Belive
1 თვის წინ

შუმახერი, ჰამილტონი, ფერარი… | F1-ის ახალი სეზონი გვიახლოვდება

F1-ის ფეისბუქ გვერდზე რეტრო პერიოდის ამსახველი ფოტო შემხვდა. 2008 წელია, მონაკოს გრან პრიზე, ლურჯ ჯინსებსა და ფერარის ეკიპირებაში გამოწყობილი მიხაელ შუმახერი ლუის ჰამილტონის გამოსვლას ადევნებს თვალს. ეს ის დროა, როდესაც შუმახერს კარიერა (პირველად) უკვე დამთავრებული აქვს და Mercedes-თან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. 23 წლის ჰამილტონი კი პირველი ჩემპიონობისკენ მიიწევს და ჯერ არ იცის, რომ მისი მაყურებლის რეკორდს გადაწერს. ისეთი ფოტოა, გულზე მოგხვდება, რაღაცებს მოგაგონებს და დაგაფიქრებს.

ფერარის აწმყო, წარსული და მომავალი თითქოს მიხაელ შუმახერია. ეს მოცემულობა თავში უძრავი სტერეოტიპივით მაქვს გამჯდარი. იშვიათად, ორი რამ ასე მოხდენოდეს და შერწყმოდეს ერთმანეთს, როგორც შუმახერი და ფერარი: ზედიზედ 5-ჯერ მოგებული ტურნირი, წარმატების საერთო გზა, ორი ლეგენდარული მოვლენისა და ბრენდის თანაკვეთა და ალმოდოვარისებური თვალშისაცემი წითელი ფერი, რომელსაც F1-ში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებიც აკრძალვამდე, Marlboro-ც ამშვენებდა.

შუმახერი და F1 განუყრელია. მის რეკორდებსა და მიღწევებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ის ცალკე სასაუბრო თემაა. ამჯერად, სტატიის გეზი მარანელოსკენ არის მიმართული, სადაც ლუის ჰემილტონის გამოჩენის შემდეგ, შიდა ფუსფუსი კიდევ უფრო თვალშისაცემი გახადა. მერსედესისა და რედ ბულის დომინაციის ფონზე, Scuderia Ferrari-ის ლეგენდარული გამარჯვებები იტალიაში კი სჯერათ, რომ ისტორიის ახალი ფურცლის გადაწერა მიმდინარე სეზონში შესაძლებელია.

წელი

მრბოლელი

კონსტრუქტორი

1999

მიკა ჰაკინენი

Ferrari

2000

მიხაელ შუმახერი

Ferrari

2001

მიხაელ შუმახერი

Ferrari

2002

მიხაელ შუმახერი

Ferrari

2003

მიხაელ შუმახერი

Ferrari

2004

მიხაელ შუმახერი

Ferrari

2005

ფერნანდო ალონსო

Renault

2006

ფერნანდო ალონსო

Renault

2007

კიმი რაიკონენი

Ferrari

2008

ლუის ჰამილტონი

Ferrari

2009

ჯენსონ ბატონი

Brawn-Mercedes

2010

სებასტიან ფეტელი

Red Bull-Renault

2011

სებასტიან ფეტელი

Red Bull-Renault

2012

სებასტიან ფეტელი

Red Bull-Renault

2013

სებასტიან ფეტელი

Red Bull-Renault

2014

ლუის ჰამილტონი

Mercedes

2015

ლუის ჰამილტონი

Mercedes

2016

ნიკო როსბერგი

Mercedes

2017

ლუის ჰამილტონი

Mercedes

2018

ლუის ჰამილტონი

Mercedes

2019

ლუის ჰამილტონი

Mercedes

2020

ლუის ჰამილტონი

Mercedes

2021

მაქს ფერსტაპენი

Mercedes

2022

მაქს ფერსტაპენი

Red Bull-RBPT

2023

მაქს ფერსტაპენი

Red Bull-RBPT

2024

მაქს ფერსტაპენი

McLaren-Mercedes

შუმახერი… მისი ცხოვრების ტრაგიკულ რელსზე გადასვლა ისევე მტკივნეულია, როგორც კობი ბრაიანტის ვერტმფრენით ჩამოვარდნის ამბავი. რაღაც ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ცხოვრება ისეთია, როგორც ჯარმუშის ფილმის ფრაზაში: it’s sad and beautiful world.

