Belive
5 თვის წინ

ჰარი უტიტულო

ჰარი უტიტულო

ხარ 30 წლის ფეხბურთელი და უკვე რამდენს მიაღწიე. შენ ხარ ჰარი კეინი - ინგლისის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი, ბომბარდირი და ლიდერი.

ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლავურს 2017 წლიდან ატარებ. უფრო დიდი ხანია, რაც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ხარ: ნაკრებში უკვე 98-ჯერ ითამაშე, გოლის გატანა 66-ჯერ იზეიმე და 19 საგოლე გადაცემა გააკეთე.

ამასობაში, ნაკრების ყველა დროის ბომბარდირის წოდებაც მიიღე. გადაასწარი რუნის, სერ ბობი ჩარლტონს, ლინიკერს... ამასთან ერთად, ხარ მსოფლიო ჩემპიონატის (2018), ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატის (2024), პრემიერ ლიგისა (3-გზის) და ბუნდესლიგის ბომბარდირი.

შენი სატრანსფერო ფასი €100 მილიონს შეადგენს. იყო დრო, როდესაც €150 მილიონად გაფასებდნენ, მაგრამ მაშინ "ტოტენჰემთან" ერთად დიადი მიზნებისთვის იბრძოდი. შენზე ამბობენ, რომ ლონდონში დიდხანს შემორჩი, თუმცა, მეორე მხრივ, ცოტა დაგაკლდა და ალან შირერის ხელუხლებელ რეკორდსაც გადაწერდი: შეგეძლო, პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყავი, მაგრამ იყო რაღაც, რასაც უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭე.

შენ ხომ გუნდური ტიტული ჯერაც არ მოგიგია

ჩათვალე, რომ "ტოტენჰემს" ყველაფერი მიუძღვენი, თუმცა შენს კარიერას ტიტული აკლდა. 2019-ში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდი, 2021-ში კი, ინგლისის ლიგის თასის ფინალის წინ, შენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს (რასაც მოურინიო "ტოტენჰემის" ხელმძღვანელობას დღემდე ვერ პატიობს) - ასეთ ქაოსში, "სიტისთან" არაფერი გამოვიდა.

ამიტომაც, პირველი გუნდური ტიტულის მოსაპოვებლად გადახვედი იქ, სადაც ჩემპიონატს სულ ერთი კლუბი იგებს. ყოველ შემთვევაში, თასის აღმართვით გამოწვეული სიხარული გარანტირებული იმიტომ გეგონა, რომ შენს მისვლამდე, "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში ზედიზედ 11-ჯერ მოექცა.

თუმცა მოვლენები დაუგეგმავად, "ვინ იფიქრებდა" მოდელით წარიმართა. "ბაიერნის" მაისურით პირველი ტიტულის მოგება მალევე შეგეძლო, მაგრამ გერმანიის სუპერთასის მატჩში, "ლაიპციგმა" ანგარიშით 0:3 გაგანადგურა. სადებიუტო სეზონში "ბაიერნის" მაისურით 44 გოლი გაიტანე და ბუნდესლიგის ბომბარდირი (36 გოლი) გახდი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: საოცრებები ჩაიდინა ხაბი ალონსოს "ლევერკუზენმა" და ტიტულს სწორედ ის დაეუფლა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ გზა "რეალმა" გადაგიკეტა, გერმანიის თასიდან კი ყველასთვის უცნობმა "ზაარბრიუკენმა" გამოგაგდო.

ევრო 2024-ის სტარტზე ასეთი რამ თქვი: ოღონდ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისმა გაიმარჯვოს და ყველა ინდივიდუალურ მიღწევას შეველევიო. ღირსეული და თან, სევდიანი განცხადება იყო.

ინგლისის ნაკრებთან ერთად, დიდ ტურნირზე პირველად 2016-ში ითამაშე, მაგრამ მერვედფინალში ისლანდიასთან დამარცხდი. 2018-ის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავე, ევრო 2020-ის ფინალი იტალიასთან დათმე, 2022-ის მსოფლიო ჩემპიონატზე კი, საფრანგეთმა მეოთხედფინალიდან გაგისტუმრა სახლში.

ევრო 2024-მაც ჩაიარა. ზედიზედ 2 წაგებული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე. 2 ფინალში, საჯარიმოში, ბურთი მხოლოდ ერთხელ მიიღე. ამას ვერავინ იფიქრებდა, მათ შორის, შენც.

პარადოქსულია, იყო უტიტულო მეფე, მაგრამ ასეთი ხარ. 2019-ის ზაფხულში, "აუდის" თასზე "ტოტენჰემთან" ერთად გამარჯვება მხოლოდ ღიმილისმომგვრელია.

ენდრიკი ჯერ 17 წლისაა და უკვე 4 ტიტულს დაეუფლა.

იქნებ წელს მაინც გამოვიდეს რამე "ბაიერნში".

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა