური შემთხვევების წელი,  გავრისკავ და ვიტყვი, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლებს თუ გადავრჩებით".  იმ დროს F1 არ იყო ისეთივე უსაფრთხო, როგორც ახლა, შეიძლება ითქვას, რომ სენას მოსვლამ ჯერ ერთხელ შეცვალა შეხედულება და განწყობები ამ სპორტის მიმართ, მეორედ კი ეს ბრაზილიელის სიკვდილმა განაპირობა. ხალხი აღფრთოვანებული იყო სენას დაუოკებელი სწრაფვით, ნებისმიერ ფასად პირველი ყოფილიყო, მას ზღვარი არ გააჩნდა და ამ გადმოსახედიდან, მისი ცხოვრება სიკვდილისკენ გამუდმებულ სწრაფვას ჰგავს.

სენას მართვის სტილი დიდ საფრთხეს უქმნიდა მის ოპონენტებს ტრასაზე. სპონტანური და ინსტიქტური გადაწყვეტილებებით ის დღემდე რჩება ყველაზე სახიფათო სპორტსმენად, ვის წინააღმდეგ დგომაც არამომხიბვლელია, რადგან იცი, რომ გამარჯვებისთვის ის უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე შენ. აირტონის მთავარმა კონკურენტმა და F1-ის ლეგენდამ, ალან პროსტმა, თავის დროზე, ბრაზილიელი ასე გააკრიტიკა: „სენას ჰგონია, რომ უკვდავია“. ეს შეფასება არაა გასაკვირი ისეთი პრაგმატული და მგეგმავი პილოტისგან, როგორიც 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი პროსტია. მას ყოველთვის ერჩივნა, დიდი საშიშროების დანახვისა და გაანალიზების შემდეგ, რეისზე უარი ეთქვა. ეს ორი ფილოსოფიური საკითხია, ორი აზროვნების ფორმის შეჯახება, სადაც საკითხი არ დგას ისე, რომელია სწორი და რომელი - არა, ეს უბრალოდ ის განსხვავებულობაა, რომელსაც აღფრთოვანებაში უამრავი ადამიანი მოჰყავს და რა გასაკვირია, რომ უმრავლესობა იყვარებს ისეთს, ვინც სიცოცხლის ფასად ცდილობს მიაღწიოს სრულყოფილებას.

ვინც ერთხელ მაინც მჯდარა ავტომობილის საჭესთან, იცის როგორი სამართავია ის წვიმაში, წარმოიდგინეთ ბოლიდი, რომელიც საშუალოდ 250 კმ/სთ სიჩქარით მიჰქრის და თან ამას წვიმაც დაუმატეთ - „წვიმის კაცად“  წოდებული ბრაზილიელი, ყველასგან გამორჩეული ამითაც იყო, სველ საფარზე მისი მართვის უნარები აგიჟებდა საქმეში ჩაუხედავ, ჩვეულებრივ მოყვარულებსაც და ყველაფრის მცოდნე ჩემპიონებსაც. მონაკოს ლეგენდარულ ტრასაზე, ზედიზედ გამარჯვებების რეკორდი დღესაც ხელშეუხებელია, ბოლიდის შესაძლებლობების ზღვარზე მართვა სენას საშუალებას აძლევდა, ისე ახლოს მისულიყო ტრასის კედლებთან, გამეორება ფაქტობრივად შეუძლებლად მიიჩნეოდა. მონაკოს ტრასაზე აირტონის სვლა შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მას ბოლიდი უბრალოდ  ეცვა, ან მისი სხეულის გაგრძელება იყო.

რბოლის გარეთ სენა რბილი ხასიათით გამოირჩეოდა, იყო ჰუმანური და რელიგიური. ის ძალიან მიმზიდველი ადამიანი იყო, რის გამოც ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს  მთელ მსოფლიოში უყვარდათ. აღნიშნავდნენ, რომ სენას ღიმილსა და ხმას თითქმის ჰიპნოზური მოქმედება ჰქონდა. ამ ხმით ხშირად  ამბობდა, რომ საკუთარი თავის გაუმჯობესებას არასდროს შეეშვებოდა და  მეორე ადგილოსნობა მხოლოდ დამარცხებულთა შორის პირველობას ნიშნავს და მეტს არაფერს.

1960 წელს, მდიდარი ბრაზილიელი მემამულის ოჯახში დაბადებული აირტონ სენა და სილვა მარტში 64 წლის გახდებოდა. ზუსტად ისე მოკვდა, როგორც შეეფერებოდა, საკუთარი ბოლიდის საჭესთან.  1994 წლის 1-ელ მაისს, 330 კმ/სთ სიჩქარით მიმავალმა აირტონ სენამ მართვა დაკარგა  და 217 კმ/სთ სიჩქარით ბეტონის კედელს შეეჯახა, ის საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა, ეს მოხდა სან-მარინოს ქალაქ იმოლას ტრასაზე. სისწრაფის სიმბოლო სისწრაფეს შეეწირა, რაც ავტომოყვარულთა შთაგონებას და მისი  კულტის განდიდებას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს.

როცა მიხაელ შუმახერს ჰკითხეს, რომელია მათ შორის უფრო დიდი პილოტი, გერმანელმა უპასუხა, რომ სენას ავარია მისი ბოლიდის წინა კამერიდან არის გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სენა წინ იყო, თავად კი - უკან.

რომა დევიძე
რომა დევიძე

ესეც საინტერესოა