2013-ში, ალპებში სრიალისას, F1-ის 7-გზის ჩემპიონი დაიმტვრა და ტვინის იმდენად მძიმე დაზიანება მიიღო, რომ ძველ ცხოვრებას ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდა. ხელოვნურ კომაში 1.5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. გულშემატკივრები მის გამოჩენას წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. რამდენი ჭორი გავრცელდა: ხან გარდაიცვალა, ხანაც გამოკეთდა. ფაქტი უცვლელია: საბედისწერო დაშვების შემდეგ, შუმახერი ეკრანებთან აღარ გამოჩენილა.

F1-ს ლეგენდები არასოდეს აკლდა. ფორმულა 1-ის ერთ-ერთი ხიბლი, საუკეთესო მრბოლელების შეჯიბრისა და კონსტრუქტორთა სამეცნიერო ჯახის გარდა, პერსონაჟების ასპარეზია. ჰამილტონისა და ასევე გენიალური მაქს ფერსტაპენის დუელამდე, საყოველთაო ინტერესს პროსტისა და სენას დუელი იწვევდა. განსხვავებული პერსონაჟები იყვნენ: სენა ემოციური, ექსპრესიული ადამიანი იყო, პროსტი - გაცილებით უფრო ცივი და პრაგმატული და ეს ტრასაზეც და მის მიღმაც იგრძნობოდა. კიდევ რამდენის ჩამოთვლა შეგვიძლია: ფეტელი, ალონსო, შედარებით ნაკლები ტიტულის მქონე, მაგრამ უდიდესი კიმი რაიკონენი, თანმიმდევრული ნიკი ლაუდასა და აგრესიული ჯეიმს ჰანტის შეჯიბრი, იგივე შუმახერისა და მიკა ჰაკინენის დაპირისპირება...

თითოეული მრბოლელი იმდენად მრავალმხრივია, რომ მათზე დაკვირვებით, F1 თავიდან გიყვარდება. და მაინც, არის რაღაც მაგიური, რასაც ფერარისა და შუმახერის სინთეზს ვერაფრით შეედრება, რაც მას ყველასგან განასხვავებს. ეს იყო მეტი, ვიდრე მრბოლელისა და გუნდის ურთიერთობა: ბრენდების იდენტობის საერთო ქიმიური ფორმულა, სიმბოლიზმი და დომინაცია.

რამდენადაც, ეს მოცემულობა ფაქტებით არის გაჯერებული, ნაწილობრივ, სპორტის რომანტიზაციის ნაწილიცაა. მეორე მხრივ, მხოლოდ წარსულის ხიბლში ყოფნა არაფრის მომცემია. დედამიწელების გაგებით, დრო მხოლოდ წინ მიმავალი ვექტორია და მის სვლასთან ერთად, ახალი ლეგენდები იბადებიან. შუმახერი წარსულია, Ferrari-ის კი იმ დიდების დაბრუნება სურს, რომელიც შორეული 2007-ის შემდეგ, ლეგენდარულ გუნდს ჩამორთმეული აქვს.

ჰამილტონი და ცვლილებები ახალ სეზონში

ჰამილტონის Ferrari-ში გადასვლას, ცხადია, ერთი მრბოლელის პოზიცია შეეწირა. იტალიური გუნდის სახელით, ბრიტანელთან ერთად, შარლ ლეკლერი იასპარეზებს, კარლოს საინსი კი "უილიამსის" გუნდს შეუერთდა. საინსმა Ferrari-ში 4 წელი გაატარა და როდესაც წითელი ეკიპირება პირველად მოირგო, პოდიუმზე მხოლოდ 2-ჯერ იყო ნამყოფი, ახლა კი მის მონაგარში 27-ია.

