Belive
1 თვის წინ

რატომ როდრი და არა ვინისიუსი?

რატომ როდრი და არა ვინისიუსი?

ყველაფერი ჯუდ ბელინგემის "რეალში" შესანიშნავი ადაპტაციით დაიწყო. გატანილი გოლები, ლიდერის თვისების გამოჩენა, გამორჩეული ქარიზმა და საყოველთაო შეთანხმება, რომ ინგლისელი ნახევარმცველი ზიდანის 5 ნომრის ღირსეული მემკვიდრე გახდა. შემდეგ იყო პაუზა: ტრავმა, ნაკლები შედეგიანობა, კვლავ სიმაღლეზე დგომა, თუმცა საფეხბურთო სამყაროში გახშირებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროს ბურთის მთავარი ნომინანტი ჯუდი აღარ იქნებოდა. გაჩნდა ინტრიგა: მფრინავი ვინისიუსი თუ მოედნის ცენტრის მაკონტროლებელი როდრი? ამ თემასთან დაკავშირებით, კამათს ხშირად მოისმენდით, თუმცა ფავორიტად მაინც ბრაზილიელი ითვლებოდა. ამას ადასტურებდნენ ბუქმეიქერებიც, რომლებიც ბრაზილიელის გამარჯვებას ძალიან მცირე კოეფიციენტს აძლევდნენ.

უეფა-ს თანახმად, Ballon d'Or-ის ვინაობას ფიფა-ს საუკეთესო 100 ქვეყნის 100 ჟურნალისტი ავლენს - თითოეულ ქვეყანას 1 წარმომადგენელი ჰყავს. მანამდე, France Football-ისა და L'Equipe-ის სარედაქციო ჯგუფი გასული სეზონის 30 საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს, საიდანაც ჟურნალისტებმა ტოპ 10 მოთამაშე უნდა დაასახელონ, რის შედეგადაც, ფეხბურთელებს კოეფიციენტები მიენიჭებათ.

ადგილი

მინიჭებული ქულა

1

15

2

12

3

10

4

8

5

7

6

5

7

4

8

3

9

2

10

1

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ქულით გადაუსწრო როდრიმ ვინისიუსს. ბოლო წლებში გვახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირველ და მეორეადგილოსან ფეხბურთელებს შორის ძალიან მცირე სხვაობა იყო. მაგალითად:

  • 2021-ში, მესიმ 613 ქულა დააგროვა, რობერტ ლევანდოვსკიმ კი - 580;

  • 2019-ში, მესიმ 686 ქულა დააგროვა, ვან დაიკმა კი - 679.

რას ეყრდნობა ჟურნალისტი ხმის მიცემისას?

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ხმის მიცემისას ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად გადამწყვეტი როლი ითამაშა ფეხბურთელმა დიდ მატჩებში და გამოიჩინა თუ არა ლიდერის თვისებები. ამას ემატება მისი გუნდის შედეგები და მიღწევები. ბოლო კრიტერიუმი კი Fair Play-ის დაცვა. საქართველოს მხრიდან, საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პროცესში ქართველი ჟურნალისტი, ზურაბ ფოცხვერიაა ჩართული.

იმსახურებდა თუ არა როდრი ოქროს ბურთს?

საკამათო საკითხია და აზრი კვლავ ორ ნაწილად არის გაყოფილი. უდავო ფაქტია, რომ 2023/24 წლების სეზონში, როდრი "სიტის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. პეპის შეგირდებმა პრემიერ ლიგა ზედიზედ მეოთხედ მოიგეს. როდრიმ 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, თუმცა ამ რიცხვებზე მეტად მნიშვნელოვანი მისი სხვა კონტრიბუცია გახლდათ: საიმედოობა, მოედნის ცენტრზე დომინაცია, ართმევებისა და მისი გუნდური თუ ინდივიდუალური სწორი გადაწყვეტილებების სიმრავლე, რის შედეგადაც, გვარდიოლას გუნდმა მორიგ ტრიუმფს მიაღწია. PL-ში როდრიმ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც "სიტიმ" 27 გამარჯვებას და 7 ფრეს მოუყარა თავი. როდრიმ ესპანეთის ნაკრების წარმატებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა და ევრო 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სიტი როდრისთან ერთად PL-ში

სიტი როდრის გარეშე PL-ში

34 მატჩი

4 მატჩი

გატანილი 2.6 გოლი

გატანილი 1.5 გოლი

გაშვებული 0.9 გოლი

გაშვებული 1.3 გოლი

მოპოვებული 2.6 ქულა

მოპოვებული 0.9 ქულა

რაც შეეხება ვინისიუსს: ბრაზილიელმა "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო, შეასრულა ჰეთ-თრიქი "ბარსელონას" წინააღმდეგ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, გაიტანა გამარჯვების გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ა.შ. მეორე მხრივ, ვინი ნაკლებად შთამბეჭდავი იყო ბრაზილიის ნაკრებში კოპა ამერიკაზე, რასაც მისი ნეგატიური იმიჯიც დაემატა - ხშირი დაპირისპირება მოედანზე, მეტოქეების შეურაცხყოფა და სხვ.

სოციალურ ქსელში ხშირად გვხვდება სიტყვა Robbery (ყაჩაღობა) - ბევრი გულშემატკივარი თვლის, რომ როდრი საუკეთესო დაუმსახურებლად გახდა და რომ ოქროს ბურთის მასზე მიკუთვნება მორიგი Robbery-ის აქტი გახლდათ. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვინისიუსს იმდენად დომინანტური სეზონი (24 გოლი, 11 საგოლე გადაცემა) არ ჰქონია, როგორიც, მაგალითად 2012/13 წლებში ფრანკ რიბერის, ანდრეს ინიესტას 2009/10-ში, ტიერი ანრის 2002/2003-ში და რობერტ ლევანდოვსკის 2020/21 წლებში (ყველა მათგანი ოქროს ბურთის გარეშე დარჩა).

რეალის პროტესტი

The Athletic-ის თანახმად, პარიზში მადრიდიდან 50-კაციანი დელეგაცია მიემგზავრებოდა - ფლორენტინო პერესი, ემილიო ბუტრაგენიო, სტაფის წევრები და მოთამაშეები. თუმცა მას შემდეგ, რაც მადრიდელებმა არასასურველი ინფორმაცია შეიტყვეს, ფრენაც გაუქმდა. ასევე, ცერემონიალის გაშუქებასა და 5-საათიან უწყვეტ ეთერს გეგმავდა Real Madrid TV, თუმცა ეთერი არ შედგა.

გუგა როგავა
გუგა როგავა

ესეც საინტერესოა