Belive
1 წლის წინ

ესპანეთი და ნორვეგია | რა გვასწავლა ამ ორმა მატჩმა

ესპანეთი და ნორვეგია | რა გვასწავლა ამ ორმა მატჩმა

წინა თაობასთან შედარებით, გვყავს უკეთესი ფეხბურთელები, მაგრამ რეალობას ვცდებით. გვაქვს მეტის ამბიცია, რაც პროგრესს ნიშნავს, მაგრამ ჯერ ძალიან დიდი გზაა გასავლელი.

ხვიჩას საოცარმა სეზონმა, ნაკრებში ლეგიონერების მატებამ და U-21 ნაკრების ჯგუფიდან სენსაციურად გასვლამ ქართულ ფეხბურთში იმედი დააბრუნა. უფსკრულიდან ამოვედით, გამარჯვებების რაოდენობამ და ეიფორიამ იმატა, მაგრამ ეს (ჯერ) არ არის ის ნაკრები, რომელსაც ჰოლანდის შეჩერება, ოდეგორისთვის ბურთის წართმევა, ან როდრის დიდი კედლის გარღვევა შეუძლია.

ხაზგასმით ვამბობ - ნაკრები. ფეხბურთს 11 ფეხბურთელი თამაშობს და არა 1 ინდივიდუალისტი რობოტი, რომელსაც ყველა მატჩში, ყველას მოტყუება და გოლის გატანა შეუძლია. გუშინდელმა მატჩმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად დიდი სიცარიელეა დაცვისა და თავდასხმის ხაზებს შორის, რამდენად ბევრი ხარვეზია კომბინაციური თამაშის მცდელობისას, რამდენად აკლიათ გამოცდილება განაპირა მცველებს და სხვ. ეს არის ის, რაც ამ მომენტში, ჩვენზე ძლიერ გუნდებთან თამაშისას, ჩვენს ძალებს აღემატება და მათ დასამარცხებლად, უკეთესი გუნდის ყოლაა საჭირო.

მაგალითისთვის, პირველ ტაიმში (20-40 წუთებში), მოწინააღმდეგის პრესინგი მცველებსა და მეკარეს ბურთის მაღლა ამოტანას აიძულებდა, ტანდაბალი მიქაუტაძე და კვარაცხელია გადაგდებულ ბურთს ფიზიკურად ვერ იგებდნენ. ბურთს ვკარგავდით და მთელი გუნდით უკან ვიხევდით. გოლებზე დაგეშილი ჰოლანდის შიშით, მაღლა ასვლას, ზონების გათავისუფლებას და პრესინგს ვერ ვბედავდით, ნახევარდაცვა არასაიმედო იყო. მიუხედავად იმისა, რომ კიტეიშვილს შესანიშნავი მაჩვენებელი (პასების 94%-იანი სიზუსტე) ჰქონდა, სახიფათო შეტევის კომპონენტში ნორვეგიას 106, ხოლო ჩვენ კი 24 გვიწერია.

იმავეს თქმა შეიძლება ესპანეთთან მატჩში, სადაც, შეტევაში გადაწყობის დრო, ფაქტობრივად არ გვქონდა. პირწმინდად დაგვჩაგრეს, 7 გოლი გაგვიტანეს, მაგრამ ყველაზე მეტად, როდრის გაუვალობა მომხვდა თვალში, რომელიც, უბრალოდ, უნაკლო იყო. ძალიან ბევრი გამოცდილება, დიდი საკლუბო ფეხბურთი, დიდი მწვრთნელები და სამზადისია საჭირო იმისთვის, რომ მისი დონის ნახევარმცველთან პაექრობა შეძლო - ამას, ჩვენი ამჟამინდელი ნახევარდაცვის ხაზი, დღეს ფიზიკურად ვერ გაწვდება.

ესპანეთმა ჯერ ჩვენ, შემდეგ კი კვიპროსის ნაკრები გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, ამ უკანასკნელის მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, ასეთი რამ თქვა: ესპანელები სულ სხვა დონის ფეხბურთს თამაშობენ, ნახეთ, რა გუნდებში თამაშობენ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთო.

ასეა, ჩვენც ალალად უნდა ვთქვათ, რომ ის, რასაც მარტინ ოდეგორი გუშინ მოედანზე აკეთებდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ჩვენს ფეხბურთელებს შორის არავის გაუკეთებია. იმდენად მშვიდად დასეირნობდა ჩვენი საჯარიმოს მისადგომებში, იმდენად აუღელვებლად დაუძვრა რამდენჯერმე კვარა-მიქაუტაძის პრესინგს, იმდენად იოლად და ბუნებრივად ეხმარებოდა თითოეულ ფეხბურთელს და მთელ გუნდს მოძრაობაში, რომ ჩანდა - მთელი თამაში მარტინ ოდეგორის კარნახით მიმდინარეობდა: როდესაც მოინდომებდა, გუნდი აჩქარდებოდა, როდესაც მოინდომებდა - ტემპს დააგდებდა. ამას აკეთებს არამარტო ჩვენთან, არამედ "არსენალშიც, პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ. იმავეს თქმა შეიძლება ერლინგ ჰოლანდზე, რომელიც ბურთს სულ რამდენჯერმე შეეხო, მაგრამ ისეთი გოლი გაგვიტანა, რომელსაც კაშია, კვერკველია და კალანდაძე ფიზიკურად ვერ შეაჩერებდნენ - ამისთვის, მინიმუმ, ვან დაიკი ან ვიდიჩია საჭირო.

ეს სულ სხვა კლასია. არ ვაკნინებ ჩვენი ბიჭების მონდომებას, მჯერა მათი სულისკვეთების. მცდარი და დილეტანტურია მოსაზრება, რომ გუნდებში უფრო ინდომებენ და ჩვენთან - არა. მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, საშუალო ასაკი 25-მდეა დასული და ახლა, მთელი სარბიელი მათია - უნდა ისწავლონ და გამოცადონ უფრო დიდი ფეხბურთის თამაში და შემდეგ ვისაუბროთ ჩვენზე დიდი მეტოქეების დამარცხების პერსპექტივაზე, თავად გავხდეთ ისინი, ვისაც დღეს ვერ ვამარცხებთ.

ფაქტია, რომ გულშემატკივარს ნაკრებისთვის ზურგი არ უჩვენებია. ქომაგობა გრძელდება, წარმატების საერთო წყურვილი - ისევ ისეთია. ქომაგმა გაამხნევა ნაკრები როგორც ესპანეთთან, ასევე ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ. და როგორც წინა ბლოგში ვთქვი, ჯერი ბიჭებზეა.

P.S. აუცილებლად დავამატებ ერთსაც. ფეხბურთელების პრობლემა ერთი საკითხია, მაგრამ მოედანზე მოთამაშე გუნდს, მთავარი მწვრთნელის ხელი უფრო მეტად უნდა ეტყობოდეს. ამ ქაოსის წესრიგად ქცევა, ჩვენი ფეხბურთელებისგან მაქსიმალური პოტენციალის გამოდნობა, ყველაზე მეტად, ვილი სანიოლის მოვალეობაა.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა