ძელთ ღუნია
ძელთ ღუნია
ყველა უფრთხის - შემტევიც და დამცველიც. ფედერიკო ვალვერდეს ზუსტი ცაცია აქვს, მაგრამ მისი მარჯვენა ფეხი ლეტალურია. შორეულ დარტყმას არცერთი კუთხიდან ერიდება. თუკი მეკარეს გაუმართლებს, მისი ჰაუბიციდან ნასროლი ბურთი ძელს მოხვდება. არაერთხელ დაუღუნავს ძელები და მცირედი უიღბლობით, მის აქტივში არცთუ ისე ბევრი გოლია, თუმცა "ნაპოლისთან" შეხვედრაში, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.
ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში დაიბადა. "ლურჯო მონტევიდეო", როგორც გალაკტიონის ლექსშია. ბიჭი, რომლის ხმის იოგებიდან ამოსული ხმა, ერთ დროს, თანაკლასელებისთვის აბუჩად ასაგდები იყო, დღეს ყველა მეკარისა თუ მთავარი მწვრთნელისთვის რთულ თავსატეხს წარმოადგენს. როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა ისე, რომ ვალვერდეს შორიდან დარტყმის საშუალება არ მიეცეს?
Fede Valverde used to sound like Mickey Mousehttps://t.co/Zm8K85mNWF
— Troll Football (@TrollFootball) September 22, 2022
"რეალის" კაპიტნობაზე მეოცნებეს, გვერდით იდეალური მენტორები ჰყავს. კროოსისა და მოდრიჩის გვერდით მოთამაშე ვალვერდე დღითიდღე იხვეწება. გერმანელი მას სრულყოფილ ფეხბურთელს უწოდებს და იმასაც ამბობს, რომ ფორმაში მყოფი ვალვერდე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების 3-ეულში შედის.
მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ვალვერდეს სახით, "რეალს" მსოფლიო დონის ფეხბურთელი ეყოლება. მისთვის, არ არსებობს ლიმიტი, სრულყოფილი მოთამაშეა, მისი ფანი ვარ. - ტონი კროოსი
არის იდეალური box-to-box მოთამაშე, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის მიმდინარეობისას, მას დაცვაშიც ნახავთ, ცენტრშიც და მეტოქის საჯარიმოშიც. ძალიან სწრაფია (36.3 კმ/სთ), დაუღლელია, პოზიციური თამაში და ბალანსი მისი ძლიერი მხარეებია, ბურთს იშვიათად კარგავს, საჰაერო დუელებსაც იგებს და პასსაც არ აგვიანებს. თუმცა მისი მთავარი შტრიხი შორეული დარტყმებია.
სტივენ ჯერარდისა და დეიან სტანკოვიჩის კარიერის დასრულების შემდეგ, რთულია გაიხსენო ფეხბურთელი, რომელსაც შორეული გასროლები ვალვერდეს დონეზე გამოსდიოდა (ან გამოსდის). ერთ-ერთი იუთუბერის, VF-ის ვიდეოში კარგადაა ასახული, თუ რამდენად საშიშია მისი გასროლა მეტოქის კარის მიმართულებით.
ბევრჯერ არ გაუმართლა, როდესაც მისი აუღებელი დარტყმა ხარიხამ, ან ძელმა აისხლიტა. მესის, რობენის, კოუტინიოსა თუ ბექჰემის დახვეწილი მანერა მისი არაა. ურტყამს უფანტაზიოდ, ჩახვევის მცდელობის გარეშე, მაგრამ მას ეს არ სჭირდება - ძელთ ღუნიას სხვა სტილი აქვს. მისი მიზანია, 100%-ით გამოიყენოს მარჯვენა ფეხის სიმძლავრე და გააპოს კარი - ზუსტად ისე, როგორც ეს "ნაპოლისთან" შეხვედრაში გამოუვიდა.
იდეალური "ჰეი ჯუდ" ბელინგემის ფონზე, რთულია, "რეალის" ელიტურ ნახევარდაცვაში გამოირჩეოდე. კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ ვალვერდე არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. იმასაც ამბობს, რომ ურუგვაელსა და სტივენ ჯერარდს შორის ბევრი მსგავსებაა.
კარგია, როდესაც ასეთი დონის ფეხბურთელს გადარებენ. ფედერიკოს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ არამარტო ჯერარდის დონეზე, არამედ კიდევ უფრო დიდი ფეხბურთი ითამაშოს. - კარლო ანჩელოტი
მადრიდში საცხოვრებლად 2016 წელს, "პენიაროლიდან" გადავიდა. 2018-მდე, "კასტილიას" რიგებში ირიცხებოდა. "რეალის" სკაუტები 10 წლიდან აკვირდებოდნენ. თურმე, თავის დროზე, ვალვერდეს ნახევარმცველობა არ სურდა და მწვრთნელს 10-იანზე თამაშს სთხოვდა. ამბობენ, რომ ბევრი სირბილი ეზარებოდა - ის, რაც ახლა მისი ერთ-ერთი კოზირია.
2015–2016 წლების სეზონში, "პენიაროლის" აკადემიაში თამაშისას, თავის კუმირს, ჯაბულანის მომთვინიერებელს, დიეგო ფორლანს შეხვდა - ურუგვაელი ლეგენდა ძირითადი გუნდის წევრი იყო. როგორც ფედე ამბობს, ფორლანი მისთვის მისაბაძი მაგალითი იყო - ადამიანი, რომელიც უამრავ რჩევას აძლევდა და დაუღალავი შრომისკენ მოუწოდებდა.
მომდევნო წლების განმავლობაში, თანდათანობით, ძირითად შემადგენლობაში ფეხი მოიკიდა. როდესაც უეფა-ს სუპერ თასის ფინალში, "ატლეტიკოსთან" მატჩში, მეკარესთან პირისპირ გასულ მორატას ფეხდაფეხ მისდევდა, კაპიტნის, სერხიო რამოსის ხმა შემოესმა: "მოკალი"!
მითითება შეასრულა და წითელი ბარათიც მიიღო. "რეალმა" გოლი არ გაუშვა და, საბოლოოდ, სუპერ თასს დაეუფლა, ვალვერდე კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამის მიუხედავად, შექება დიეგო სიმეონესგან დაიმსახურა.
ეს მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. თამაში ჩვეულებრივად რომ გაგრძელებულიყო, გოლს გავიტანდით. ვალვერდემ გასაკეთებელი გააკეთა. - დიეგო სიმეონე
🎂22 July 1998
— Footy Dayz (@footydayz) July 22, 2023
Fede Valverde turns 25 today
Throwback to the Spanish Supercup on Jan 12 2020
🕓90' Real Madrid 0-0 Atletico Madrid
🟥115' Valverde red card for a goal stopping tackle
🏆FT' Real Madrid win 4-1 on penalties
Even Simeone approved pic.twitter.com/kMShagoNoq
ჩემი ოცნებაა, "რეალს" ვუკაპიტნო. მინდა, გუნდისთვის კარვახალის, მოდრიჩისა და კროოსის მსგავსი მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყო. მათგან მაქსიმალურად ბევრს ვსწავლობ. ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ურუგვაის ნაკრების კაპიტნობა იყო. მსურს, ამას რეალშიც მივაღწიო. - ფედერიკო ვალვერდე.