მისტიკური ისტორია - ვინ დაიპყრო ევერესტი პირველად?
ისტორია 1924 წლის ექსპედიციის შესახებ. ვარაუდობენ, რომ პირველად "ჯომოლუნგმა" სწორედ 100 წლის წინ დაიპყრეს
მისტიკური ისტორია - ვინ დაიპყრო ევერესტი პირველად?
არავის ემახსოვრება, ვინ ავიდა ევერესტზე მეორედ - ედმუნდ ჰილარი (ოფიციალურად ევერესტის პირველი დამპყრობელი/1953 წელს)
ამბავი მარტივი შეკითხვით იწყება : ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც ევერესტის მწვერვალზე ფეხი დადგა? ოფიციალურად ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი 1953 წლის 29 მაისით თარიღდება. ისტორიისთვის ალპინისტები - ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი პირველები არიან, ვინც “ჯომოლუნგმა” დაიპყრო. არსებობს მკვლევართა გარკვეული ნაწილი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისტორია გადასაწერია და “მთავარი მთის” უკიდურეს წერტილამდე 1924 წლის ექსპედიციის წევრებმა - ჯორჯ მელორიმ და სენდი ირვინმა მიაღწიეს, უკან დაბრუნებისას კი დაიღუპნენ.
ზოგიერთი საიდუმლო მარადიულია - თუმცა მისაღები
ფოტოზე 1924 წლის ექსპედიციის წევრები (მარცხნიდან პირველი, ფეხზე მდგომი - სენდი ირვინი, მის გვერდით - ჯორჯ მელორი)
ჯორჯ მელორისა და ენდრიუ “სენდი” ირვინის მისტიკური ისტორია მუდამ ბურუსით იქნება მოცული, მაგრამ მკვლევრებს აქვთ რამდენიმე არგუმენტი იმისთვის, რომ გვაფიქრებინონ - ევერესტი პირველად 1924 წელს დაიპყრეს.
იმ საბედისწერო დღის გარიჟრაჟიც დადგა. 8 კილომეტრის სიმაღლეზე, ტილოს პაწაწინა კარავს ზემოდან მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი დაჰყურებდა და ელოდა ვინმეს, ვინც მასთან მიახლოებას გაბედავდა. ყინულით დაფარულ კარავში სიცოცხლის ორი ფორმა სიკვდილს ეგებებოდა. ისინი ჩუმად ლაპარაკობდნენ და ცდილობდნენ გაყინული ფეხსაცმელებისთვის რამე მოეხერხებინათ. როდესაც ტიბეტის ბორცვების აღმოსავლეთიდან მზე ამოვიდა, ერთ-ერთი მათგანი კარვიდან გამოვიდა, ცაში აიხედა და სულ რამდენიმე ღრუბელი დაინახა, მშვენიერი ამინდი იყო იმისთვის, რომ უკანასკნელად ეცადათ. ცოტა ხნით ორივე იდგა და ხელებს ამოსუნთქული ჰაერით ითბობდნენ, შემდეგ ჟანგბადის ავზები მოიკიდეს, მწვერვალისკენ შეტრიალდნენ და ისტორიაში შევიდნენ - ნაწყვეტი წიგნიდან “უკანასკნელი საათები ევერესტზე” (THE LAST HOURS ON EVEREST - GRAHAM HOYLAND)
ჯორჯ მელორისა და ენდრიუ ირვინის უკანასკნელი ფოტო (1924 წელი)
ეს ისტორია სწორედ მელორსა და ირვინზეა. როგორც ისტორიული პერსონაჟები, ისინი მკვლევრებისთვის ზედმეტად საინტერესოები არიან. დაახლოებით 100 წლის წინ, ამ ორმა ადამიანმა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოს ჩაუყარა საფუძველი. უკანასკნელი ადამიანი, ვინც მელორი და ირვინი დაინახა, 1924 წლის ექსპედიციის კიდევ ერთი მონაწილე ნოელ ოდელია, ის 96 წლის ასაკში გარდაიცვალა და არასდროს შეუცვლია პოზიცია, რომ “ჯომოლუნგმას” პირველი სტუმრები სწორედ მისი ექსპედიციის წევრები იყვნენ, აი რას ყვება ის უკანასკნელი დანახვის შესახებ :
12:50 წუთზე ატმოსფერო მოულოდნელად გაიწმინდა და ევერესტის ის ქედი გამოჩნდა, რომლითაც მწვერვალზე ჯორჯი და სენდი უნდა ასულიყვნენ. ერთ პაწაწინა შავ ლაქას მივაშტერდი და მივხვდი რომ მოძრაობდა, ოდნავ ქვემოთ კიდევ ერთი კონტური გამოჩნდა, რომელიც თავისზე ზემოთ მყოფისკენ მიიწევდა, კლდის საფეხურებს მიუყვებოდნენ და ცოტა ხანში მწვერვალზე აღმოჩნდენ, შემდეგ ყველაფერი ისევ ნისლში გაეხვა -
ალპინისტების დაღუპვის მიზეზად დღეს მეტეოროლოგიური პირობები მიიჩნევა და ფიქრობენ, რომ უკან დაბრუნების დროს მათ ჟანგბადიც დაუმთავრდათ.
მთები ადამიანებს არ კლავენ, ისინი უბრალოდ სხედან და ისვენებენ
ჯორჯ მელორის ნეშტის პოვნა და მთავარი არგუმენტები
1999 წელს ინგლისელმა მთამსვლელმა, კონრად ანკერმა ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი. ის მელორისა და ირვინის ბედით დაინტერესებული ექსპედიციის წევრი იყო და სრუილად შემთხვევით, ჯორჯ მელორის ნეშტს გადააწყდა. ეს მოხდა ჩრდილოეთის, ანუ ტიბეტის მარშრუტისგან მარჯვნივ, ოდნავ მოშორებით. ექსპედიციამ აღმოაჩინა უამრავი ცხედარი, რომლებიც დაიღუპნენ ბოლო 5-10 წლის განმავლობაში და მათ შორის მელორიც იპოვეს. ის პირქვე იწვა, თითქოს ბოლო წუთამდე ცდილობდა თოვლიან ფერდობზე ხელების მიბჯენას. მთამსვლელს მოტეხილი ჰქონდა წვივი. ასეთი ტრავმით გზის გაგრძელებას ვერავინ მოახეხებდა. ამ ექსპედიციის დროს ვერ იპოვეს ირვინის ცხედარი (ამ დრომდე არ უპოვიათ), თუმცა მელორის სხეულზე არსებული აღჭურვილობა გვაფიქრებინებს, რომ წყვილი ბოლომდე ერთად იყო, თოკი დანით არის გადაჭრილი და სავარაუდოა, რომ ირვინმა გზის გაგრძელება შეძლო, მაგრამ სადღაც ფერდობზე თავადაც გარდაიცვალა.
ჯორჯ მელორის ცხედართან აღმოჩენილი მისი ნივთები
მთავარი არგუმენტები
1) მელორის ცხედრის დათვალიერებისას ვერ იპოვეს მისი მეუღლის - რუთ მელორის ფოტო, რომლის დატოვებაც ჯორჯს მწვერვალზე ბრიტანეთის დროშასთან ერთად სურდა. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ალპინისტებმა მიზანს მიაღწიეს.
2) მელორის ქურთუკის ჯიბეში იპოვეს ჟანგბადის ავზის თავსახური - ეს მიუთითებს, რომ ჟანგბადი დაიცალა, მელორმა კი თავად მოხსნა თავი და შეინახა.
3) სადღაც ევერესტის ჩრდილოეთ ფერდობზე არის ან უნდა იყოს ძველი ფოტოაპარატი (Vest Pocket Kodak) - ალპინიზმის ისტორიაში ყველაზე სასურველ ფოტოაპარატს შეუძლია მწვერვალის ისტორია შეცვალოს. ეს აპარატი ევერესტზე ასვლის წინ ჯორჯმა კოლეგისგან ითხოვა და თან წაიღო.
2003 წლის ფოტო (ევერესტზე ატანილი ჯორჯ მელორის, მისი ცოლის და სენდი ირვინის ფოტო)
ისტორიის გაცოცხლება
ბურუსით მოცული ამბიდან 100 წელი გადის და კომპანია THE NORTH FACE-მა გადაწყვიტა ამ ისტორიული მოვლენისთვის ექსკლუზიური მოდელი გამოეშვა - სპორტული ბრენდი ყიდის ქურთუკებს, რომლებზეც დაპრინტულია ტექსტი კონრად ანკერის დღიურიდან, სწორედ ამ ალპინისტმა შეძლო 1999 წელს ჯორჯ მელორის ცხედრის პოვნა.
კონრად ანკერი THE NORTH FACE-ის ექსკლუზიურ ქურთუკში
რატომ ადიან ადამიანები ევერესტზე? იმიტომ, რომ ის იქ არის
შესაძლოა, ვერავინ ვერასდროს დაადასტუროს, რომ 1924 წლის ექსპედიციის მონაწილეები - ჯორჯ მელორი და სენდი ირვინი მწვერვალზე იყვნენ, თუმცა საიდუმლოც შეიძლება იყოს მარადიული და შესაბამისად, ისტორიის ისეთივე განსაკუთრებული ნაწილი, როგორც დადასტურებული მოვლენა.