2023 და 2024 წლებში, ცვლილებები არ გვინახავს, თუმცა მიმდინარე სეზონამდე, გადაადგილება მრავლად ვიხილეთ. Mercedes-ში, ჯორჯ რასელის თანაგუნდელი და ჰამილტონის ჩამნაცვლებელი 18 წლის ანდრეა კიმი ანტონელი იქნება, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იტალიელი მრბოლელს ზურგს კარტინგის წარმატებული კარიერა უმაგრებს, გასულ წელს კი, სადებიუტო სეზონში, Formula 2-ში ანტონელიმ მე-6 პოზიცია დაიკავა.

ანტონელისთან ერთად, F1-ს შემდეგი მრბოლელები შემოუერთდნენ:

  1. ოლივერ ბერმანი (Haas), რომელმაც 2023-ში კარლოს საინსი და კევინ მაგნუსენი (2-ჯერ) ჩაანაცვლა;

  2. გაბრიელ ბორტოლეტო (Sauber) - კიდევ ერთი ბრაზილიელი F1-ში. მომდევნო სეზონში, Sauber-ს Audi შეიძენს, ბრაზილიელს კი კონტრაქტი მომდევნო წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული და შესაბამისად, გუნდში რჩება;

  3. ჯეკ დუენი (Alpine), რომელსაც F1-ში ერთჯერადი დებიუტი გასულ წელს ჰქონდა და 24-ე ადგილი დაიკავა;

  4. ისააკ ჰაჯარი (Racing Bulls), რომლის დებიუტიც F1-ში წელს შედგება.

ცვლილებაა Red Bull Racing-შიც: 2025 წელს, მაქს ფერსტაპენის მეწყვილე სერხიო პერესი აღარ იქნება და მის ნაცვლად მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბოლიდს ახალ ზელანდიელი ლიამ ლოუსონი მართავს, რომელმაც, გასულ წელს, სინგაპურის გრან-პრის შემდეგ, Racing Bulls-ში დანიელ რიკიარდო ჩაანაცვლა.

ჰამილტონი Vs. ფერსტაპენი

სასწორზე დიდი რამ დევს: ერთადერთი მრბოლელი, რომელიც F1-ის ჩემპიონი ზედიზედ 5-ჯერ გახდა, მიხაელ შუმახერია და ფერსტაპენს ამ რეკორდის გამეორება შეუძლია. მეორე მხრივ, ჰამილტონი შუმახერთან ერთად პირველ ადგილს უკვე ინაწილებს: ორივე მათგანს, F1 7-ჯერ აქვს მოგებული. თანაც, ამ ორი მრბოლელის დაპირისპირება და მთელი რიგი დაძაბულობები შეჯიბრს კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს სძენს - განსაკუთრებით, სკანდალური 2021 წლის აბუ დაბის გრან-პრის შემდეგ, როდესაც ჰამილტონმა ჩემპიონობა ბოლო წრეზე კონტრავერსიული გადაწყვეტილების შემდეგ დათმო.

შეუძლია თუ არა ჰამილტონს მიმდინარე სეზონში პირველობა? ამასთან დაკავშირებით, ბევრი სკეპტიკური მოსაზრება მუსირებს. გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ფაქტორები: ჰამილტონის ასაკი (40) და Ferrari-ის ბოლიდი, რომელიც, ფაქტობრივად, გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

თუკი ჰამილტონს წელს სწრაფი ბოლიდი ეყოლება, ჩვენ ჰამილტონის ძველ ვერსიას ვიხილავთ - იმ ჰამილტონს, რომელსაც ვერავინ დაამარცხებს, მაქს ფერსტაპენიც კი. - ხუან პაბლო მონტოია.

წინ ვრცელი, უზომოდ სანახაობრივი და დაძაბული სეზონი გველოდება, რომელმაც ბევრი ინტრიგა უკვე გააჩინა, თუმცა მთავარი კითხვა, ალბათ, მაინც შემდეგია: შეძლებს თუ არა ჰამილტონი Ferrari-ში დიდების დაბრუნებას და გახდება თუ არა იგი 40 წლის ასაკში ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მრბოლელი F1-ის ისტორიაში.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა