Belive
1 თვის წინ

მხატვრობა და სპორტი | ნახატები, რომლითაც ისიამოვნებთ

მხატვრობა და სპორტი | ნახატები, რომლითაც ისიამოვნებთ

არის თუ არა სპორტი ხელოვნება? არაერთი საუბარი მომისმენია ამის შესახებ. ხელოვნებასა და სპორტს შემოქმედითი უნარების ერთობლიობა, ინდივიდუალიზმი და შედეგის ესთეტიკური მხარე აერთიანებთ, განმასხვავებელი კი საკმაოდ ბევრია. თუნდაც ის წესები, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში გვხვდება, ხელოვნების შემოფარგვლა კი უკვე პარადოქსული აქტია.

მსოფლიოს ისტორიაში, სპორტით შეპყრობილი არაერთი ხელოვანი მოიძებნება. რომ არა ჯანმრთელობის პრობლემა, ფეხბურთელობაზე მეოცნებე ალბერ კამიუს შეიძლება ნაკლები ლიტერატურული შედევრი შეექმნა. ჰემინგუეის უყვარდა კრივი, ტომას ელიოტს - კრიკეტი, ჯეკ კერუაკსა და ბობ მარლის - ფეხბურთი. ენდი უორჰოლი სიამოვნებით უღებდა მუჰამედ ალისა და სხვა დიდ სპორტსმენებს ფოტოებს, ტენესი უილიამსი კი ამბობდა, რომ ცურვა მისთვის საუკეთესო თერაპია გახლდათ.

სპორტისა და ხელოვნების მთავარი თანაკვეთა ესთეტიკასა და ემოციების ექსპრესიაში უნდა ვეძებოთ. ეს ის მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც არაერთი დიდი მხატვრის შთაგონების წყარო გამხდარა - ამ სტატიაში სწორედ ასეთ ნიმუშებს წარმოგიდგენთ.

რენე მაგრიტი, La Représentation | რეპრეზენტაცია, 1962

რენე მაგრიტი და მისი სიურეალიზმი: ნაცნობისა და მისტიკურის სინთეზი. მშვიდი, იზოლირებული მდელო, ფეხბურთის მოთამაშეები, მაგრიტისეული სიმშვიდე და ორიგინალური ჩარჩო - გარემოსთვის თითქოს შეუფერებელი არქიტექტურული ელემენტი, რომელიც ჩვენი აღქმისა და რეალობის მიჯნად შეიძლება დავინახოთ.

ედგარ დეგა, Jockeys in the Rain | ჟოკეები წვიმაში, 1886

იმპრესიონისტი დეგა ძირითადად ბალერინებს ხატავდა, თუმცა "ჟოკეები წვიმაში" მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. დინამიკური ნახატი, რომელიც წვიმიანი დღის ატმოსფეროსა და ჟოკეების მოძრაობის ინტენსიურ ენერგიას გადმოსცემს. კომპოზიცია ასიმეტრიულია, ფიგურები კი დაბურული. ბალერინების დეტალური გამოკვეთის ნაცვლად, აქ დეგა გარე სამყაროს გამოსახვაზეა ორიენტირებული.

ანრი რუსო, The Football Players | ფეხბურთის მოთამაშეები, 1908

ამ ნახატს, ფიროსმანის მსგავსად, თვითნასწავლი მხატვრის ხელი ეტყობა: ბრტყელი პერსპექტივა, მარტივი ფორმები და მკვეთრი ფერები. მოთამაშეებს სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი აცვიათ და მათი მოძრაობა თითქოს შეჩერებულია, რაც სცენას სიურეალისტურ განწყობას სძენს.

"ფეხბურთის მოთამაშეები" საფრანგეთსა და ინგლისს შორის გამართულ პირველ საერთაშორისო რაგბის მატჩს ასახავს. რატომ ფეხბურთელები და არა რაგბის მოთამაშეები? 1908 წელი შორეული წარსულია, როდესაც დეფინიციები ჯერ კიდევ აღრეული გახლდათ.

ჯორჯ ბელოუზი, Stag at Sharkey’s | სტეგი შარქის საბრძოლო კლუბში, 1909

ნახატი გვიჩვენებს ინტენსიურ, ბრუტალურ სცენა, რომელიც ნიუ-იორკის იატაკქვეშეთში, "შარქის საბრძოლო კლუბში" მიმდინარეობს, სადაც ახალ მებრძოლებს "სტეგებს" უწოდებდნენ - სახელწოდება აქედან გამომდინარეობს. ბელოუზის სამხატვრო სტუდია ამ კლუბთან ახლოს მდებარეობდა და ორთაბრძოლების სანახავად ხშირად დადიოდა.

ნახატი გვიჩვენებს ორ მებრძოლს, ქაოტური და დინამიკური კომპოზიციით გამოხატავს მოძრაობასა და ძალას. ასევე, ქმნის ისეთ კონტრასტს მაყურებლებსა და მთავარ სცენას შორის, რომ შენც გასული საუკუნის ნიუ-იორკის ბნელი ანდერგრაუნდის თანამონაწილე ხდები.

ალბერ გლეზი, Football Players | ფეხბურთის მოთამაშეები, 1912-1913

კუბიზმის თვითგამოცხადებული დამაარსებელი, ალბერ გლეიზი, "ფეხბურთის მოთამაშეებზე" 1912-13 წლებში მუშაობდა. მისი სურვილი იყო, რომ სუბიექტებთან ერთად, მათი დროსა და სივრცეში გამოსახვა შეძლებოდა. ნახატზე ფენებად დაყოფილ გეომეტრიულ ფიგურებს ვხედავთ, რომელიც რამდენიმე პერსპექტივას ერთ სივრცეში აერთიანებს. სპორტისა და ავანგარდის დაკავშირებით, გლეიზმა მორიგი გაბედული ნაბიჯი გადადგა, რასაც იგი საკუთარ ნამუშევრებში არასოდეს გაურბოდა.

ჟან მეტცინგერი, At the Velodrome | ველოდრომზე, 1911-1912

კუბიზმის მორიგი მაგალითი - მეტცინგერმა სიჩქარე, მოძრაობა და ენერგია ფრაგმენტულ ფორმებში დაანაწევრა და ფერთა განსხვავებული პალიტრის საშუალებით, ჰარმონია და კონტრასტი ერთად დაგვანახა. ველოსიპედისტი და ველოდრომი თითქოს ერთ საერთო არქიტექტურულ ფორმას წარმოადგენენ, სადაც სტადიონის გეომეტრია სპორტსმენის დინამიკურ პოზასთან არის შერწყმული.

თომას იკინსი, Max Schmitt in a Single Scull | მაქს შმიტი ერთადგილიან ნავზე, 1871

თომას იკინსი ამერიკელი მხატვარია, რომელმაც მე-19 საუკუნის ამერიკული რეალიზმი მწვერვალზე აიყვანა. ქვემოთ მოცემულ ნახატზე, დეტალები სკრუპულოზური სიზუსტით არის გადმოცემული. ნახატის მთავარ სუბიექტად იკინსის მეგობარს, მაქს შმიტს ვხედავთ, უკანა ფონზე კი თავად მხატვარი არის წარმოდგენილი.

მარკ შაგალი, The Promenade | გასეირნება, 1918

ნახატზე გამოსახულ ვიზუალს სპორტთან ნაკლები კავშირი აქვს, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონის მონათხრობი იმდენად საინტერესოა, რომ ამ სიაში შეტანა აუცილებლად ჩავთვალეთ. ლეგენდარული იტალიელი მეკარე აღწერს სამყაროში დაკარგულობის, დეპრესიის პერიოდს, როდესაც მხსნელად შაგალის ნახატი მოევლინა.

ღრმა დეპრესიის პერიოდში, შენს ცხოვრებაში რაღაც უცნაური და მშვენიერი მოხდება. ქალაქში სხვა მარშრუტით გაივლი და გზად ხელოვნების მუზეუმი შეგხვდება.

გამოკრულია ბანერი, სადაც წერია - შაგალი.

ეს სახელი ადრეც გაგიგონია, თუმცა ხელოვნებაში არ ერკვევი.

სხვა საქმეები გელოდება.

სხვაგან გეჩქარება.

შენ ბუფონი ხარ.

კი მაგრამ, ვინ არის ბუფონი?

იცი, ვინ ხარ?

იცნობ შენს თავს?

თუკი მუზეუმში შეხვალ, იხილავ შაგალის ასობით ნახატს. მათი უმრავლესობა შენს ყურადღებას არ მიიქცევს. თუმცა შემდეგ ისეთს წააწყდები, რომელიც შენზე უდიდეს შთაბეჭდილებას მოახდენს.

ნახატს ეწოდება: "გასეირნება."

ეს ბავშვურ ნახატს ჰგავს. კაცი და ქალი პარკში საპიკნიკოდ არიან გასულები, თუმცა ყველაფერი მაგიურია. ქალი ცაში ანგელოზივით დაფრინავს, კაცს კი მისი ხელი უჭირავს და იღიმება.

ამ ნახატს, სულ სხვა სამყაროდან, რაღაც უცხო მოაქვს - შეგრძნება, რომელსაც იღებ ისე, როგორც პატარა ბავშვი. ბედნიერების შეგრძნება სიმარტივეშია.

ხელოვნება საუკეთესო წამალია. როდესაც გონებას გააფართოვებ, შინაგანი სიმძიმე სიმსუბუქეს იძენს - ზუსტად ისე, როგორც ქალი, შაგალის ნახატზე.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა