Belive
1 თვის წინ

ლეგენდები აშშ-ში | პელე, ბეკენბაუერი, ბესტი, სხვ.

2007 წლის ზამთარი იდგა. მახსოვს, რომ ძალიან ციოდა. სკოლიდან გამოსვლის შემდეგ, ავტობუსის გაჩერებისკენ წავედი, გზად სპორტული გაზეთი შევიძინე და ახალი ამბების კითხვა დავიწყე. რატომ გამახსენდა ახლა ეს?

თითქმის 18 წელი გავიდა. ეს რიცხვი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა. დღეს სად ნახავთ თინეიჯერს, რომელიც გაზეთს ყიდულობს? დასავლურ ქვეყნებში ჩატარებული უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ 90 წუთის განმავლობაში, ფეხბურთის მატჩის ყურება Z და Alpha თაობებისთვის მოსაწყენია. პარალელურად, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც Netflix-ზე ფილმებს აჩქარებული ტემპით უყურებს. ინფორმაციის უსწრაფესად მიღება მათი ცხოვრების ნაწილია და ვერც გაამტყუნებ - ასეთია დღევანდელი სამყარო. გარემომ ახალი თაობა შექმნა, ახალმა თაობამ კი - ტენდენციები.

დღეს სამყარო სხვანაირია - ციფრული და ძალიან სწრაფი. ის, რომ ინფორმაციის მისაღებად გაზეთი შევიძინე, ასევე ის, რომ გაზეთის შეძენამდე, არაფერი ვიცოდი, შესაძლოა ბევრისთვის უცხო იყოს, ჩემთვის კი იმდენად მკვეთრი მოგონებაა, რომ დღეს, როდესაც აშშ-ში მოთამაშე საფეხბურთო ლეგენდების შესახებ წერა გადავწყვიტე, ზუსტად ის სცენა გამიცოცხლდა, როდესაც დევიდ ბექჰემის "ლოს ანჯელეს გალაქსიში" გადასვლის ამბავი შევიტყვე.

გაზეთის პირველ გვერდზე დაუჯერებელი ამბავი ეწერა: 5-წლიანი, $250 მილიონიანი კონტრაქტი, ბექჰემი და აშშ. რა ესაქმებოდა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს იქ, სადაც ფეხბურთს "სოკერს" უწოდებენ?

ფეხბურთი და მსოფლიო

ფეხბურთის მთავარი სცენა ევროპის კონტინენტია. ევროპული ფეხბურთის წარმატების მოდელის გამეორება არაერთგან სცადეს. მაგალითად, 2014 წელს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, ისურვა, რომ ჩინეთის კაცთა, ასევე ქალთა ნაკრები საფეხბურთო ელიტის წევრი უნდა გამხდარიყო. მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას უნდა გაერღვია მოჯადოებული წრე და მიეღწია იმ დონისთვის, რომელიც მას მუნდიალის მასპინძლობის და მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენზიას გაუჩენდა. ცხადია, ეს მხოლოდ საფეხბურთო ხედვა არ გახლდათ და მის მიღმა პოლიტიკური და ეკონომიკური პერსპექტივები იკვეთებოდა.

მიზნის მისაღწევად, სი ძინპინს მიაჩნდა, რომ პირველ რიგში, ეროვნული ჩემპიონატის დონე უნდა გაზრდილიყო და ამისთვის, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ უმსხვილესი ინვესტიციის გამოყოფას მხარი დაუჭირა, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და განახლებას, საფეხბურთო სფეროში მომუშავე პერსონალის დატრენინგებას, ასევე მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების ჩინეთში ტრანსფერებს მოიცავდა. გემახსოვრებათ ჰალკის, ოსკარის, ტევესისა და სხვა ცნობილი ფეხბურთელების მრავალმილიონიანი ტრანსფერები (განსაკუთრებით, 2014-2017 წლებში). სი ძინპინის გეგმა სისრულეში ვერ მოვიდა - ვარსკვლავებმა დიდი ფული იშოვეს, ჩინეთის ნაკრები კი არათუ მუნდიალის, აზიის თასის ფავორიტადაც არ განიხილება.

მაგალითისთვის, კარლოს ტევესმა, რომელიც Forbes-ის თანახმად, წელიწადში დაახლოებით 40 მილიონს გამოიმუშავებდა, ალალად, ასეთი რამ თქვა: ჩინეთში თამაში არ მინდა, არაკონკურენტუნარიანი გარემოა, თუმცა ჩინეთში ტრანსფერის დახმარებით, მთელი ოჯახი და სანათესავო გეტოს მოვაცილე და ახალ, მშვიდობიან უბანში დავაბინავეო.

გასეირნება ჩინეთში: $40 მილიონი 4 გოლის სანაცვლოდ. ასეთ მაცდურ წინადადებაზე უარის თქმა რთულია

კატარის მსოფლიო ჩემპიონატი და 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არაბულ ქვეყნებში დიდი ფეხბურთელების (რონალდუ, მანე, კანტე და სხვ,) მასობრივი მიგრაცია ბევრი მიზეზით შეიძლება ავხსნათ, თუმცა სტატიის მთავარ თემას რომ არ გადავუხვიოთ, იმაზე შევთანხმდეთ, რომ ფეხბურთის ჩინურ და არაბულ მოდელებს შორის ბევრი თანაკვეთაა. სულ სხვა გარემოა ლათინურ ამერიკაში, სადაც ფეხბურთი ცხოვრების, ადგილობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფეხბურთი ადგილობრივი ნარკობარონების თავშესაფარი ხშირად გამხდარა - საფეხბურთო საქმიანობა ფულის გათეთრების კარგი საშუალებაა, რასაც, მე-20 საუკუნის მიწურულს, მედელინისა და კალის კარტელი ეფექტურად იყენებდა.

ბექჰემს და მთავარ ისტორიას დავუბრუნდეთ

დევიდ ბექჰემის აშშ-ში ტრანსფერმა "სოკერის" განვითარებას, მის მასობრიობას და საფეხბურთო ბიზნესის განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა. კარიერის მიწურულს, აშშ-ში მოთამაშე უდიდესი ფეხბურთელების ამბავი საკვირველი აღარ გახლავთ (იბრაჰიმოვიჩი, ანრი, კაკა და სხვ.), თუმცა, მათგან განსხვავებით, ბექჰემი არის ადამიანი, რომლის სახელმა, პოპულარობამ, იმიჯმა და რეპუტაციამ ადგილობრივი ფეხბურთის ახალ ეტაპზე გადასვლას საფუძველი ჩაუყარა. მაშინ უცნობი იყო, რომ ოპერაცია, სახელწოდებით "დევიდ ბექჰემი", გრძელვადიანი პროექტი გახლდათ: დღეს იგი MLS-ში საფეხბურთო კლუბს ფლობს, რომლის შემადგენლობაშიც ლიონელ მესი და "ბარსელონას" სხვა ლეგენდები თამაშობენ, MLS-ის ეკონომიკა კი გაცილებით ძლიერია: თუკი MLS-ის წლიური შემოსავალი 2007 წელს დაახლოებით $60 მილიონს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი $500 მილიონს აჭარბებს.

თუმცა რა ხდებოდა ამერიკულ სოკერში ბექჰემის გამოჩენამდე? ჩემი დაკვირვებით, მივიწყებულია პერიოდი, როდესაც აშშ-ში დიდმა ვარსკვლავებმა პირველად შეაბიჯეს. ეს კი დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც აშშ და სსრკ ცივ ომში იყვნენ ჩაბმულები. მაშინ MLS-ს NASL ეწოდებოდა - განსხვავებული იყო ფორმატი, თუმცა ამაზე არ შევჩერდეთ.

ერთ-ერთი პიონერი, რომელმაც აშშ-ში ითამაშა, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 3 გოლის გამტანი ჯეფ ჰერსტი გახლდათ. 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც მისი კარიერა დაღმა მიექანებოდა, მის კარზე "სიეტლ საუნდერსმა" დააკაკუნა - იმ დროისთვის, პატარა ისტორიის მქონე გუნდი დიდი სტრატეგიის მონაწილე გახლდათ: დიდი ვარსკვლავების დახმარებით, ფეხბურთის განვითარება ჩინური ან არაბული აღმოჩენა არ გახლავთ.

ჰერსტის ტრანსფერმა ევროპას თითქოსდა გააგებინა, რომ ფეხბურთს ოკეანის მიღმაც თამაშობდნენ. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ჰერსტთან და მის მიღწევებთან დიდი ბოდიში, თუმცა პირველი დიდი სუპერვარსკვლავი, რომელიც აშშ-ში გამოჩნდა, პელე იყო.

პელეს კარიერაში სულ 2 კლუბის მაისურით აქვს ნათამაშები: "სანტოსი" (1956-1974) და "ნიუ იორკ კოსმოსი" (1975-1977).

პელე

1975 წლის 11 ივნისის დილა ნიუ-იორკში ხმაურიანად გათენდა. რეპორტიორები, ფოტოგრაფები, ოპერატორები ერთად იყვნენ შეჯგუფებულები და პელეს გამოჩენას ელოდებოდნენ. პელემ დაიგვიანა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონტრაქტის დეტალები ჯერ კიდევ დაუზუსტებელი გახლდათ: პელე ითხოვდა, რომ კონტრაქტში სიტყვა "ფეხბურთელი" გათვალისწინებული არ ყოფილიყო, რაც მას ბრაზილიის მთავრობასთან და საგადასახადო ინსტიტუტებთან გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს გადაუჭრიდა. "ნიუ-იორკ კოსმოსის" მფლობელი კომპანიის, Warner Communications-ის წარმომადგენლებმა გენიალურ გამოსავალს მიაგნეს: Warner დიდი კორპორაცია გახლავთ, რომლის დაქვემდებარებაშიც ხმის ჩამწერი კომპანია, Atlantic Records-იც შედიოდა. შესაბამისად, გადაწყდა, რომ პელე კონტრაქტს Atlantic Records-თან მუსიკოსის სტატუსით გააფორმებდა, მისი ანაზღაურება კი, 3 წლის განმავლობაში, $4.75 მილიონი იქნებოდა.

რამდენადაც კურიოზულად არ უნდა ჟღერდეს, Warner-ის გადაწყვეტილებაში რაღაც ლოგიკური მარცვალი მოიძებნებოდა: პელე ვირტუოზი მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე იყო, თუმცა გიტარის დაკვრაც გამოსდიოდა. თანაც, "კოსმოსში" გადასვლამდე, უკვე 2 სიმღერა ჰქონდა გამოშვებული. უფრო მეტიც, პელე გამორჩეულ და შესანიშნავ მუსიკოსთან, სერჟიო მენდესთანაც მეგობრობდა, რომელიც მას დუეტის ჩაწერას სთავაზობდა.

საკვირველი არ იქნება იმის გაგება, რომ პელეს ტრანსფერში უმაღლესი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. "კოსმოსის" გენერალურმა მენეჯერმა ათიათასობით მილი იფრინა, გამართა უამრავი შეხვედრა, ტელეფონზე ასეულობით საათის განმავლობაში ისაუბრა და ბოლოს, საქმეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერიც კი ჩართო, რომელმაც თავის ბრაზილიელ კოლეგებს ტელეგრამა გაუგზავნა, რათა მათ "ბრაზილიის ეროვნული საგანძურისთვის" "სანტოსის" დატოვებისა და აშშ-ში ფეხბურთის თამაშის საშუალება მიეცათ.

ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში ჩოჩქოლი კვლავ გააქტიურდა. მშვიდი ღიმილით, პელე ოთახში შევიდა, დამსწრეებს გაუღიმა და თავის ადგილას დაჯდა. ოთახი სამარისებურად გაირინდა, პელემ კი თქვა: "ახლა შეგიძლიათ უთხრათ სამყაროს, რომ ფეხბურთი შტატებში ნამდვილად ჩამოვიდა".

ბეკენბაუერი

პელეს ტრანსფერი, ცხადია, დიდი გავლენის მატარებელი გახდა. 2 წლის შემდეგ, "კოსმოსს" კიდევ ერთი ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერიც შეუერთდა, რომელსაც ამერიკულმა კლუბმა წელიწადში $1.5 მილიონი შესთავაზა - მსგავს კონტრაქტს მას ევროპაში ვერავინ გაუფორმებდა. "ყველაფერს ფულით ვერ იყიდი" - ეს გამოთქმა, ნაწილობრივ, მართალია, რასაც ზემოთაღნიშნული ჩინური მოდელის კრახიც მოწმობს, თუმცა მეორე მხრივ, ამერიკულმა "კოსმოსმა", დაარსებიდან 8 წელიწადში, ჯერ პელეს, შემდეგ კი ფრანც ბეკენბაუერის გაფორმება შეძლო.

1977 წლისთვის, ბეკენბაუერს ყველაფერი მოგებული ჰქონდა: იყო მსოფლიო ჩემპიონი (1974), ევროპის ჩემპიონთა თასის 3-გზის გამარჯვებული და ოქროს ბურთის 2-გზის მფლობელი. თანაც, შეთანხმება იმ ტიპის შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობასაც მოიცავდა, რომელიც გერმანელს მნიშვნელოვან ადამიანებთან დაახლოებისა და სამომავლო გეგმების განხორციელების საშუალებას მისცემდა.

ასეა, ევროპას შეუძლია "სოკერი" დამცინავი ტონით მოიხსენიოს, თუმცა იყო დრო, როდესაც პელე და ბეკენბაუერი ერთი კლუბის მაისურით ასპარეზობდნენ, რის არსებობასაც, პარალელურ სამყაროშიც ვერავინ წარმოიდგენდა.

კრუიფი

უდიადესი ფეხბურთელისა და საფეხბურთო მოღვაწის ისტორია კიდევ უფრო განსხვავებულია. კრუიფმა ბუცები ლურსმანზე 1978 წელს ჩამოკიდა და გადაწყვიტა, ფული ბიზნესში დაებანდებინა. სად კრუიფი და სად ღორების ფერმა ესპანეთში? პიროვნებამ, ვინმე მიშელ ბალისევიჩმა, იოჰან კრუიფი დააჯერა, რომ ღორების ფერმაში ინვესტირება მისთვის მომგებიანი იქნებოდა. საბოლოოდ, Washington Post-ის თანახმად, ბასილევიჩის რჩევებზე დათანხმება ნიდერლანდელს მილიონობით დოლარი დაუჯდა.

მდგომარეობის გამოსასწორებლად, კრუიფმა კვლავ ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა. სად შეიძლებოდა დიდი ფულის გამომუშავება დროის მოკლე მონაკვეთში? ცხადია, აშშ-ში.

ყველაფრის ნულიდან დაწყება ქვეყანაში, რომელიც ჩემს წარსულს მრავალი მილით მაშორებდა, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. სწორედ იქ ვისწავლე, თუ როგორ მიმეცა გზა ჩემი უკონტროლო ამბიციებისთვის, თუ როგორ მეფიქრა მწვრთნელის გადმოსახედიდან და თუ როგორ მემუშავა სპონსორებთან. - იოჰან კრუიფი

1979 წლის მაისში, კრუიფმა "ლოს ანჯელეს აცტექსთან" $1 მილიონიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. მანამდე, კრუიფის დამატებას "ნიუ იორკ კოსმოსი" ცდილობდა, თუმცა მხარეები საერთო შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. "აცტექსის" შემადგენლობაში კრუიფმა 1 სეზონის განმავლობაში ითამაშა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მომდევნო სეზონიდან, მისი დამატება შოტლანდიურ "დამბარტონს" სურდა, თუმცა კრუიფი კვლავ აშშ-ში დარჩა, "ვაშინგტონ დიპლომატსს" შეუერთდა და კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად, 1 სეზონი ვაშინგტონშიც დაჰყო.

ეუსებიო

აშშ-ში ბურთი ლეგენდარულ ეუსებიოსაც აქვს გაგორებული. 1965 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, "ბენფიკას" გოლეადორი და 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი ამერიკული კლუბების სამიზნეში აღმოჩნდა. უკვე ასაკში მყოფმა და ტრავმებისკენ მიდრეკილმა პორტუგალიელმა, პელესგან, ბეკენბაუერისგან და კრუიფისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ ამერიკაში ნამდვილი ვოიაჟი მოიწყო.

შევეცდები, მოკლედ მოგიყვეთ: 1975-ში, ეუსებიო "ბოსტონ მინითმენს" შეუერთდა, თუმცა გუნდი ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდა გახვეული და პორტუგალიელი იმავე წელს მექსიკურ "მონტერეიში" გადაბარგდა. 1976 წლის იანვარში, კანადური "ტორონტო" მაისური მოირგო, ზაფხულში პორტუგალიის მე-2 ლიგაში, "ბეირა მარში" გადავიდა და 1 წელიწადში აშშ-ში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად "ლას ვეგას ქვიქსილვერსში" ითამაშა. ყველაფერი ამით არ სრულდება: ნახევარ წელიწადში, ეუსებიო კვლავ პორტუგალიაში დაბრუნდა, "უნიაო დე ტომარის" მაისურს მოირგო და 1 თვეში (!) ამერიკულ "ნიუ ჯერსი ამერიკანსში" გადავიდა, სადაც კარიერა მალევე დაასრულა.

ჯორჯ ბესტი

ჯორჯ ბესტი ის კაცია, რომელმაც თქვა: 1969 წელს, ქალებსა და ალკოჰოლზე უარი ვთქვი და ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი 20 წუთი იყოო. უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელსაც ალკოჰოლისა და ბოჰემის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო, სკანდალების რაოდენობას არც აშშ-ში უჩიოდა.

კრუიფი ამბობდა, რომ ის, რაც ბესტს აქვს, თვითნაბადია და ამას ვერ ისწავლი. 1963-1974 წლებში, "მანჩესტერ იუნაიტედში" უდიდესი სახელი მოიხვეჭა, რის შემდეგაც, ეუსებიოს მსგავსად, მოგზაურობა დაიწყო. ოღონდ უფრო მართებული იქნება, თუკი ამ პროცესს ბესტის დაღმასვლას ვუწოდებთ. ითამაშა სამხრეთ აფრიკაში, ირლანდიაში, აშშ-ში, შოტლანდიასა და ავსტრალიაში, მოიარა ყველა ღამის ბარი და გაინადგურა ჯანმრთელობა. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო დრიბლიორმა, 1981 წელს, შტატებში ყოფნისას, სასმლის შესაძენად ქალს ჩანთიდან ფული მოჰპარა, 1984-ში კი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და პოლიციელის შეურაცხყოფის გამო, 3 თვის განმავლობაში ციხეშიც იჯდა.

ბესტის ცხოვრება კინოს ჰგავს. ინდივიდუალიზმითა და ქარიზმით დაჯილდოებული, გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მისაბაძ მაგალითად ვერ იქცა. ასე დაიბარა: "არ მოკვდეთ ჩემსავით". ერთი სიტყვით, ბესტზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და ამ პატარა აბზაცებისთვის არც მემეტება.

გერდ მიულერით დავასრულოთ

აშშ-ში კიდევ არაერთ დიდ ფეხბურთელს უთამაშია, მაგალითად კარლოს ალბერტოს, თუმცა ეს სტატია პის (π) მსგავსად უსასრულო რომ არ გახდეს, ორიოდე სიტყვით ყველაზე დიდ გერმანელ თავდამსხმელსაც შევეხოთ.

გადაჭარბების გარეშე, მიულერი ერთ-ერთი ყველაზე ლეტალური თავდამსხმელია მსოფლიო ისტორიაში. "ბაიერნში" 400-მდე გოლის გატანის შემდეგ, კარიერის დასასრულს, სამი წლის განმავლობაში ამერიკულ "ფორტ ლოდერდეილ სტრაიკერში" ითამაშა და გუნდი ფინალშიც გაიყვანა, თუმცა "სტრაიკერსი" ბეკენბაუერის "კოსმოსთან" ანგარიშით 3:0 დამარცხდა.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა